სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დათა თუთაშხია (მრავალმნიშვნელოვანი).

დათა თუთაშხიაჭაბუა ამირეჯიბის ყველაზე განთქმული რომანი. შეიქმნა 1962-1972 წლებში. პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ცისკარში (1971–1972 წწ.). რომანის მოქმედება წარმოებს XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დამდეგს საქართველოში. სიუჟეტი აგებულია მწვავე სიტუაციებზე და ეხება მრავალ ეთიკურ პრობლემას. 1978 წელს გამოვიდა გიგა ლორთქიფანიძსა და გიზო გებესკირიას ამავე სახელწოდების ფილმი, რომელიც ამ რომანს ეფუძნება.

დათა თუთაშხია
სრული სათაური დათა თუთაშხია
ჟანრი რომანი
ავტორი ჭაბუა ამირეჯიბი
მშობლიური ენა ქართული
დაწერილია 1962-1972
დაწერის ადგილი საქართველოს სსრ
გამოცემულია 1975
გვერდი 730

შექმნის ისტორია რედაქტირება

რომანი დაწერილია 1962-1972 წლებში. მთავარი გმირია დათა თუთაშხია, რომელიც იძულებული ხდება კანონგარეშე ცხოვრების გზას დაადგეს, აბრაგი ხდება და წლების მანძილზე ახერხებს მეფის ჟანდარმერიას დაემალოს. მისი მამიდაშვილი მუშნი ზარანდია სხვა არჩევანს აკეთებს — ის კანონის სამსახურს ამჯობინებს და ჟანდარმერიის ჩინოვნიკი ხდება. რომანში მოქმედება ამ ორი ადამიანის რთული ურთიერთობის გარშემო ვითარდება.

რომანის ფაბულას საფუძვლად უდევს სამეგრელოს სოფელ საჩინოს მკვიდრ გუძა შელიას და მის მამიდაშვილ შალვა კვარაცხელიას შორის ურთიერთობის ერთი მონაკვეთი. შელიას 1930-40-იან წლებში უთანხმოება ჰქონდა იმდროინდელ საბჭოთა ხელისუფლებასთან, რის გამოც მოუწია გააბრაგება. კვარაცხელია მაღალი თანამდებობის პირი იყო და გუძას აბრაგობა კარიერულ წინსვლაში ხელს უშლიდა. სწორედ მისი რჩევით ჩაბარდა გუძა ხელისუფლებას, რადგან შალვა დაჰპირდა, რომ ერთ წელიადში გაათავისუფლებინებდა, მაგრამ მან ეს დანაპირები არ შეასრუალა. გუძა შელია შეხვდა ჭაბუა ამირეჯიბს ორთაჭალის ციხეში 1945 წელს, როდესაც ჭაბუა დაპატიმრებული იყო ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის. გუძამ ჭაბუას მოუყვა თავისი ამბავი, რაც მწერლამა შემდგომში გამოიყენა თავისი რომანის ფაბულად. გუძა ციხიდან გაიქცა. ის სწორედ ამ გაქცევის დროს მოკლეს.

რომანის სიუჟეტი რედაქტირება

რომანი დაყოფილია 4 ნაწილად და მოთხრობილია მისი გმირის მორალური ევოლუციის შესახებ იმ პიროვნებების გადმოსახედიდან, რომლებთანაც წარსულში კავშირი ჰქონდა. დათა თუთაშხია არის ადამიანი, რომელიც დაბადებიდან ვერ იტანს უსამართლობას და უკანონობას. თავიდანვე, რომანში ვიგებთ, რომ იგი იყო ბრალდებული შემთხვევითი მკვლელობის თანამონაწილეობისათვის. მას შემდეგ დაიწყო ცხოვრება, როგორც ტყეში გასულმა და სასოწარკვეთილი ჟანდარმერიის მუდმივად დევნილმა. მთელი რომანის განმავლობაში, თუთაშხია იცვლის ადგილსამყოფელს, ხედავს ბოროტებას და ცდილობს როგორმე დასძლიოს იგი.

