დაი — ეთნოსი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ აღიარებული ჩინეთის ტერიტორიაზე მცხოვრები 56 ეთნიკური ჯგუფიდან ერთ-ერთი. მიეკუთვნებიან ტაი-კადაის ენობრივ ოჯახს. ძირითადად კონცენტრირებულნი არიან იუნანის პროვინციის სამხრეთში, სიშუანბანასა და დეჰონის ავტონომიურ პრეფექტურებში. 2005 წლის მონაცემებით დაელების რაოდენობა ჩინეთში 1,158,989 მოსახლეს შეადგენდა.[1]

კლასიფიკაცია რედაქტირება

დაის ჩინური სახელი იყო პაი-ი (ბაი-ი). ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ტერმინი დაი გამოიყენება ჩინეთის ტერიტორიაზე არსებული ერთი, ან რამდენიმე გაერთიანებული ეთნიკური ჯგუფის აღსანიშნად. ლაოსში, ვიეტნამში, მიანმასა და ტაილანდში იგივე ტერმინი შეიძლება ეხებოდეს ისეთ ჯგუფებს, როგორებიცაა ტაი-ლუ ენაზე მოლაპარაკენი, შანები და ტაი ენებზე მოლაპარაკე სხვა ხალხები.

მოსახლეობა რედაქტირება

განსახლების არეალი რედაქტირება

თავმოყრილნი არიან ძირითადად იუნანის უკიდურეს სამხრეთ, სიშუანგბანასა დაის და დეჰონის დაის პრეფექტურებში, მიანმასა და ლაოსის საზღვრებთან. ჩინეთის ადმინისტრაციული მოწყობა ასეთია: პრეფექტურა ავტონომიური შეიძლება იყოს მაშინ, თუ მის მოსახლეობაში დიდი რაოდენობითაა ეთნიკური უმცირესობა წარმოდგენილი, ან თუ ეს ტერიტორია ისტორიული სამშობლოა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არსებული რომელიმე არადომინანტი ეთნოსის. ამ შემთხვევაში პრეფექტურის სახელს წარმოდგენილი უმცირესობის სახელი ემატება. ეს არეალი, ისევე როგორც იუნანის პროვინციის დიდი ნაწილი, ტროპიკულ სარტყელს ესაზღვრება და ძლიერ ნოტიოა. იუნანის ბუნება, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მრავლად იზიდავს ტურისტებს.

ისტორია რედაქტირება

დაისა და ჩინელების (ჰანი) ეთნოსებს შორის ურთიერთობათა ისტორია ძვ. წ. 105 წელს იწყება, როდესაც ჩინეთის იმპერატორმა ვუ დიმ ჰანის დინასტიიდან დააარსა იჯუოს პრეფექტურა სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, იმ ადგილას სადაც თანამედროვე იუნანი, სიჩუანი და გუიჯოუ მდებარეობს. დაელები ხარკს უხდიდნენ ჩინეთის იმპერატორს.

ჩინური წყაროების მიხედვით, მათ IX საუკუნისათვის კარგად განვითარებული ჰქონდათ სოფლის მეურნეობა, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მეტალებს, მათ შორის ოქროსა და ვერცხლს.

XII საუკუნეში ბელადმა ბაჯენმა გააერთიანა ყველა ადგილობრივი ტომი და დააარსა სამეფო, რომლის დედაქალაქი იყო ჯინჰონგი.

ჩინეთის იმპერიის გავლენა და კონტროლი იუნანზე მინისა და ცინის დინასტიების დროს გაიზარდა.

კულტურა რედაქტირება

ენა რედაქტირება

დაის სალაპარაკო ენები სამხრეთ-დასავლეთ ტაი ენებს მიეკუთვნება. ესენია: ტაი ლუ, ტაი ნუა, ტაი დამი, ტაი ია და ტაი ჰონჯინი. ჩინელი მეცნიერები ტაი-კადაურ ენებს სინო-ტიბეტურ ენათა ოჯახში, კერძოდ კამ-ტაის, ან ჩინურად - ჯუან-დონის ენებში აერთიანებენ, თუმცა, მრავალი თანამედროვე დასავლელი მეცნიერი არ აღიარებს ამგვარ კლასიფიკაციას და ამტკიცებს ტაი-კადაური ენების ავსტრონეზიურ ოჯახთან კავშირს.

დამწერლობა რედაქტირება

1949 წლამდე დაის ხალხი დამწერლობის ხუთ სხვადასხვა ვარიანტს იყენებდა. 1949 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ დაისთვის გამარტივებული საერთო დამწერლობა შექმნა. გამოიყენება როგორც ძველი, ისე ახალი დამწერლობა. სიშუანბანას პრეფექტურაში მცხოვრებნი ჩრდილო შანურ დამწერლობას იყენებენ, ხოლო დეჰონის პრეფექტურაში - სამხრეთ შანურს.

