დიეგოს თმის სალონი

დიეგოს თმის სალონი (ინგლ. Diego's Hair Salon), მცირე საპარიკმახერო სალონი ვაშინგტონის დიუპონ-სირკლის უბანში, დაარსებული 1960-იან წლებში იტალიელი-ამერიკელი დიეგო დ'ამბროზიოს მიერ. სალონი მცირე ხანში უბნის გამოჩენილ ადამიანთა თავშეყრის ადგილი გახდა, ვინაიდან მას ხშირად სტუმრობდნენ პოლიტიკოსები, რელიგიური ლიდერები, დიპლომატები და უზენაესი სასამართლოს იურისტები. ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრებაში შეტანილი წვლილის აღსანიშნავად დ'ამბროზიოს სახელი ჰქვია ამ უბნის ერთ-ერთ ქუჩას.

დიეგოს თმის სალონი

ისტორია რედაქტირება

1961 წელს იტალიიდან აშშ-ში ემიგრირებიდან ორ წელიწადში დ'ამბროზიომ თმის სალონში დაიწყო მუშაობა. 1965 წელს მან უკვე საკუთარი "დეგოს თმის სალონი" გახსნა. 1980 წლისთვის მან სალონი მის ამჟამინდელ ადგილას Q სტრიტის 1901-ში გადაიტანა დიუპონ-სირკლზე. მამაკაცის თმის შეჭრის ფასი დ'ამბროზიომ გადასვლისთანავე $20-ზე დააწესა და იგივე ფასი აქვს დღესაც. ინდიპენდენსის მესვეტე რუპერტ კორნუელი დიეგოს სალონს ამგვარად აღწერდა: "მოკრძალებული და თავაზიანი დაწესებულება... ფოტოები მის კედლებზე აღწერს ვაშინგტონს: არცთუ თვალწარმტაცს, მაგრამ ლამაზს, რომელშიც ძალაუფლება სჭვივის, თუმცა უჩვეულოდ შინაურულია, ისტორიით ყოველ კუთხეში და დიდ ადამიანთა აჩრდილით ყოველ კედელზე".

2009 წელს დ'ამბროზიოს იტალიის საელჩოში იტალიური სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენი მიანიჭეს, მის მიერ იტალიური წარმომავლობის პოპულარიზაციაში გაწეული ღვაწლისთვის. 2010 წლის 23 აპრილს ვაშინგტონის მერმა ადრიან ფენტიმ სხვა ადგილობრივ მმართველებთან ერთად Q სტრიტის 1900 ბლოკს დ'ამბროზიოს გზა დაარქვა (ქუჩის ალტერნატიული სახელი).

კლიენტები რედაქტირება

დიეგოს კლიენტთა შორის იყვნენ უზენაესი მოსამართლეები უორენ ბურგერი და უილიამ რენქისტი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენჯამინ ნეთანიაჰუ, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯონ მეიჯორი, ვაშინგტონის არქიეპისკოპოსი დონალდ ვიუერლი, იტალიის ყოფილი ელჩი ჯიოვანი კატელანეტა, მერი ადრიან ფენტი და ვაშინგტონის ქალაქის საბჭოს წევრები. თვით ამბროზიოს თქმით ის 135 ქვეყნის 75 ელჩს, 17 პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს და სხვა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს მომსახურებია.