რომანის პირველი ნაწილის ძირითადი თავი მოსე ზამთარაძის მონათხრობს ეთმობა. თუთაშხია და ზამთარაძე (ორი აბრაგი) თავს საირმის ტყეს შეაფარებენ და საოცარ ამბავში გაეხვევიან. ბელადად და მამა-მარჩენალად წოდებული არქიფო სეთურისგან ხალხის ხსნის ცდა საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდებათ და გალახულებს გამოყრიან სოფლიდან. ამ ნაწილის დამამახსოვრებელი თავია იგავი ვირთხების შესახებ, რომლებიც შიმშილობის ნიადაგზე ერთმანეთის ჭამას იწყებენ და უძლიერესს ბოლოს გამოავლენენ.

რომანის მეორე ნაწილში დათა თუთაშხია, მისი წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, გადაწყვეტს, რომ აღარ ჩაერიოს სოციალურ საკითხებში, თუ სრულიად არ იქნება დარწმუნებული, რომ მისი ქმედებები კარგის მომტანი იქნება. მისი ახალი პოზიციის შედეგად ხალხი ივიწყებს ყველა მის კარგ საქმეს წარსულში, რაც გარდამტეხი აღმოჩნდება მისი გულგრილობისა.

რომანის მესამე ნაწილში, თუთაშხია, რომელმაც ამ ეტაპზე დაკარგა თავისი გზა, ცდილობს გაერიოს საზოგადოებაში, რათა თვითონ განსაზღვროს ცხოვრების მნიშვნელობა და ფილოსოფია. ის უერთდება ადვოკატის, საიდუმლოებით მოცული ქალის პატარა საზოგადოებრივ წრეს და ესწრება სხვადასხვა სუფრებს, სადაც იმართება დებატები ფილოსოფიურ თემებზე. ერთ-ერთ ასეთ საღამოზე მათ გრაფი სეგედიც კი ეწვევათ, თუმცა თუთაშხიას დაჭერას ვერ შეძლებენ.

რომანის მეოთხე ნაწილში, დათა თუთაშხია მიხვდება, რომ ბოროტების დაძლევა მხოლოდ და მხოლოდ ძალით შეიძლება. ამავდროულად მისი ბიძაშვილი ერთ-ერთი რუსული იმპერიული ჟანდარმერიის საუკეთესო თანამშრომელია. მუშნი ზარანდია სრულიად „ერთგულია“ მისი სამუშაოს მიმართ და „ობიექტურად“ და გულმოდგინედ მეთვალყურეობს რეგიონში „სახიფათო“ დამნაშავეების ძიებას, როგორიცაა მისი ბიძაშვილი. ორივე ბიძაშვილის საუბედუროდ მათ შეხვედრის შესაძლებლობაც კი არ ეძლევათ. თუთაშხია გადაწყვეტს მუშნის სასიკეთოდ ციხეში ნებით ჩაჯდეს.

წიგნის უკანასკნელ ნაწილში, თუთაშხია თავისი წარსული გამოცდილებით საბოლოოდ მიხვდება, რომ საუკეთესო გზა აარიდო მსოფლიოს ბოროტება, არის იყო კარგი ადამიანი და აკეთო სიკეთე. მიუხედევად ყველაფრისა,როგორც ყველა გმირის, ისევე თუთაშხიას ბედი ერთია - სიკვდილი.

პერსონაჟები რედაქტირება

  • დათა თუთაშხია — მთავარი პერსონაჟი, აბრაგი.
  • მოსე ზამთარაძე — აბრაგი, თუთაშხიას მეგობარი.
  • მუშნი ზარანდია — თუთაშხიას მამიდაშვილი, ჟანდარმი.
  • არქიფო სეთური — საირმის ტყის მფლობელი. ხალხის სიბნელით ისარგებლა და თავის ჭკუაზე მომართა.
  • გრაფი სეგედი — მთხრობელი, ჟანდარემერის უფროსი
  • ირაკლი ხურციძე — ადვოკატი.
  • რაჟა სარჩიმელია — ყაჩაღი.
  • სახნიევი — პოლკოვნიკი.
  • თიკო ორბელიანი — ინტელიგენტი ქალი.
  • დურუ — გლეხი.
  • სანდრო კარიძე — ინტელიგენციის წარმომადგენელი.
  • ბოდღო — ყაჩაღი.