რელიგია რედაქტირება

დაელების უმეტესობა თერავადა ბუდიზმს მისდევს. დაის განსახლების არეალში ბუდიზმს ათასწლოვანი ისტორია აქვს. ასევე გვხვდებიან ქრისტიანებიც. სიშუანბანას რეგიონში ქრისტიანობა პირველად 1920 წელს იქადაგეს ამერიკელმა მისიონერებმა, თუმცა, მაო ძედუნისა და კულტურული რევოლუციის დროს მრავალი რელიგიური ნაგებობა, მათ შორის ეკლესიებიც განადგურდა, რომელთა აღდგენა მოგვიანებით, 80-იანებიდან დაიწყო.

დაის ეთნოსისათვის საკმაოდ ხშირი ტრადიციაა ბიჭების სასწავლებლად გაგზავნა ბუდისტურ ტაძრებში, რომლითაც ეს რეგიონი მდიდარია. უმეტესობა უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას, თუმცა, ზოგიერთი ბერულ ცხოვრებას აგრძელებს.

ცხოვრების წესი რედაქტირება

ცხოვრობენ მეტწილად მდინარეთა ხეობებში (მეკონგი და მისი შენაკადები). ტრადიციულად, სახლებს ბამბუკისაგან აგებენ. მისდევენ როგორც მემცენარეობას, ისე მეცხოველეობას. გავრცელებული კულტურაა ბრინჯი, ასევე თამბაქო, ჩაი, შაქრის ლერწამი.

წყლის შხეფების ფესტივალი რედაქტირება

წყლის შხეფების ფესტივალი დაის ხალხის ყველაზე ცნობილი ტრადიციული დღესასწაულია. ფესტივალი დაის კალენდრის მიხედვით ახალი წელია, რომელიც გრიგორიანული კალენდრის მიხედვით გაზაფხულზე, აპრილის შუა რიცხვებში დგება. მონაწილეებს მიაქვთ სუფთა წყალი ბუდისტურ ტაძრებში რათა მადლობის ნიშნად აპკურონ იგი ბუდას ქანდაკებას. ამის შემდეგ კი იწყება შხეფების ფესტივალი - მონაწილეები ასხამენ ერთმანეთს წყლის შხეფებს. ეს რიტუალი ერთგვარ განწმენდას, უარყოფითის ენერგიის, ბოროტი სულების განდევნას უკავშირდება, რითიც დაელები ერთმანეთს ჯანმრთელობას, წარმატებასა და ბედნიერებას უსურვებენ. წყლის შხეფების ფესტივალში ერთვებიან იუნანის სხვა ეთნოსებიც. რეგიონში ტურისტული ნაკადების ზრდის შედეგად უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის სპეცალურად ამ დღესასწაულსიათვის სიშუანბანაში. ფესტივალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს დაისათვის, როგორც ეთნიკური უმცირესობისათვის, რომელიც იბრძვის ტრადიციებისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. იგი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციული და რელიგიური დღესასწაულია, წყალი უდიდეს როლს თამაშობს ამ ხალხის ცხოვრებაში, როგორც ბუნებრივი რესურსი, ასევე როგორც სიმბოლო. დაელები საკუთარ თავს წყლის ხალხს უწოდებენ.

სამზარეულო რედაქტირება

დაის სამზარეულოს მთავარი ატრიბუტია ე.წ. „წებოვანი“ ბრინჯი, რომელსაც ხშირად ცხარე სანელებლებით მიირთმევენ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია ბამბუკი ამ სახეობის ბრინჯით.

იუნანის პროვინციის სამხრეთ ნაწილში ცხელი და ტროპიკული ჰავაა, სადაც უამრავი სხვადასხვა სახის მწერი ბინადრობს. ზოგიერთ მათგანს დაის სამზარეულოშიც შეხვდებით.

ცეკვა რედაქტირება

დაის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრადიციული ცეკვაა მამლის ცეკვა. ლეგენდის მიხედვით, ათასზე მეტი წლის წინ, ბელადმა ჯაომალი იეშუმ ისწავლა ცეკვა მამლის ელეგანტური მოძრაობებისაგან. ცეკვა მომდევნო თაობებმა შეინარჩუნეს, დახვეწეს, გაავრცელეს, რის შედეგადაც საბოლოოდ შეიქმნა მამლის ცეკვა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Ethnic Groups. China.org.cn.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დაი&oldid=4639687“-დან