ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „გრანიკოსის ბრძოლა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. გრანიკოსის ბრძოლა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
გრანიკოსის ბრძოლა
ალექსანდრეს სპარსეთის კამპანიის ნაწილი

გრანიკოსის ბრძოლა, ჩარლზ ლებრუნის ნამუშევარი
თარიღი მაისი, ძვ. წ. 334
მდებარეობა მდინარე გრანიკოსი, ახლანდელი თურქეთი
შედეგი მაკედონელების გამარჯვება.
ტერიტორიული
ცვლილებები
ალექსანდრემ დაიპყრო მცირე აზიის ნახევარი.
მხარეები
მაკედონია აქემენიანთა იმპერია
მეთაურები
ალექსანდრე დიდი
პარმენიონი
ამინტასი
არსიტესი[1]
არსამესი
რეომითრესი
პეტინესი
ნიფატესი
სპითრიდატესი
მითრიდატე
ომარესი
როსაკრესი
მითრობუზანესი
არბუპალესი
ფარნაკესი
მემნონ როდოსელი
ძალები
5,000 მხედარი
9,000 ჰოპლიტი[2]
4,000 ჰიპასპისტი და მშვილდოსანი (არიანე)
20,000 მხედარი
20,000 ქვეითი[3]
დანაკარგები
დაახ. 100 მხედარი დაიღუპა
30 ქვეითი მოკვდა, შედარებით მეტი დაიჭრა
3,000 ქვეითი დაიღუპა ან მძიმედ დაიჭრა
1,000-2,000 მხედარი დაიღუპა
2,000 დაატყვევეს
გრანიკოსის ბრძოლა ვიკისაწყობში

გრანიკოსის ბრძოლა[4] (ბერძ. Μάχη του Γρανικού) (აგრეთვე ცნობილი როგორც მდინარე გრანიკოსის ბრძოლა) — ბრძოლა ალექსანდრე მაკედონელსა და სპარსელებს შორის, რომელიც ძვ. წ. 334 წლის მაისში გაიმართა. ეს იყო მაკედონელების და სპარსელების პირველი მნიშვნელოვანი ბრძოლა, მას შემდეგ რაც ალექსანდრემ ჰელესპონტი გადაკვეთა და მცირე აზიაში შეიჭრა. ბრძოლა გაიმართა მდინარე გრანიკოსზე (დღევანდელი ბაია-ჩაი, თურქეთი). ალექსანდრემ ბრძოლაში დაამარცხა არსიტესი, არსამესი, მითრიდატე და სხვა სპარსელი მეთაურები, რომელთან ერთადაც იბრძოდნენ დაქირავებული ბერძნები მემნონ როდოსელის მეთაურობით. შეტაკებაში მრავალი სპარსელი მეთაური დაეცა. ბრძოლამ ალექსანდრეს სახელი და რეპუტაცია მოუხვეჭა. გრანიკოსის შეტაკების შემდეგ ბევრი ქალაქი ალექსანდრეს უბრძოლველად ნებდებოდა. ბრძოლის შედეგად ალექსანდრემ მცირე აზიის ნახევარი დაიპყრო.

ბრძოლის შემდეგ ალექსანდრემ თავის მოქანდაკეს, ლისიპეს უბრძანა, რომ ბრძოლის ველზე აღემართა ქანდაკებები 25 ჰეტაირი კავალერისტის ხსოვნის პატივსაცემად. ამ ქანდაკებებს ჩვენს დრომდე არ მოუღწევია.

ბრძოლა აღწერილი აქვთ არიანეს, პლუტარქეს, იუსტინიანეს და დიოდორე სიცილიელს. მათგან ყველაზე დეტალურია არიანეს ჩანაწერები.

წინაპირობები

ძვ. წ. 334 წლის მაისში ალექსანდრეს არმიამ 150 ტრირემის მეშვეობით ჰელესპონტი გადაკვეთა.პლუტარქე[5] გვამცნობს, რომ ალექსანდრეს არმიის რაოდენობა სხვადასხვა წყაროების მიხედვით 34,000-დან 46,000 მეომრამდე მერყეობს.[6] მაკედონიაში ალექსანდრემ თავისი გენერალი ანტიპატრე დატოვა 12,000 ქვეითით და 1,500 კავალერისტით.[7]

თავდაპირველად ალექსანდრემ მცირე აზიაში ბერძნული ქალაქების განთავისუფლება დაიწყო. სპარსელები დიდი ხანი იგნორირებას უწევდნენ მაკედონიის არმიის მოქმედებას, თუმცა შემდეგ სასწრაფოდ შეიკრიბა საბჭო საბრძოლო გეგმის შესადგენად ქალაქ ზელეაში. კრებას ესწრებოდნენ არსამესი, რეომითრესი, პეტინესი, ნიფატესი, სპითრიდატესი, მემნონ როდოსელი და სხვა მეთაურები.[8] მათ შორის საუკეთესო იყო დაქირავებული ბერძენის, მემნონ როდოსელის გეგმა. მისი გეგმის მიხედვით, სპარსელებს გადამწყვეტი ბრძოლისთვის თავი უნდა აერიდებინათ და ომი უნდა გაეჭიანურებინათ, უკანდახევისას კი მტრისთვის არმიის მომარაგება გაერთულებინათ. ამავე დროს თავიანთი სახმელეთო და საზღვაო ძალები მაკედონიისკენ უნდა გადაესროლათ და ომი აზიიდან ევროპაში გადაეტანათ.[9] თუმცა სპარსელმა მეთაურებმა ეს გეგმა არ მოიწონეს. მათ გადაწყვიტეს ალექსანდრესთან ბრძოლა გაემართათ. ორი არმია ერთმანეთს მდინარე გრანიკოსთან შეხვდა.

მოწინააღმდეგეთა ძალები

 
მოწინააღმდეგეთა განლაგება ბრძოლის ველზე

არმიის მარცხენა ფლანგს პარმენიონი მეთაურობდა, ალექსანდრე კი მარჯვენა ფლანგს ჩაუდგა სათავეში.

  • მარჯვენა ფლანგზე მან განალაგა შემდეგი მეთაურები: ფილოტა (პარმეონიონის ძე), რომლის განკარგულებაშიც თავისმხრივ იყო 1,800 ჰეტაირი კავალერისტი, 500 კრეტელი მშვილდოსანი და 500 აგრიანელი პელტასტი; ამინტასი (არაბეუსის ძე) 600 გრძელშუბიანი კავალერისტით (სარისოფოროი), 150 პეონიელით და სოკრატეს ესკადრონით (200 მეომარი); მათთან ახლოს განლაგებულები იყო 3,000 ჰეტაირი ჰიპასპისტი ნიკანორის (პარმეონიონის ძე) მეთაურობით.
  • ცენტრში განლაგებული იყო ფალანგების 6 ბრიგადა პერდიკასის, კოენუსის, კრატერუსის, ამინტასის (ანდრომენესის ძე), ფილიპეს (ამინტასის ძე) და მელეაგრეს მეთაურობით. თითოეულ ბრიგადაში შედიოდნენ 1,500 მებრძოლი, რაც საერთო 9,000 ჰოპლიტს შეადგენს. ჰოპლიტების რაოდენობაზე სხვა მოსაზრებებიც არსებობს. ჯეისონ ებოტის მიხედვით ცენტრში 16,000 ჰოპლიტი იყო განლაგებული, მოერბეკერის მიხედვით კი 22,000.
  • მარცხენა ფლანგი შედგებოდა 1,800 თესალიელი კავალერისტისგან, რომელსაც მეთაურობდა კალა; აგოთოს დაქვემდებარებაში მყოფი თრაკიელებისგან და ბერძენი კავალერისტებისგან, რომელსაც სათავეში ედგა ფილიპე (მენელაოსის ძე). საერთო ჯამში პარმენიონის დაქვემდებარებაში იყო 2,700 კავალერისტი.[10]

მემნონ როდოსელი და სატრაპი არსამესი თავიანთი კავალერიით სათავეში ჩაუდგნენ მარცხენა ფლანგს. მათ გვერდით განლაგებული იყვნენ პაფლაგონიელი მხედრები არსიტესის მეთაურობით. შემდეგ მოდიოდა იონიის სატრაპი სპითრობატესი, რომლის განკარგულებაშიც იყვნენ ჰირკანიელი კავალერისტები. მარჯვენა ფლანგზე განლაგებულები იყვნენ 1,000 მედელი, რეომითრესის 2,000 კავალერისტი და დაახლოებით ამდენივე ბახტრიელი. ცენტრი კი დაკავებული ჰქონდათ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს. კავალერიის უკან განლაგებული იყვნენ დაქირავებული ბერძნები, რომელსაც სპარსი მეთაური ომარი მეთაურობდა[11]

არიანეს მიხედვით სპარსელების არმია შედგებოდა 20,000 კავალერისტისგან და 20,000 ქვეითისგან. დიოდორეს მიხედვით კი არმიაში 10,000-ზე ოდნავ მეტი მხედარი შედიოდა, ქვეითების რაოდენობად კი ის 100,000 ასახელებს, თუმცა ეს რიცხვი ნაკლებად სარწმუნოა. ზოგიერთი წყაროების მიხედვით სპარსელთა ქვეითი ჯარი მხოლოდ ხუთი ათასს შეადგენდა.

ბრძოლა

გრანიკოსის ბრძოლის ამსახველი რუკა
 
მაკედონელების შეტევა
 
მოწინააღმდეგეთა გადაადგილება ბრძოლის ველზე

ბრძოლას წინ უძღოდა ალექსანდრესა და პარმენიონის ლაპარაკი. პარმენიონმა ალექსანდრეს ურჩია, რომ დაბანაკებულიყვნენ და მეორე დღემდე არაფერი მოემოქმედებინათ. ასეთ შემთხვევაში სპარსელები ან უკან დაიხევდნენ[12] ან მდინარის მეორე ნაპირზე გადმოსვლას დაიწყებდნენ. სანამ მწყობრში ჩადგომას მოასწრებდნენ კი მაკედონელები მათზე იერიშს მიიტანდნენ. პარმენიონის აზრით იმ შემთხვევაში კი თუ ალექსანდრე შეტევას ახლავე დაიწყებდა ვერ მოასწრებდა არმიის განლაგებას სპარსელების იერიშამდე. ალექსანდრემ პარმენიონის რჩევა არ მიიღო[13] და უპასუხა:

 
„ჰელესპონტის ასე მარტივად გადაკვეთის შემდეგ, ამ პატარა ღელემ როგორ უნდა შეძლოს ჩვენი თუნდაც მცირე შეყოვნება“
(არიანე - ალექსანდრეს აზიის კამპანიის ძირითადი ბრძოლები, გვ.3)

პირველი იერიში

სპარსელებზე პირველი იერიში ამინტასმა (არაბეუსის ძე) მიიტანა პეონიელი კავალერისტებით და ჰიპასპისტების მცირერიცხვოვანი დანაყოფით, სოკრატეს ესკადრონთან ერთად. ამინტასისა და სოკრატეს ჯარისკაცებს სპარსელების მარცხენა ფრთის კავალერისტებმა ჯერ ნატყორცნი შუბები შეაგებეს, შემდეგ კი მემნონი თავისი კავალერისტებით მათკენ გაქანდა და ხელჩართული ბრძოლა გაუმართა. მაკედონელები მოწინააღმდეგესთან შედარებით გაცილებით მცირერიცხვოვანნი იყვნენ. ბევრი მათგანი მტრის მიერ ნასროლ შუბებს ეწირებოდა. ისინი ვალდებულნი იყვნენ მტრის წინააღმდეგ ებრძოლათ პირდაპირ მდინარიდან, სადაც მიწა არამყარი იყო. ეს სპარსელებს დამატებით უპირატესობას აძლევდა. სოკრატეს ორასკაციანმა ელიტარულმა ესკადრონმა 25 მხედარი დაკარგა. მას შემდეგ კი, რაც მემნონს სხვა სპარსელებიც წამოეხმარნენ, მაკედონელებმა სერიოზული დანაკარგები იგემეს. ასე რომ სპარესლებმა ეს იერიში მოიგერიეს. მაკედონელების დიდი ნაწილი დაიღუპა, დანარჩენებმა ალექსანდრესკენ დაიხიეს.[14]