გამოხმაურება რედაქტირება

ჯანსუღ ჩარკვიანი ეუბნებოდა ამირეჯიბს: „შენ არ გჯეროდა, რომ „დათა თუთაშხია“ დაიბეჭდებოდა „ცისკარში“ და მე მითხარი, სანამ ესენი იქნებიან, ეს რომანი არ დაიბეჭდებაო, ბოლოს დაგარწმუნე და შევთანხმდით, რომ „სამოციანელები“, ე. ი. „ცისკრელები“ სხვა თაობაა და ეგრე ადვილად ვერავინ მოგვერევა. შევთანხმდით, ჩვენს თავზე ავიღეთ და დავბეჭდეთ...“

„დათა თუთაშხიას“ დაბეჭდვის გამო მთავრობას „ცისკრელებთან“ ბრძოლა არ დაუწყია. 1973 წელს რომანი უკვე ცალკე წიგნად გამოიცა, მოგვიანებით რუსულ ენაზე ითარგმნა. თუმცა რომანის პოპულარობამ ცოტა არ იყოს შეაშინა ხელისუფლება. სუკის ძალისხმევით საქართველოში გავრცელდა ჭორი: „ეს წიგნი ამირეჯიბის დაწერილი არ არისო“. მრავალი ისტორია შეთხზეს, რას არ ამბობდნენ, მაგრამ ამ ჭორებმა კიდევ უფრო გაზარდა ჭაბუა ამირეჯიბის პოპულარობა. მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ ყველაზე პოპულარული თანამედროვე ქართული რომანის ავტორი, ადამიანი, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი საპყრობილეში გაატარა, ხელისუფლებასთან კონფრონტაციას ერიდება, რომ ჭაბუა ამირეჯიბი არ აპირებს გახდეს „ქართველი სოლჟენიცინი“, საქართველოს ხელისუფლებამ თავად შეუწყო ხელი „დათა თუთაშხიას“ პოპულარიზაციას. გიგა ლორთქიფანიძისა და გიზო გაბესკირიას მრავალსერიანი ფილმი ამ პროცესის დაგვირგვინება იყო, იგავი კაცზე, რომელიც არასოდეს დაპირისპირებია ბოროტებას ბოროტებით, საზოგადოებას დესტრუქციულ ვნებებს არ უღვიძებდა.

ლია სტურუას ამბობდა: „მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც „დათა თუთაშხიას“ ბოლომდე წაიკითხავს და ეს საოცარი ფინალი არ დაარწმუნებს სიკეთისა და ლმობიერების უპირატესობაში შურისძიებაზე, ბოღმაზე, ინტრიგებზე...“ მით უმეტეს, რომ „დათა თუთაშხია“ არა თანამედროვეობას, არამედ ცარიზმის ეპოქას ასახავდა... უბრალო მკითხველს შესაძლოა ამ სამყაროს თანამონაწილედ არც ეგრძნო თავი. ანუ რომანი, რომელშიც პუბლიცისტური პათოსი პოეტური სახეებით, საინტერესო თავგადასავლითა და დადებითი გმირითაა „შერბილებული“, ვერ იქნებოდა „საშიში“ ხელისუფლებისთვის.

რომანის პრობლემატიკა რედაქტირება

რომანის ქრისტიანულად გააზრება რედაქტირება

წიგნი დათა თუთაშხია შედგება 4 თავისაგან, ანუ არის ოთხთავი, როგორც ახალი აღთქმა. უფრო სწორად - 4 კარისაგან. ყოველი კარი არის ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა. თუთაშხია თავისი ცხოვრების მანძილზე ეძებს ჭეშმარიტ გზას და თითოეულ კარში აღწერილია, თუ როგორ იცვლის იგი შეხედულებებს დროთა განმავლობაში. თუთაშხია მეგრულად ნიშნავს მთვარეს. არც ეს არის შემთხვევითი. მთვარე უძველეს დროში ქართველების მიერ ყველაზე უფრო პატივსაცემი ღვთაება იყო. იგი მამრობით სქესის იყო და ამასთანავე მამაცი და უშიშარი იყო. მასზე უფრო დიდ იყო მზე. მზე ქალი იყო. ეს არის გამოხმაურება იმისა, რომ ქართველები უძველეს დროში მატრიარქატის პირობებში ცხოვრობდნენ, ამიტომაც მზე მთავარი ღვთაება იყო ქალი. მთვარე კი იყო მამაკაცი, მეომარი, ძლიერი ღვთაება. მომავალში მთვარის ადგილი ქართველთა ზეციურ წარმოდგენებში დაიჭირა წმინდა გიორგიმ. სწორედ ამიტომ დაარქვა ავტორმა მთავარ გმირს თუთაშხა (თუთაშხია). იგი მისი წარმოდგენით არის სული კრებსითი. ანუ თუთაშხია ერთი ადამიანი კი არ არის, არამედ იგი არის ქართველებში არსებული წმინდა გიორგის სულის ნაწილების კრებსითი სახე. ერთი სიტყვით, თუ ყურადღებით წაიკითხავთ ყოველი კარის პროლოგს და გეცოდინებათ, რომ მთვარე არის წმინდა გიორგის წინაქრისტიანული სახე, მიხვდებით, რომ დათა თუთაშხია ავტორის აზრით არის წმინდა გიორგი მატერიალიზებული. იგი მთელი თავის ცხოვრების მანძილზე ეძებს ჭეშმარიტ საქმეს. ვერ იტანს ბოროტს და ცდილობს მის დამრცხებას, როგორც წმინდა გიორგი. მაგრამ მთელი მისი ცხოვრება ისე წარიმართება, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც ბოროტება მრავლდება. ბოლო თავის პროლოგში წერია, რომ ბოლოს თუთაშხა თავის ხორცს მისცემს ურჩხულს. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიხევს უკან ურჩხული და ამბობს, რომ აღარ უნდა მისი ხორცი. ანუ თუთაშხია ბოლოს მიაგნებს ჭეშმარიტებას და მიხვდება, რომ ბოროტების ძალადობით დამარცხება არ შეიძლება, ერთი მოჭრილი თავის მაგივრად ათი ამოსდის. მხოლოდ მას შემდეგ დაიხევს ურჩხული უკან როცა დათა ერთ გარტყმულ ლოყის სანაცვლოდ მეორეს მიუშვერს. ეს არის ქრისტიანობის მთავრი აზრი, ისევე როგორც დათა თუთაშხიას დედააზრი. ეს ნაწარმოებში იქ ჩანს, როცა ძიგუა (გაუპატირუბული კიკუს ძმა) უპირებს დათას მოკვლას, დათა იარაღს იღლიაში ამოიჩრის და მკერდს მიუშვერს. ძიგუა განცვიფრდება და იარაღს ჰაერში ისვირის. მას შემდეგ რაც დათა მიაგნებს ჭეშმარიტებას, მან ამოწურა თავის ამქვეყნიური მისია. იგი ახლ უნდა ცაში ამაღლდეს. თავის მოკვლა ქრისტიანულად გამორიცხულია, მას სჭირდება იუდა ვინც ამას გააკეთებს. ამ როლს კი თავის თვაზე იღებს მუშნი ზარანდია. იგი