გრიგოლ დიდებულიძე

გრიგოლ ივანეს ძე დიდებულიძე (დ. 25 აპრილი, 1898, სოფ. იგოეთი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, — გ. 9 სექტემბერი, 1954, თბილისი) — ქართველი თერაპევტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1945).

სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე (1916-1919) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე (1919-1924). 1938–1940 წლებში იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის პროპედევტიკული თერაპიის კათედრის გამგე, 1940–1945 წლებში — ამავე ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე. 1945 წლიდან განაგებდა სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრას, 1943–1947 წლებში — თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრას, ერთდროულად, 1947–1950 წლებში, ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კარდიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკურ განყოფილებას.

სტუდენტობის პერიოდში (1923) ნ. მახვილაძესთან ერთად აღმოაჩინა და შეისწავლა ანკილოსტომიდოზი საქართველოში. შეისწავლა და აღწერა ბორჯომის მინერალური წყლების გავლენა თორმეტგოჯა ნაწლავის სეკრეციაზე, შემაერთებელი ქსოვილის როლი წყლის ცვლის პროცესში, კანქვეშა ქსოვილში შეყვანილი ნივთიერებების შეწოვის საკითხი და სხვ.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • შინაგან სნეულებათა პროპედევტიკა, კლინიკური დიაგნოსტიკის და სემიოლოგიის კურსი, გამოც. მე-3, თბ., 1960 (თანაავტ. შ. მიქელაძე).

ლიტერატურა რედაქტირება