ალექსანდრეს კავალერიის ძირითადი შეტევა

 
კლიტოს შავმა ალექსანდრე გადაარჩინა სიკვდილისგან
"ბრძოლის დროს ალექსანდრეს შუბი გადაუტყდა და თავის ერთ-ერთ მცველს, არიტესს მიმართა, რომლის მოვალეობაც იყო მეფისთვის ახალი ცხენის და შუბის მიცემა. თუმცა არიტესის შუბიც ნაფლეთებად ქცეულიყო და ამიტომ ალექსანდრეს მოუწია მცირე ხნით გადატეხილი შუბით ბრძოლა. ცოტა ხნის შემდეგ დემარატუს კორინთელმა უბოძა მას თავისი შუბი. ამ დროს ალექსანდრემ შენიშნა დარიოსის სიძე მითრიდატე, მაშინვე გამოეყო თავისიანებს და სპარსელს შუბი პირდაპირ სახეში აძგერა. ამ დროს ალექსანდრესთან გაჩნდა როსაკესი, რომელმაც თავისი ხმალი თავში აძგერა ალექსანდრეს. მაკედონიის მეფე სიკვდილს მხოლოდ მუზარადმა გადაარჩინა. საპასუხოდ ალექსანდრემ როსაკესს შუბი გულმკერდში ატაკა და მიწაზე გადმოაგდო. შემდეგ როსაკრესის ძმამ, სპითრიდატესმა შეუტია ალექსანდრეს ზურგიდან. მას უკვე აღმართული ჰქონდა მახვილი ალექსანდრეზე, როდესაც კლიტოს შავმა მას ხმლიანად მოაჭრა ხელი, შემდეგ კი სიცოცხლეს გამოასალმა, რითაც მეფე სიკვდილისგან იხსნა.[15]"
ფლავიუს არიანე აღწერს ალექსანდრე დიდის ბრძოლას სპარსელი სატრაპების წინააღმდეგ.ალექსანდრეს აზიის კამპანიის ძირითადი ბრძოლები, გვ.6

მაკედონელების შემდეგი შეტევა ისევ მარჯვენა ფლანგიდან დაიწყო. ამჯერად შეტევას ალექსანდრე თვითონ წარუძღვა. მან მთელი მარჯვენა ფლანგით სპარსელების მარცხენა ფრთაზე მიიტანა შეტევა, სადაც იმ დროს თავმოყრილნი იყვნენ სპარსელი მეთაურების და სატრაპების უმეტესობა.

 
ალექსანდრეს კავალერისტების მძვინვარე შეტევა გრანიკოსის ბრძოლაზე, ანდრე კასტანის ნამუშევარი

მოწინააღმდეგეთა შორის ხელჩართული, პოზიციური ბრძოლა გაიმართა და იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთს მხედრები ებრძოდნენ, შეტაკება ქვეითებისას უფრო ჰგავდა. მაკედონელები ცდილობდნენ, რაც შეიძლება შორს შესულიყვნენ სანაპიროზე და დანარჩენებისთვის გაეადვილებინათ მდინარის ფონზე გადმოსვლა. სპარსელები პირიქით ცდილობდნენ მაკედონელები უკუეგდოთ და მდინარეში გადაეყარათ. ამ ბრძოლის დროს ალექსანდრემ დახოცა სპარსელი მეთაურები:მითრიდატე და როსაკესი. ამ უკანასკნელის ძმა, სპითრიდატესი კი კლიტოს შავმა გამოასალმა სიცოცხლეს მაშინ, როდესაც მას უკვე აღმართული ჰქონდა მახვილი ალექსანდრეზე. [16]

