გრემის ნაქალაქარის პირველი ეკლესია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გრემის ნაქალაქარის ეკლესია.

გრემის ნაქალაქარის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ნაქალაქარის სავაჭრო უბნის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირას. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია, რომელსაც გვერდებზე გვიანდელი მინაშენები ეკვრის. მათგან სამხრეთის სიგრძით ეკლესიის ტოლია, ხოლო ჩრდილოეთისა - ოდნავ მოკლე. სამივე ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. ალაგ-ალაგ გამოყენებულია აგური. ეკლესიის შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი შეისრული თაღითაა გადახურული და გარედან სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. კარის ზემოთ თაღოვანი შეღრმავებაა. ხოლო გვერდებზე - თითო სწორკუთხა ნიშა, რომლებშიც თითო ხაჩქარია ჩასმული. ეკლესიის დარბაზი მოკლეა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აფსიდში ორი სწორკუთხა ნიშაა. თითო სწორკუთხა ნიშა გვერდის კედლებშიცაა. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. მსგავსი ფორმისაა კონქის თაღიც. სამხრეთ მინაშენს შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. მინაშენი გადახურული ყოფილა შეისრული კამარით, რომლის დასავლეთ ნახევარი დანგრეულია. ჩრდილოეთ მინაშენის შესასვლელიც დასავლეთიდანაა. კარი შეისრულთაღოვანია, გამოყვანილია აგურით. მინაშენი შიგნიდანაც სწორკუთხაა. გადახურულია შეისრული კამარით, რომლის სამხრეთ ქუსლი ეკლესიის კედელზე მიშენებულ ორ თაღს ეყრდნობა. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. აღმოსავლეთ სარკმლის ქვემოთ დგას კუბური ტრაპეზი. ჩრდილოეთ კედელში ერთი ნიშაა. სამხრეთ მინაშენის აღმოსავლეთ ფასადი მორთული იყო ორი ხაჩქარით, რომლებიც სარკმლის გვერდებზე მდებარე, მაღალ, სწორკუთკა ნიშებში იყო ჩასმული. ეკლესიისა და მინაშენების კედლები დასრულებულია აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდნით. ორივე მინაშენი გადახურულია ცალფერდა სახურავით, რომლებიც ეკლესიის სახურავის შესაბამისი კალთების გაგრძელებაზეა.

პირველი ეკლესია

ლიტერატურა

რედაქტირება