გურგენიანის წმინდა გიორგის ეკლესია

გურგენიანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანის ტერიტორიაზე, კავკასიონის სამხრეთის განშტოება თელას ქედის აღმოსავლეთი კალთის ძირში.

გურგენიანის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°51′09″ ჩ. გ. 46°12′13″ ა. გ. / 41.85250° ჩ. გ. 46.20361° ა. გ. / 41.85250; 46.20361
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ტაძრის შესახებ ისტორიული ცნობები არ არსებობს. სტილისტური ნიშნებით თუ ვიმსჯელებთ, განვითარებულ შუა საუკუნეებში, ერთიანი სამეფოს არსებობის დროს უნდა იყოს აგებული. მოგვიანებით, როგორც ჩანს, დანგრეულა და კახეთის სამეფოს მესვეურთ XVI საუკუნის II ნახევარში აღუდგენიათ და სამრეკლოც აუშენებიათ. ტაძარი ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. აღდგენილია აგურით. დარბაზული ნაგებობაა ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით და სამხრეთის მინაშენით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. აღდგენის დროს კამარა გადაუყვანიათ აგურით. კამარა საკმაოდ მასიურ თაღზეა დაბჯენილი, რომელიც კრონშტეინზე იყო დაყრდნობილი. სამხრეთის მინაშენს აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს, რომლის ღერძზე ერთი სარკმელია გაჭრილი. სამხრეთის კედელი თაღით იყო გახსნილი, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ და პატარა თაღოვანი სარკმელი დაუტანებიათ. თაღის ამოშენების შემდეგ, მინაშენში მოხვედრა მხოლოდ ტაძრის ნაოსიდან იყო შესაძლებელი. ტაძრის აღდგენისას მისთვის სამხრეთიდან მიუდგამთ ორსართულიანი აგურის სამრეკლო. პირველი სართული სამივე მხრივ თაღებით იყო გახსნილი და კარიბჭის როლს ასრულებდა. მეორე სართული არ შემორჩა. ტაძარი გადახურული იყო ღარიანი და ბრტყელი კრამიტით. ამჟამად ტაძარი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • დიღმელაშვილი ქ., ყვავაძე დ., ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლები, თბ., 2021, გვ. 25 ISBN 978-9941-8-3699-2