დავით სასუნცი, დავით სასუნელი (სომხ. Սասունցի Դավիթ) — სომხური ხალხური საგმირო ეპოსი. იქმნებოდა საუკუნეთა განმავლობაში. ძირითადი პლასტები VIII-X საუკუნეებს განეკუთვნება. ეპოსის ნაწყვეტები პირველად 1874 წელს ჩაიწერეს. სხვადასხვა კუთხეში ჩაწერილი ვარიანტების საფუძველზე 1939 დამუშავდა ერთიანი ტექსტი. ამ წელს აღინიშნა ეპოსის შექმნის 1000 წლისთავი. იგი ითარგმნა მრავალ ენაზე, მათ შორის ქართულადაც. ეპოსის შინაარსი მრავალპლანიანია. გვაცნობს 4 თაობის საგმირო საქმეებს, შესაბამისად 4 შტოსაგან შედგება:

  • „სანასარი და ბაღდასარი“
  • „მჰერ უფროსი“ (სანასარის შვილი)
  • „დავით სასუნცი“ (მჰერის შვილი)
  • „მჰერ უმცროსი“ (დავითის შვილი).
დავით სასუნცის სტატუა ერევანში.

ეპოსი ძირითადად სასუნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ეხება, მაგრამ მასში გაცილებით ადრინდელი პლასტებიცაა დაცული. შემონახულია მატრიარქატისა და წყლის კულტის ელემენტები, უძველესი კოსმოლოგიური წარმოდგენები. გმირთა სამოქმედო ასპარეზი სცილდება სასუნის ფარგლებს, მოიცავს საქართველოს, აზერბაიჯანს, ეგვიპტეს, არაბეთს, ჩინ-მაჩინს. ეპოსი გამსჭვალულია ჰუმანიზმის, პატრიოტიზმისა და სამართლიანობის იდეებით. ენა ლაკონიურია, სხარტი, მხატვრულად მდიდარი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • სასუნელი დავითი. კტ., ლ. მელიქსეთ-ბეგის რედ., თბ., 1939;
  • Давид Сасунский. Юбилейный сб., посвященный 1000-летию эпоса, Ер., 1939;
  • ქსე, ტ. 3, გვ. 341, თბ., 1978