ამბობს კიდეც გრაფ სეგედისთან საუბარში, რომ დათა თუთაშხია გმირად უნდა ვაქციოო. ვერც ქრისტე გახდებოდა „ვერაფერი“ იუდას რომ იგი არ გაეცაო. ასევე აქვს მას გადაწყვეტილი დათას მოკვლა. ახლა უკვე საჭიროა დათას ხორციელი ცხოვრებიდან ზეციურში გადასვლა. ისე როგორც ქრისტე ეუბნება თავის მოსწავლეებს, მე უნდა მოვკდე რომ ჩემმა სიტყვამ ნაყოფი გამოიღოსო. თუ ხორბლის მარცვალი მიწაში არ გაიხრწნა ისე მისგან ახალი თავთავი, უფრო მეტი მარცვალი არ გაჩნდებაო. ასე რომ ნათელი ხდება, რომ თუკი დათას საქმე უნდა გადაჩეს იგი უნდა მოკვდეს ხორციელად (ზოგჯერ გაიგებ რა ცუდია ბოლოს დათა რომ კვდებაო. ეს იმას ნიშნავს, რომ მკითხველს არ ესმის ნაწარმოები.) ბოლოს დათა ისე კვდება რომ მის გვამს ვერავინ პოულობს, ხოლო ხალხი კი არაფრით არ იჯერებს, რომ თუთაშხია მოკვდა. ამტკიცებენ, რომ იგი სხვაგან წავიდა და სხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი საქმე და ღირებულები ისევ დარჩა ხალხში ცოცხლად. ეს არის მთავარი აზრი დათა თუთაშხიასი. ქრისიტაინობის მთავრი აზრი და „დათა თუთაშხიას“ დედა აზრი ის არის, რომ ბოროტების ბოროტებით დამარცხება არ შეიძლება, იგი მხოლოდ სიყვარულით, თავგანწირვით და მოთმინებით მარცხდება, ყველა სხვა გზა კი ბოროტების გამრავლებას იწვევს. ამ მოთხრობებში დათა ჩაყენებულია სხვადასხვა სიტუაციაში და თითქოს ავტორი აკვირდბა ჩვენთან ერთად თუ როგორ მოიქცევა იგი. ავტორი ამ შემთხვევაში არის გრაფი სეგედი. იგი რევოლუციის შემდეგ სარდაფში ცხოვრობს, სადაც ადამიანთა ფიგურების ძერწვით ირთობს თავს. სინამდვილეში იგი ადამიანთა ხასიათს სწავლობს და ძერწავს. გრაფი სეგედი ღირსეული პიროვნებაა. მან იმისათვის აირჩია კავკასია, რომ საკუთარი თავის გამოცდა უნდა. მისი სიტყვებით კავკასიაში ისეთი პირობებია, რომ ძნელია ამ სამსახურში სუფთა დარჩეო. მიუხედავად ამისა იგი ღირსეულ ადამიანად რჩება და ბოლოს დათას მოკავშირეც კი ხდება. როცა ზარანდიას შეატყობს, რომ დათას მახეს უგებს ცდილობს დათას შეატყობინოს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და თავის მოსწავლის, ზარანდიას, ნაცვლად ზნეობრივად ამაღლებული დათას მხარეს დგება. ამ ნაწარმოებში ყურაღება უნდა მიაქციოთ გვარებს: კარიძე, კარიჭაშვილი, იალქანიძე და სხვა. ეს გვარები ამ ადამინთა ხასიათზე რაღაცას გვეუბნება. კარი ახალ ცხოვრებისელ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს, კარიჭაშვილი ტრადიცუილ ქართულ ცხოვრებაში შესასვლელს, კარიძე ბუნატავშიკია, ახალი ცხოვრება უნდა. იალქანიძეს ბედი დაათრევს სხვადასხვამხარეს და ა.შ. ასევე შემთხვევითი არ არის მთვარის გამოჩენაც ნაწამოებში. როცა მთვარე კარგად ანათებს მაშინ დათას საფრთხე არ ემუქრება ბოლოს დათას სიკვდილის წინ მთვარე ღრუბლებშია მიმალული. მთვარე ამ ნაწამოების გასაღებია.[1]

