გუნდოლფ ბრუხჰაუზი

გუნდოლფ ბრუხჰაუზი (გერმ. Gundolf Bruchhaus) (დ. 21 იანვარი, 1942, ქ. აშაფენბურგი, გერმანია) — გერმანელი არქიტექტორი, არქიტექტურის ისტორიის მკვლევარი, ფოტოგრაფი და მუსიკოსი.

დაამთავრა რაინ-ვესტფალიის უმაღლესი ტექნიკური სკოლა ქ. აახენში. 1970 წლიდან მუშაობდა აახენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. იყო იმავე უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის პედაგოგი (1980), კათედრის გამგის მოადგილე (1989), 2006 წლიდან კი — ურბანული დაგეგმარების ადიუნქტ-პროფესორი და ურბანული და რეგიონული დაგეგმარების კათედრის გამგე. ასევე აქტიურადაა დაკავებული ჯაზ-მუსიკით.

1973 წლიდან ბრუხჰაუზი სისტემატურად აწყობდა ექსპედიციებს თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში — ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრულ ძეგლთა აზომვისა და ფოტოფიქსაციის მიზნით. შეადგინა ტექსტები, გრაფიკული და ფოტომასალა ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლებზე. 1989 წელს ქ. სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე, როგორც ექსპერტმა, წაიკითხა მოხსენება ამ ძეგლთა მდგომარეობის შესახებ. მონაწილეობდა ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმებში. ბრუხჰაუზი არის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების მიკროფირების კრებულის შედგენისა (8 ტომად), რომელშიც წარმოდგენილია 2000-მდე ძეგლი (აღწერა, ანაზომები, დეტალური ფოტოფიქსაცია). გამოცემა მომზადდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნოვნების ისტორიისა და ძეგლთა კვლევის ეროვნული ცენტრის და აახენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მიერ. გამოიცა 1994–2010 წლებში. მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება, 1994).

ლიტერატურა რედაქტირება

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.
  • საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.81.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება