გორული თეთრიქართული თეთრყურძნიანი სელექციური საღვინე ვაზის ჯიში.

1950 წელს მიღებულია სელექციონერ ვასილ ბესტავაშვილის მიერ შასლა თეთრისა და ჩინურის შეჯვარებით.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი ცილინდრულ-კონუსურია. გვხვდება ცილინდრული და კონუსური ფორმისაც. ზოგჯერ ფრთიანია, საშუალო სიკუმსის ან იშვიათად კუმსი. გვხვდება თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი, ღია-მწვანე, მოთეთრო-მოყვითალო ელფერით, მზის მხარეს ქარვისფერია. კანი საშუალო სისქისაა, თხელი, მოთეთრო ცვილისებრი ფიფქით დაფარული. რბილობი საკმაოდ წვნიანია, წვენი — ტკბილი და სასიამოვნო.

ვაზი ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში 25 სექტემბრამდე შედის. ამ პერიოდისათვის ყურძნის წვენის შაქრიანობა საშუალოდ 20.2%-ია, მჟავიანობა — 7.2 გ/ლ.

გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად. გორული თეთრისაგან დამზადებული ღვინო ღია ჩალისფერია, გამჭვირვალე, სასიამოვნო გემოთი, ხალისიანი სიმჟავითა და ჯიშური არომატით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 542-543