რომანის გეოპოლიტიკური ხედვა რედაქტირება

ამ ნაწარმოებში პირველად არის გამოთქმული გეოპოლიტიკური მოსაზრებები. ავტორს შეიძლება ვუწოდოთ პირველი ქართველი გეოპოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს საქართველოს ისტორიის გააზრებას გეოპოლიტიკური კუთხით. თითოეულ ეპიზოდში არა მარტო დათა არის სხვადასხვა კუთხით წარმოჩინებული და გაბრწყინებული, არამედ მასთან ერთად ჩანს სხვა ადამიანების დადებითი და უარყოფითი თვისებები და ზოგჯერ დათა მოგვაგონებს „თევზს ცოდვების ოკეანეში, როგორც ამას ქრისტეზე ამბობენ ხოლმე.

გრაფი სეგედი არა მარტო დათას ცხოვრებას აკვირდება და სწავლობს, არამედ მისი უახლოესი ნათესავის მუშნი ზარანდიასაც. ეს ორი პიროვნება თანაბრად არის დაჯილდოებული ნიჭით, მაგრამ ზნეობამ ისინი სხვადასხვა ასპარეზზე გაიყვანა. ერთი იმპერიის სამსახურში ჩადგა. იმპერიის რომელიც თვითონ არის ბიროტების სათავე. დათას სიტყვებით: „იმპერია კრუხივით ჩეკავს ცუდ კაცებს“. რაც არ უნდა ცადოს ორივე მხარემ სულ ერთია დათასნაირი წესიერი კაცი ყოველთვის უქმნის პრობლემას იმპერიას და ამიტომ მათი შერიგება ვერ ხერხდება. წესიერი კაცი იძულებულია კონფლიქტში იყოს ხელისუფლებასთან. [2] ნაწარმოებში მუშნი და დათა იმიტომ არიან ნათესავები, რომ ამით ავტორი ხაზს უსვავს ფილოსფიურ კანონს: „დაპირისპირებულთა ბრძოლისა და ერთიანობის“ შესახებ. თუ დაკვირვებულხართ ძაღლი და მგელი ერთი ჯიშისაა, მაგრამ ერთმანეთს ვერ იტანენ. მას შემდეგ რაც დათა მოკვდება ცოტა ხანში კვდება მუშნიც, რადგანაც მას არ დარჩა ღირსეული მოწინააღმდეგე, რომელსაც პრობლემებს შეუქმნიდა და გამოცდას ჩაუტარებდა, რითაც მის მოწინააღმდეგეს ეძლევა საშუალება თავისი ბუნება წარმოაჩინოს. მუშნის არსებობას აზრი ეკარგება და იგი ნოსტალგიით იტანჯება.

ეკრანიზაცია რედაქტირება

1978 წელს გიგა ლორთქიფანიძემ და გიზო გებესკირიამ ერთობლივად გადაიღეს რომანის ეკრანიზაცია. კომპოზიტორები ბიძინა კვერნაძე და ჯანსუღ კახიძე არიან.ფილმში მონაწილეობენ: ოთარ მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩვაძე, იური იარვეტი, კარლო საკანდელიძე, სოფიკო ჭიაურელი, იმედა კახიანი, იპოლიტე ხვიჩია, გივი ბერიკაშვილი, გურამ საღარაძე, გივი ბერიკაშვილი, დოდო აბაშიძე, სესილია თაყაიშვილი, ოთარ კობერიძე, ზინაიდა კვერენჩხილაძე და სხვები.

აღსანიშნავია, რომ დათა თუთაშხია ჯერ კიდევ სსრკ-ის დროს რუსეთში „ნაპირების“ (რუს. Берега) სახელწოდებით გახდა ცნობილი. ეს რუსების მოთხოვნა იყო. „დათა“ რუსულად „დატად“ (რუს. Дата) გამოითქმის, რაც თარგმანში „თარიღს“ ნიშნავს. ნაწარმოების იდეა გახდა შემდეგნაირი: დათა ხან ერთ გზას ირჩევს, ხან — მეორეს, თავისი ცხოვრების კრედოდ, ხან — ჩაურევლობას, ხან — ჩარევას, ხანაც — მმარგვლელის როლის აუცილებლობას; სხვადასხვა ნაპირს აწყდება იმის ძიებაში, თუ როგორ უნდა იცხოვროს. ამიტომაც დაერქვა ფილმს „ნაპირები“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. church.ge
  2. ს. მანძულაშვილი - აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს