გომბორის ამაღლების ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

გომბორის ამაღლების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის ჩრდილოეთით 2-2,5 კილომეტრზე. სავარაუდოდ თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. სამხრეთიდან მას მინაშენი ეკვროდა, რომელიც ეკლესიის ძირითად ნაწილთან წყობით იყო დაკავშირებული. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. ამჟამად მისგან, აფსიდის შესაბამისი გვერდებითურთ, შემორჩენილია: სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეები და სამხრეთი კედელი. თუმცა, წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი მათაც აკლია. სამხრეთი კედელი აფსიდის შესაბამის მხართან ახლოს, გახეთქილია, კედლის დასავლეთ ნაწილი დაძრულია და გადაქცევის პირასაა მისული. დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლების კვალიც კი აღარ ჩანს. ეკლესიის შიგნით ამოსულია ხეები. ინტერიერი 1-1,5 მეტრ სიმაღლეზე მიწითა და ქვებითაა ამოვსებული, მინაშენი კი მთლიანად დანგრეულია.

ეკლესიის შემორჩენილი კედლები ქვიშაქვის ახვადასხვა ზომის, სრულიად დამიშავებილი, ნატეხი ქვითა და კირის დუღაბითაა ნაგები. წყობაში, ალაგ-ალაგ ჩართულია ლოდებიც. წყობა ქაოსურია.

ეკლესიის შესასვლელი სამხრეთიდან, მინაშენიდან ჰქონდა. კარი გარედან მთლიანი, მოგრძო ქვითაა გადახურული, შიგნით კი - თხელი ქვებით გამოყვანილი თაღით, რომელიც ფორმით ნახევარწრეს უახლოვდება. ჰქონდა თუ არა ეკლესიას კიდევ სხვა შესასვლელი, გათხრა-გასუფთავების გარეშე დადგენა შეუძლებელია.

აფსიდს, როგორც ეს შემორჩენილი ნაწილებიდან დგინდება, ნახევარწრიული მოხაზულობა ჰქონია. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში, იქ, სადაც კედელი ყველაზე თხელია, მცირე ზომის ოთკუთხა ნიშაა. მსგავსი ნიშაა აფსიდის სამხრეთ გვერდშიც ყოფილა მოწყობილი ( შემორჩენილია ნაწილი). აფსიდის კუთხებიდან მხოლოდ სამხრეთისღაა შემორჩენილი, რომელიც თითქმის მთელ სიმაღლეზე დგას. აფსიდი დასრულებული იყო კონქით. მისი წყობის რამდენიმე ქვა აფსიდის ჩრდილოეთ გვერდს შემორჩა.

სამხრეთ კედელში, შესასვლის ასწვრივ, კედლის კონტურის მიხედვით ჩანს, რომ ამ ადგილას სარკმელი იყო გაჭრილი.

ეკლესიის მინაშენიდან შემორჩენილია მხოლოდ კამარის ნაშთი, რომელიც სამხრეთ კედელს თითქმის აღმოსავლეთ კიდემდე გასდევა. აქედან ირკვევა, რომ მინაშენი უაფსიდო იყო და აღმოსავლეთით სწორი კედლით სრულდება.

ლიტერატურა რედაქტირება