დიმიტრი როჟდესტვენსკი

დიმიტრი როჟდესტვენსკი (რუს. Дми́трий Серге́евич Рожде́ственский; დ. 7 აპრილი, 1876, პეტერბურგი — გ. 25 ივნისი, 1940, ლენინგრადი) — რუსი საბჭოთა ფიზიკოსი. სახელმწიფო ოპტიკური ინსტიტუტის დამაარსებელი და მისი პირველი დირექტორი (1918-1932 წწ.). საბჭოთა კავშირში ოპტიკური მრეწველობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1929 წელი)

დიმიტრი როჟდესტვენსკი
დაბ. თარიღი 26 მარტი (7 აპრილი), 1876 ან 1876
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
გარდ. თარიღი 25 ივნისი, 1940(1940-06-25)[1] ან 1940
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
დასაფლავებულია ლიტერატორსკიე-მოსტკი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი და სახელმწიფო ოპტიკური ინსტიტუტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ალექსანდრე ტერენინი, ალექსანდრე ლებედევი, ივანე ობრეიმოვი და სერგეი ფრიში
მეუღლე Olga Dobiash-Rozhdestvenskaya

ბიოგრაფია რედაქტირება

დიმიტრი სერგის ძე როჟდესტვენსკი დაიბადა 1876 წლის 7 აპრილს პეტერბურგში, პედაგოგის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო პეტერბურგის მეექვსე კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც 1894 წელს ვერცხლის მედალზე დაამთავრა. იმავე წელს იგი შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო-მათემატიკურ განყოფილებაზე. უნივერსიტეტში დიმიტრი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა სტუდენტთა საგაფიცვო მოძრაობებში. 1900 წელს მან პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა უნივერსიტეტის მათემატიკური განყოფილება, რის შემდეგ დატოვეს საპროფესორო წვრთნის გასავლელად. მეცნიერული მოღვაწეობა მან ჯერ კიდევ სტუდენტობაში დაიწყო პროფესორ ნ. ეგოროვის ხელმძღვანელობით.

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე როჟდესტვენსკი სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი - გერმანიაში. 1903 წელს იგი დაბრუნდა რუსეთში და დაიწყო მუშაობა პეტერბურგის უნივერსიტეტში ლაბორანტის თანამდებობაზე. 1912 წელს დიმიტრი როჟდესტვენსკიმ დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია თემაზე „სინათლის ანომალური დისპერსიის გამოკვლევა ნატრიუმის ორთქლში“. ამ შრომისათვის იგი დააჯილდოვეს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი მენდელეევის მედლით. იმავე წელს მას მიენიჭა პრივატ-დოცენტის წოდება. 1915 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „მარტივი თანაფარდობანი ტუტე-ლითონის სპექტრებში“ და აირჩიეს ფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგედ, ხოლო 1916 წელს - პეტროგარდის უნივერსიტეტის პროფესორად.

დიმიტრი როჟდესტვენსკის მოღვაწეობა რედაქტირება

1918 წელს დაარსდა სახელმწიფო ოპტიკური ინსტიტუტი, როჟდესტვენსკი 1932 წლამდე ამ ინსტიტუტის დირექტორი და აქტიური ხელმძღვანელია. 1925 წელს როჟდესტვენსკი აირჩიეს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1929 წელს - აკადემიკოსად. მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა სპექტროსკოპული ლაბორატორია, რომელსაც სიცოცხლის უკანასკნელ წლამდე ხელმძღვანელობდა. ბრწყინვალე ორგანიზატორმა თავის გარშემო მრავალი, შემდგომში ცნობილი ფიზიკოსი და ინჯინერი შემოიკრიბა და შეძლო აღეზარდა ნიჭიერ მოწაფეთა პლეადა. მან შექმნა ლენინგრადელ ოპტიკოსთა თვალსაჩინო სკოლა.

1919 წელს მისი ინიციატივით ლენინგრადის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტს გამოეყო ფიზიკის განყოფილება. როჟდესტვენსკიმ ძირფესვიანად შეცვალა ფიზიკის სწავლების მეთოდიკა, მისი ხელმძღვანელობით დამუშავდა მათემატიკის სპეციალური კურსი, თვითონ კითხულობდა ლექციების კურსს ოპტიკაში, ელექტრობაში, სინათლის ელექტრომაგნიტურ თეორიაში და ატარებდა სემინარებს. როჟდესტვენსკის მეცნიერული შრომები ეხება ტეორიული ფიზიკის მრავალ დარგს. მისი შრომების მნიშვნელოვანი ნაწილი კი შეეხება ანომალური დისპერსიის გამოკვლევას ლითონთა ორთქლებში.

თავისი სიცოცხლის განმავლობაში დიმიტრი როჟდესტვენსკი უმთავრესად ანომალური დისპერსიის საკითხებზე მუშაობდა; ამით დაიწყო მან ჯერ კიდევ ახალგაზრდამ და უკანასკნელი შრომაც, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა, ანომალურ დისპერსიას ეხებოდა. 1948-1950 წლებში აირის მუხტის კომპლექსური გამოკვლევა ჩატარდა ლენინგრადის ოპტიკურ ლაბორატორიაში. როჟდესტვენსკის მეთოდის გამოყენებამ იმედები გაამართლა. როჟდესტვენსკის დიდი ღვაწლი მიუძღვის სპექტრის თეორიაშიც. 1919 წელს აღინიშნა სახელმწიფო ოპტიკური ინსტიტუტის წლისთავი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 376-380

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Рождественский Дмитрий Сергеевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.