გრემის ეკლესიათა კომპლექსი

გრემის ეკლესიების კომპლექსიყვარლის მუნიციპალიტეტის,სოფელი გრემის არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ნაქალაქარის სავაჭრო უბნის აღმოსავლეთ განაპირას, მთავარანგელოზთა მთის ძირში.

შედგება სხვადასხვა პერიოდის, ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგარი სამი ეკლესიისგან. იგი თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. თავდაპირველად აუგიათ მცირე ზომის ეკლესია, რომლისთვისაც სამხრეთიდან მიუშენებიათ სიგრძით ტოლი, მაგრამ უფრო ვიწრო ეკლესია, ხოლო ჩრდილოეთით, 1.2 მეტრის მოშორებით, დაუდგამთ შედარებით მოზრდილი ეკლესია. ასევე თავდაპირველი ეკლესიისთვის სამრეკლო დაუშენებიათ. ბოლოს, თავდაპირველ და ჩრდილოეთით მდგარ ეკლესიებს შორის, მოუწყვიათ ვიწრო, გეგმით სწორკუთხა სათავსო, რომლის თავზე, მომდევნო ხანებში, მეორე სართულია დაშენებული. ეკლესიები ძირითადად ნატეხი ქვის ირეგულარული წყობითაა ნაშენი. სამრეკლო და სათავსოს მეორე სართული მთლიანად აგურისაა. სამივე ეკლესიას შესასვლელი დასავლეთოდან აქვს. შუა ეკლესიის კარი სწორკუთხაა, განაპირების - შეისრულთაღოვანი. სამივე ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევრადწრიული აფსიდით, რომლის ღერძზეც თაღოვანი სარკმელია მოწყობილი, მის ორივე მხარეს კი არის თითო მცირე ზომის ნიშა. თითო ნიშა ჩრდილოეთ ეკლესიის გრძივ კედლებშია, ერთი არის სამხრეთ ეკლესიის ჩრდილოეთის კედელში. შუა და ჩრდილოეთ ეკლესიებში, საკურთხევლის სარკმლის გარდა, თითო მსგავსი სარკმელი დასავლეთის, აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის კედლებშიცაა. ეკლესიები შიგნიდან გადახურულია ოდნავ შეისრული კამარით, გარედან კი კრამიტის ორკალთა სახურავი აქვს. სათავსოს მეორე სართულის სახურავი ცალფერდაა. სამრეკლო ექვსწახნაგა ფანჩატურია, რომლის ყოველ წახნაგში თითო განიერი, მაღალი თაროა. ეკლესიების კედლები დასრულებულია აგურის საფეხურიანი, ხერხულა ლავგარდნით. ანალოგიური ლავგარდანი სამრეკლოს ფანჩატურსაც აქვს. სამხრეთით მდგარი ეკლესიის დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის ზემოთ, მცირე ზომის სწორკუთხა ნიშაა. მის ორივე მხარეს კი არის თითო, გაცილებით მაღალი სწორკუთხა ნიშა, რომლებშიც თითოვე ხაჩკარია ჩასმული. მსგავსი ნიშა ჩრდილოეთით მდგარი ეკლესიის შესასვლელის გვერდითაცაა.

ლიტერატურა

რედაქტირება