დედაპლატა ასევე დედადაფა, მთავარი დაფა ან სისტემური დაფა (ინგლ. Motherboard, Mainboard, System Board) — კომპიუტერის მთავარი სისტემური პლატა. მის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს მასზე განლაგებული ძირითადი და პერიფერიული მოწყობილობების ერთმანეთთან დაკავშირება.

Acer-ის პერსონალური კომპიუტერის დედაპლატა. მასზე ნაჩვენებია დედაპლატაზე განთავსებული ძირითადი კომპონენტები. ეს მოდელი შეიქმნა Foxconn-ის მიერ, 2007 წელს, AMD-ს Athlon 64 პროცესორთან სამუშაოდ და არის ATX აგებულების ("ფორმ-ფაქტორი").

აგებულება რედაქტირება

თანამედროვე დედაპლატებზე განლაგებულია:

  • სოკეტები (ან სლოტები), რაშიც მოთავსებულია პროცესორი
  • მეხსიერების მოდულის სლოტები
  • ჩიპსეტი, რომელიც აკავშირებს ცენტრალურ პროცესორის , მთავარ მეხსიერების და პერიფერიული მოწყობილობების სალტეებს
  • მუდმივი მეხსიერების მოდულები (თანამედროვე დედაპლატებში ძირითადად Flash ROM), რომელიც შეიცავს ჩაშენებულ სისტემურ პროგრამულ უზრუნველყოფას ან BIOS-ს
  • ტაქტური იმპულსების გენერატორი. რომელიც გამოიმუშავებს ელექტრულ იმპულსებს თანაბარი შუალედებით და უზრუნველყოფს პლატების სინქრონიზებულ მუშაობას
  • გაფართოების დაფების სლოტები
  • კვების კონექტორები
  • მყარი დისკების კონექტორები

ფორმ-ფაქტორი რედაქტირება

 
დედაპლატის სხვადასხვა "ფორმ-ფაქტორები"

დედაპლატის დიზაინები განსხვავებული ზომისა და ფორმისაა, რასაც კომპიუტერის " ფორმ-ფაქტორს" ეძახიან. ის ინდივიდუალურია და ძირითადად დამოკიდებულია მწარმოებელზე.
არსებობს დედაპლატის ფორმ-ფაქტორების მრავალი ტიპი. მაგ.: AT, ATX, BTX, NLX, LPX, XTX, microATX, Mini-ATX, MicroBTX, Mini-ITX, Nano-ITX, Pico-ITX და ა.შ.

კომპონენტები რედაქტირება

ჩიპსეტები რედაქტირება

 
ჩრდილოეთ და სამხრეთ ჩიპსეტები

ჩიპსეტი არის მიკროსქემათა ნაკრები, რომელიც არეგულირებს პროცესორს, მეხსიერების მოდულებს, გაფართოების სლოტებსა და პერიფერიებს შორის ინფორმაციის მიმოსვლას. ჩიპსეტი თავისი ფუნქციური დატვირთვით ორი ტიპის გვაქვს: ჩრდილოეთის ჩიპსეტი(Northbridge) და სამხრეთის ჩიპსეტი(Southbridge). ჩრდილოეთის ჩიპსეტი წარმოადგენს მიკროსჩიპების მთავარ ერთობლიობას. ის წინა-მხრის სალტეთი უკავშირდება პროცესორის და უზრუნველყოფს მის დაკავშირებას მეხსიერებისა და ინტეგრირებული ვიდეოდაფის მოდულებთან. ის ასევე უკავშირდება სამხრეთ ჩიპსეტს. სამხრეთ ჩიპსეტი აკავშირებს ყველა დანარჩენ პერიფერულ მოწყობილობას. მისი უშუალო კონტროლის ძირითადი ობიექტებია: შეტანა/გამოტანის პორტები, გაფართოების სლოტები, BIOS და CMOS ბატარეა.

სოკეტი რედაქტირება

სოკეტი ან სლოტი (მოძვ.) არის ბუდე, რომელშიც თავსდება კომპიუტერის ცენტრალური პროცესორი.