ამ ბრძოლის პარალელურად მაკედონელების ცენტრში თავმოყრილმა ჰოპლიტებმა მდინარის გადალახვა დაიწყეს. სპარსელებს წინა ხაზზე ქვეითები არ ჰყავდათ განლაგებული, მათ ცენტრს კი, რომელიც მხოლოდ მხედრებისგან შედგებოდა, მხოლოდ ის შეეძლო ფალანგებისთვის მანამდე დაეშინა შუბები სანამ, ამის საშუალება ექნებოდათ. საკვირველია, რომ დაქირავებული ბერძნები(ფალანგები) ადგილიდანაც არ დაძრულან მას, შემდეგ რაც მაკედონელმა ქვეითებმა შეტევა დაიწყეს. ამას არიანე იმით ხსნის, რომ ბერძნები "შეცბუნებულები" იყვნენ.[17]

 
მაკედონური კავალერიის შეტევა

სპარსელების მარჯვენა ფრთამ იერიში მიიტანა პარმენიონის კავალერიაზე, რომელიც მაკედონელების მარცხენა ფლანგზე იყო განლაგებული, თუმცა ბერძენმა და თესალიელმა მხედრებმა შეტევა უკუაგდეს და საპასუხოდ თვითონ დაიწყეს მდინარის გადალახვა.[18]

ამასობაში ალექსანდრეს კავალერისტებმა და ჰიპასპისტებმა უპირატესობა მოიპოვეს სპარსელებზე. სპარსელი მეთაურების უმეტესობა დაიღუპა. ამან მათ რიგებში არეულობა გამოიწვია და საბოლოოდ დაახლოებით ერთსაათიანი ბრძოლის შემდეგ მათ გაქცევა დაიწყეს. 1000-მდე სპარსელი დაიღუპა. დანარჩენები გაიქცნენ. სპარსელების მარცხენა ფლანგთან ერთად გაქცევა დაიწყეს ცენტრსა და მარჯვენა ფრთაზე განლაგებულმა კავალერისტებმაც, რომლებიც შესაბამისად ფალანგებმა და პარმენიონის კავალერიამ შეავიწროეს. ალექსანდრეს მტრის დევნა დიდხანს არ განუგრძია, რადგან ბრძოლის ველზე ჯერ კიდევ დარჩენილნი იყვნენ ბერძენი ჰოპლიტები.

დაქირავებული ბერძნების გარშემორტყმა

მას შემდეგ, რაც მაკედონელებმა მთელი სპარსელი მხედრობა გააქციეს, ალექსანდრემ მთელი არმია სპარსეთის არმიაში მომსახურე, დაქირავებული ბერძნებისკენ მიმართა, რომელთაც ომარესი მეთაურობდა . მან განიზრახა ბერძენი ქვეითების გარშემორტყმა. მაკედონურმა ფალანგებმა პირდაპირი იერიში მიიტანეს მათზე. პარმენიონის კავალერიამ 5,000 ბერძენს მარჯვნიდან შემოუარა და ზურგიდან დაარტყა. იგივე გააკეთა ალექსანდრემაც ბერძნების მარცხენა ფლანგთან. ასე, რომ ბერძნებს გასაქცევი არსაითღა დარჩათ. ბრძოლა დიდ ხანს გაგრძელდა. როგორც ბერძნებმა, ასევე მაკედონელებმაც დიდი დანაკარგები განიცადეს. ალექსანდრეს ბრძოლაში ცხენიც კი დაეღუპა (არა ბუცეფალა)[19] ბერძენი ჰოპლიტები მთლიანად განადგურდნენ. მაკედონელებმა 2,000 მებრძოლი დაატყვევეს. არიანეს სიტყვებით:

 
„ვერავინ შეძლო გაქცევა, მათ გარდა ვინც მოახერხა დაღუპული ამხანაგების გვამებს შორის დამალვა“
(არიანე - ალექსანდრეს აზიის კამპანიის ძირითადი ბრძოლები, გვ.7)

დანაკარგები

 
ალექსანდრე დიდი გრანიკოსის ბრძოლის ველზე, კორნელის ტრუსტის ნამუშევარი

სპარსეთის არმია

ამ ხანის სხვა ბრძოლებისგან განსხვავებით, სპარსელების კავალერისტების დანაკარგები ძალზედ მცირე იყო. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ალექსანდრეს მათი დევნა დიდხანს არ გაუგრძელებია. მათმა მარცხენა ფლანგმა ბრძოლაში 1,000 მებრძოლი დაკარგა. დაახლოებით ამდენივე დაიღუპა ცენტრსა და მარჯვენა ფრთაზე განლაგებულ მხედართთაგან. თუმცა ამის მიუხედავად იმ სპარსელი მეთაურთაგან, რომლის სახელების ჩვენ დრომდე შემონახულია, თითქმის ყველა დაეცა ბრძოლის ველზე. მათ შორის: პეტინესი, ნიფატესი, სპითრიდატესი, მითრიდატე, ომარესი, როსაკრესი, მითრობუზანესი, არბუპალესი და ფარნაკესი. არსიტესმა კი, რომელმაც ბრძოლის ველიდან გაქცევა მოახერხა, ფრიგიაში თავი მოიკლა.[20]

5,000-იანი ბერძნული შენაერთი მთლიანად განადგურდა, რადგან ალექსანდრემ მათი გარშემორტყმა შეძლო და გასაქცევი არ დაუტოვა. 3,000 მებრძოლი დაიღუპა ან მძიმედ დაიჭრა, 2,000 კი დაატყვევეს.

მაკედონიის არმია

მაკედონელთა რიგებში დანაკარგები გაცილებით მცირეა. პირველი იერიშის დროს დაიღუპა 25 ჰეტაირი კავალერისტი სოკრატეს ესკადრონიდან, რომელთაც ალექსანდრეს სკულპტორმა ლისიპემ ბრძოლის ველზე აღუმართა 25 ქანდაკება მათი ხსოვნის პატივსაცემად. ქანდაკებებს ჩვენ დრომდე არ მოუღწევია. მათ გარდა ასევე დაეცა 60-დან 100-მდე მხედარი.[21] არიანეს მიხედვით მაკედონელ ქვეითებს შორის მხოლოდ 30 მებრძოლი დაიღუპა.[22] თუმცა მათ შორის დაჭრილთა რიცხვი შედარებით მრავალრიცხვოვანია. ასეთი მცირე დანაკარგები იმითაა განპირობებული, რომ ქვეითებმა ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი მხოლოდ ბერძნების წინააღმდეგ ითამაშეს.

ლიტერატურა

  • ფლავიუს არიანე - ალექსანდრეს აზიის კამპანიის ძირითადი ბრძოლები
  • შეფარდი - ალექსანდრე დიდი ომებში: მისი არმია - მისი ბრძოლები - მისი მტრები
  • მაიკლ ტომპსონი, რიჩარდ ჰუკი - გრანიკოსი ძვ. წ. 334: ალექსანდრეს პირველი სპარსული გამარჯვება
  • დიოდორე სიცილიელი - ისტორიის ბიბლიოთეკა
  • პლუტარქე - ალექსანდრე
  • ლევან სანიკიძე - ალექსანდრე მაკედონელი
  • ვალდემარ ჰეკელი, ჯონ იარდლი - ალექსანდრე დიდი: ისტორიული ტექსტების თარგმანი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ბრძოლის შემდეგ მოიკლა თავი
  2. ებოტის მიხედვით 16,000, მოერბეკერის მიხედვით კი 22,000.
  3. არიანე - ალექსანდრეს აზიის კამპანიის ძირითადი ბრძოლები, გვ.4
  4. ქსე, ტ. 1, გვ. 294-295, თბ., 1975
  5. პლუტარქე - ალექსანდრე, გვ. 10
  6. დიოდორეს მიხედვით არმია შეადგენდა 32,000 ქვეითსა და 4,500 კავალერისტს, არიანესა და ებოტის მიხედვით კი 30,000 ქვეითს და 5,000 კავალერისტს
  7. დიოდორე სიცილიელი, ისტორიის ბიბლიოთეკა, VIII ნაწილი (XVII წიგნი), გვ.167
    ლევან სანიკიძე - ალექსანდრე მაკედონელი, თბილისი, 1985, გვ. 60
  8. არიანე - ალექსანდრეს აზიის კამპანიის ძირითადი ბრძოლები, გვ. 3
  9. დიოდორე სიცილიელი, ისტორიის ბიბლიოთეკა, VIII ნაწილი (XVII წიგნი), გვ.169
    არიანე, 1.12.9.
  10. არიანე - ალექსანდრეს აზიის კამპანიის ძირითადი ბრძოლები, გვ.4
    მაიკლ ტომპსონი, რიჩარდ ჰუკი - გრანიკოსი ძვ. წ. 334: ალექსანდრეს პირველი სპარსული გამარჯვება, გვ.56
  11. დიოდორე სიცილიელი, ისტორიის ბიბლიოთეკა, VIII ნაწილი (XVII წიგნი), გვ.173
  12. ლევან სანიკიძე - ალექსანდრე მაკედონელი, თბილისი, 1985, გვ. 75
  13. დიოდორე ამ ამბავს საპირისპიროდ ყვება. მისი ნაწერებიდან ირკვევა, რომ ალექსანდრემ მოქმედება მხოლოდ მეორე დღის განთიადისას დაიწყო და არმია მეორე ნაპირზე მანამდე განალაგა, სანამ სპარსელები მის შეჩერებას შეძლებდნენ
  14. შეფარდი - ალექსანდრე დიდი ომებში: მისი არმია - მისი ბრძოლები - მისი მტრები, დიდი ბრიტანეთი, 2008, გვ.119
    ალექსანდრეს აზიის კამპანიის ძირითადი ბრძოლები, გვ.5
  15. დიოდორესა და პლუტარქესაც აქვთ მოყოლილი მსგავსი ამბავი თავიანთ ნაშრომებში, თუმცა მცირე განსხვავებებით
  16. არიანე - ალექსანდრეს აზიის კამპანიის ძირითადი ბრძოლები, გვ.6
  17. შეფარდი - ალექსანდრე დიდი ომებში: მისი არმია - მისი ბრძოლები - მისი მტრები, დიდი ბრიტანეთი, 2008, გვ.120-22
    მაიკლ ტომპსონი, რიჩარდ ჰუკი - გრანიკოსი ძვ. წ. 334: ალექსანდრეს პირველი სპარსული გამარჯვება, გვ.72
  18. დიოდორე სიცილიელი - ისტორიის ბიბლიოთეკა, VIII ნაწილი (XVII წიგნი), გვ.173
  19. პლუტარქე - ალექსანდრე, გვ.12
  20. არიანე - ალექსანდრეს აზიის კამპანიის ძირითადი ბრძოლები, გვ.7
  21. არიანეს მიხედვით 60, იუსტინიანეს თქმით კი 120.
  22. იუსტინიანე და პლუტარქე თავის ნაწერებში საუბრობენ მხოლოდ 9 დაღუპულზე.


  ომის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ომის შესახებ.
  ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ისტორიის შესახებ.