გრაუვაკა (გერმ. grau — ნაცრისფერი და Wacke — ქანი) — მუქი შეფერილობის, ძირითადად, ქვიშაქვური ქანი, რომელიც შეიცავს თიხის ნატეხებს, არგილითებს, ალევროლითებს, ქვიშაქვებს, სხვადასხვა მეტამორფულ ეფუზიურ და ინტრუზიულ ქანებს (გრანიტოიდების გარდა), მუქი ფერის მინერალებს, ფუძე და საშუალო პლაგიოკლაზებს. გრაუვაკა ნაცრისფერი, მუქი ნაცრისფერი, მომწვანო, ხშირად მიწისფერი იერისაა. ადრე ამ ტერმინით აღნიშნავდნენ ფუძე ეფუზივებით გამოფიტვისა და გადარეცხვის შედეგად მიღებულ ქანებს. ახლა მას უწოდებენ დიდი სიმტკიცის ქვიშაქვას.[1]

გრაუვაკა
ფელდშპატიტური გრაუვაკის მიკროფოტოგრაფია
ცნობები
ტიპი დანალექი
შედგენილობა თიხა
არგილითი
პლაგიოკლაზები და სხვა
შეფერილობა მუქი

ჩვეულებრივ, დიდი რაოდენობით შეიცავს (10–15 % და მეტად) თიხოვან შემვსებს (ვაკებს), თუმცა შეიძლება თიხისაგან (არენიტები) იყოს წარეცხილიც უფრო გვიანდელი კარბონატული, კაჟიანი და ფეროოქსიდური ცემენტით. ზოგიერთი მკვლევარი გრაუვაკას აგრეთვე უწოდებს ანალოგიური შედგენილობის მსხვილ- და უხეშნატეხოვან ქანებს (ხვინჭა, ხრეში, კენჭნარი და სხვა). ზოგჯერ გრაუვაკა გამოიყენება როგორც ტერმინ ტურბიდიტის სინონიმი.[1]

გვხვდება ძირითადად პოლიმიქტური (შედგება სხვადასხვა ქანების ან მინერალების ნატეხებისაგან), უფრო ნაკლებად, მონომიქტური, მაგ., ბაზალტური, პიროქსენული) ქანებიც. მინარევის სახით მასში არაიშვიათად არის წარმოდგენილი კვარციტების, გნაისებისა და გრანიტოიდების ნატეხები, რომელთა შემცველობისას 25 %-ზე მეტად გამოყოფენ გარდამავალ სხვაობას საკუთრივ გრაუვაკიდან კვარცულ ან არკოზულ ნატეხებამდე. გრაუვაკის შედგენილობა განსაზღვრავს მათ ლითოლოგიურ უმწიფობას. გრაუვაკა ჩვეულებრივ დაუხარისხებელია ან ცუდად არის დახარისხებული; არაშრეებრივი ან ჰორიზონტალურად გრადაციული, ირიბი და ტალღოვანი ფენისაა.[1]

გრაუვაკა უფრო ფართოდ არის გავრცელებული ვიდრე სხვა შედგენილობის ნატეხი ქანები (კვარცული, არკოზული). წარმოშობის წესისა და პირობების მიხედვით, გრაუვაკას ყოფენ პროლუვიურ, მთა-ალუვიურ, ზღვიურ (ზვირთცემული, ნაკადური, კოლუვიური, ტურბიდიტული და სხვა), ვულკანურ (ჰიალოკლასტიტები, ტუფები, ტუფიტები), აგრეთვე მყინვარულ და ეოლურ დანაგროვებად. გრაუვაკა შედის ფლიშურ, შლირულ, მოლასურ, ვულკანურ, ნახშირიან და სხვა ნაოჭა და ვულკანური სარტყლების ფორმაციებში, შიდაკონტინენტურ რიფტებში, კონტინენტურ კიდეებზე, იშვიათად — ოკეანის ცენტრალურ ნაწილებშიც. დანალექების ჭრილში გრაუვაკის არსებობა მოწმობს დანაწევრებული რელიეფისა და აქტიური ტექტონიკური მოძრაობის პირობებში არსებულ ნალექთდაგროვების მიმდინარეობასა და ვულკანური აქტივობის გამოვლინებაზე.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Шуман В. Мир камня. Горные породы и минералы. — М.: Мир, 1986. С. 108;
  • Фро­лов В. Т. Ли­то­ло­гия. М., 1993. Т. 2;
  • Сис­те­ма­ти­ка и клас­си­фи­ка­ция оса­доч­ных по­род и их ана­ло­гов. СПб., 1998.

სქოლიო რედაქტირება