დავით ჭავჭავაძე (დ. 1878)

დავით ზაქარიას ძე ჭავჭავაძე (დ. 12 სექტემბერი, 1878 — გ. 1921 შემდეგ) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი.

ჭავჭავაძეთა წინანდლის შტოს წარმომადგენელი. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი. რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში იყო 1897 წლიდან. 1900 წელს დაამთავრა ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი პირველი თანრიგით და ჩაირიცხა ნიჟეგოროდის 44-ე (1907 წლიდან — მე-17) დრაგუნთა პოლკში (კორნეტი, 1899; პორუჩიკი, 1903; როტმისტრი, 1911). მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-1905; დაიჭრა დალინის უღელტეხილზე 1904 წელს) და პირველ მსოფლიო ომში (1914-1918; დაიჭრა 1914 წელს). 1916 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის, იმავე წელს — პოლკოვნიკის წოდება. 1916 წელს იყო ქართული ცხენოსანი პოლკის ჩამოყალიბების ინიციატორი და მეთაური. ამ შენაერთით მონაწილეობდა გენერალ ნიკოლოზ ბარათოვის ექსპედიციაში სპარსეთში.

1917 წელს პოლკოვნიკი ჭავჭავაძე დაბრუნდა საქართველოში. დამოუკიდებლობის წლებში (1918-1921) ჰქონდა გენერლის წოდება. საბჭოთა რუსეთის თავდასხმის პერიოდში, 1921 წლის თებერვალში პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად გაიგზავნა დასავლეთ საქართველოში საკავალერიო ნაწილების ჩამოსაყალიბებლად. მოხერხდა ორი ესკადრონის შექმნა, თუმცა ამ დროისთვის ქართულ შეიარაღებულ ძალებს აღმოსავლეთი საქართველო უკვე დატოვებული ჰქონდათ.

დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV (1904) და II (ხმლებით, 1905), წმ. სტანისლავის III (ხმლებითა და ბაბთით, 1905) და II (ხმლებით, 1905), წმ. ვლადიმირის IV (ხმლებითა და ბაბთით, 1905) და III (ხმლებით, 1917), წმ. გიორგის IV (1915) ხარისხის ორდენებით, გიორგის იარაღით (1916).

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 525.