გრიგოლ მგალობლიშვილი (პოლკოვნიკი)

გრიგოლ ფილიპეს ძე მგალობლიშვილი (დ. 18 ნოემბერი, 1889, სოფ. კარისყური, ახლანდ. გონებისკარი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 1960, პარიზი) — ქართველი სამხედრო პირი, პოლკოვნიკი.

დაიბადა ჩინოვნიკის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და ელისავეტგრადის საკავალერიო სასწავლებელი. მსახურობდა ნიჟეგოროდის მე-17 დრაგუნთა, შემდეგ — ტვერის მე-16 დრაგუნთა პოლკში. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროს იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე (დაიჭრა 1916 წელს), შემდეგ მონაწილეობდა გენერალ ნიკოლოზ ბარათოვის ექსპედიციაში სპარსეთში. 1918 წლიდან პოლკოვნიკის წოდებით მსახურობდა საქართველოს ჯარში. 1919-1920 წლებში იყო ქართველ მუსულმანთა ცხენოსანი დივიზიონის უფროსის მოადგილე. 1921 წლიდან ემიგრაციაში იყო. გარდაიცვალა პარიზში 1960 წელს. დაჯილდოებული იყო წმ. ანას III (ხმლებით და ბაფთით, 1915) და IV (წარწერით „მამაცობისთვის“, 1915), წმ. სტანისლავის III (ხმლებით და ბაფთით, 1915) და II (ხმლებით, 1916) ხარისხის ორდენებით. მისი და ოლღა ცოლად ჰყავდა ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეს, ევგენი გეგეჭკორს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება