დიმიტრი იოსების ძე გულია (აფხ. Дырмит Иосиф (Урыс)-иԥа Гәлиа; დ. 9 (21) თებერვალი1874, ვარჩა, ახლანდელი გულრიფშის მუნიციპალიტეტი — გ. 7 აპრილი, 1960, აგუძერა, გულრიფშის რაიონი) — აფხაზი მწერალი. აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი, აფხაზეთის სახალხო პოეტი (1937). სსრკ IV-V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ეთნგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

დიმიტრი გულია
აფხ. Дырмит Иосиф-иԥа Гәлиа
დაბადების თარიღი 21 თებერვალი, 1874(1874-02-21)[1]
დაბადების ადგილი ვარჩა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 7 აპრილი, 1960(1960-04-07)[2] [1] (86 წლის)
გარდაცვალების ადგილი აგუძერა, საქართველოს სსრ[3]
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
ჯილდოები ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, შრომის წითელი დროშის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი
შვილ(ებ)ი გიორგი გულია

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. დაბადებისას უწოდეს სახელი გაჩ, მაგრამ მალევე მოინათლა და დაარქვეს დიმიტრი. 5 წლის ასაკში ოჯახთან ერთად ისევე როგორც მრავალი სხვა აფხაზი გადასახლებულ იქნა ოსმალეთის იმპერიაში, თუმცა მისმა ოჯახმა შესძლო უკან დაბრუნება.

 
გულია, მაჭავარიანი, კირილური აფხაზური ანბანი, 1892 წ.

1889 წელს დაამთავრა სოხუმის ორკლასიანი საქალაქო სკოლა, შემდეგ შევიდა ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარიაში, რომელიც ვერ დაამთავრა ავადმყოფობის გამო. შემდეგ მან ჩააბარა გამოცდა საშუალო სკოლებში აფხაზური ენის მასწავლებლის თანამდებობაზე. 1892 წელს დეკანოზ დავით მაჭავარიანის შვილთან კონსტანტინესთან (მთიელთა სკოლის ზედამხედველთან) ერთად რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი, მის ლექსთა პირველ კრებულებში (1912–1913) წარმოსახულია აფხაზი ხალხის სწრაფვა თავისუფალი ცხოვრებისაკენ, სიძულვილი მჩაგვრელებისადმი, პოეტის ოცნება უკეთეს მერმისზე. სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში. ერთხანს მასწავლებლობდა.

1912 წელს გულია მუშაობდა ნიკო მართან. 1919–1920 წლებში გულია პირველი აფხაზური გაზეთის „აფსნის“ რედაქტორი იყო. 1921 წელს აფხაზეთში მან ირველმა ჩამოაყალიბა მოძრავი აგიტჯგუფი, რომელიც შემდეგ საფუძვლად დაედო აფხაზურ თეატრს. 1922-1924 წლებში ასწავლიდა აფხაზურ ენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აფხაზურად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ლექსები.

1924 წელს დ. გულია იყო აფხაზეთის სამეცნიერო სზოგადოებისა და საბჭოს წევრი, 1925 წლიდან — ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოების წევრი.

1925 წელს გამოსცა „აფხაზეთის ისტორია“, რუსულ ენაზე. გვერდი ავლილია ქართული და უცხოური ისტორიული რეალობისთვის, წიგნი შექმნილია არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სჭარბობს ეთნიკურად აფხაზური კადრების საბჭოთა ხელისუფლებაში მოსვლით შეგულიანებული კაცის შეხედულებები და ჰიპოთეზები. აყალბებს არსებულ რეალობას, აფხაზეთის ისტორიას მიჯნავს ქართულისაგან. XX საუკუნის 20-იანი წლები შესანიშნავი პერიოდი იყო მზაკვრული გეგმების განსახორციელებლად. აფხაზეთი იმ პერიოდში არ იყო შესწავლილი არც არქეოლოგიურად, არც ეთნოგრაფიულად, არ არსებობდა ლინგვისტური და ფოლკლორული მასალა. გულია აფხაზეთის ისტორიას ძველ აღმოსავლეთს უკავშირებს.

1927 წელს იგი არჩეულ იქნა აფხაზური ენისა და ლიტერატურის აკადემიის თავმჯდომარედ. 1929 წლის 8 აპრილს საქართველოს ცაკმა გულიას მიაკუთვნა შრომის გმირის წოდება დადააჯილდოვა ორდენით. 1927-1930 წლებში დ. გულია პროფესორ ნ. იაკოვლევთან ერთად ადგენდა აფხაზურ გრამატიკას. 1933 წლიდან დ. გულია მუშაობდა აკადემიკოს ნიკო მარის სახელობის აფხაზური კულტურის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად.

1938 წლის 12 ივნისს დიმიტრი გულია კენჭს იყრიდა ოჩამჩირის რაიონის კვიტაულის №71 საარჩევნო ოლქში აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, რომლის შედეგადაც ის არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, 12 ივლისს კი იმავე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრად.

1946 წლის 9 თებერვალს კენჭს იყრიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში დეპუტატად კვიტაულის №72 საარჩევნო ოლქიდან, რომელზეც ხმების უმრავლესობით გახდა აფხაზეთის ასსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი[4].

1951 წელს, მას შემდეგ რაც იოსებ სტალინის მიერ კრიტიკული შეფასებები გაკეთდა 1920-იანი წლების სხვადასხვა ეთნიკური კვლევების მისამართით, დიმიტრი გულიამ გამოსცა ბროშურა სათაურით „ჩემი წიგნის – „აფხაზეთის ისტორიის“ – თაობაზე“, რომელშიც განმარტავს, რომ 1925 წელს მან რიგი ისტორიული ფაქტები „ვერ გაითვალისწინა“, რის გამოც წიგნი არასრული გამოვიდა და მან სხვა მკვლევარებიც შეაცდინა. ამავე წიგნში გულია ხაზს უსვამს აფხაზების და ქართველების ეთნიკურ ერთობას და ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, აფხაზების როლს არ განარჩევს საქართველოს სხვა კუთხეების წარმომადგენლებისგან. მაშინაც და დღესაც მეცნიერთა ნაწილს ეჭვი შეაქვს, რომ გულია გულწრფელი იყო ამ წიგნის წერისას და მიიჩნევენ, რომ ის მაშინდელი საბჭოთა კავშირის ქართველი მმართველების, სტალინის და ბერიას შიშით და გავლენით იყო დაწერილი, თუმცა ოფიციალურად გულიას თავისი მოსაზრება მათი სიკვდილის და ხრუშჩოვის ეპოქის დამყარების შემდეგაც არ შეუცვლია.[5]

დიმიტრი გულია გარდაიცვალა 1960 წლის 7 აპრილს აგუძერაში, გულრიფშის რაიონში. დასაფლავებულია სოხუმში, მისი სახლ-მუზეუმის ეზოში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №115 (213), 22 მაისი, 1938
  • გუბლია გ., დიმიტრი გულია. შემოქმედებითი გზა, თბ., 1974.
  • Бгажба Х. С., Зелинский К. Л. Дмитрий Гулиа. — Сух., 1965.
  • Гулиа Г. Д. Дмитрий Гулиа. Повесть о моем отце. — 2 изд. — М., 1965.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება