გოთანა — წვიმის გამოწვევის რიტუალის აღმნიშვნელი ტერმინი და ამ რიტუალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი-ქალი პანკისელ ქისტებში და არამარტო ქისტებში.

აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი გვალვების პერიოდში ქისტი ქალები წყაროზე იკრიბებოდნენ გოთანა-ნანასთან. ამ დროს კავს ან გუთანს გამართავდნენ და ზემოთ თეთრ სამოსში ჩაცმულ დედაბერს დასვამდნენ. ეს უკანასკნელი უხუცესი დედაბერი დაილოცებოდა და უზენაესს პირობას მისცემდა, რომ წვიმის მოსვლამდე მარხვას შეინახავდა და მხოლოდ და მხოლოდ წვიმის წყლით გაიხსნილებდა მარხვას. ამ რიტუალის შემდგომ უღელში შებმულ ქალთა და მათ თანმხლებთა პროცესია წვიმაზე ხმამაღალი ლოცვით წყაროსკენ მიდიოდა.

გუთანზე მჯდომი დედაბერი გზად სიმღერას მღეროდა, რომელიც ამ რიტუალის განუყოფელი ნაწილი იყო და უზენაეესსა და ჭექა-ქუხილის ღვთაებას წვიმის გამოგზავნას ევედრებოდა.

წყაროსთან მისული ქალები კავს ნაკადულის ფსკერზე ორსამჯერ გაატარებდნენ და თან ამ დროს ერთმანეთს წუწავდნენ წყლით, ცდილობდნენ გამვლელი მამაკაცების დასველებასაც კი. ამ ყველაფრის შემდგომ, სოფელს კარდაკარ დაივლიდნენ და მოსახლეობას თხოვდნენ შემწეობას, ფულსა და პროდუქტებს შეკრებდნენ. შეგროვებული ფულით კი ციკანს შეიძენდნენ, დაკლავდნენ. გაშლიდნენ სუფრას, რომელზედაც აუცილებლად ობლებს მოიწვევდნენ ხოლმე.

სუფრაზე დასხდომის წინ ასაკით უფროსი, უხუცესი მამაკაცი ღვთის მიმართ ლოცვას აღავლენდა. დაახლოებით ლოცვის ტექსტი ასეთი იყო: ღმერთო, ჩვენს ცოდვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ. ჩვენ ისე უცოდველად არ ვთვლით თავს, რომ შენ მოგმართოთ; თუ არა, შენ, აბა, ვის უნდა შევთხოვოთ? თუ შენ არ მოგვცემ, აბა, ვინ უნდა მოგვცეს...

ამ ლოცვის შემდეგ სუფრას მიუსხდებოდნენ და ამ სარიტუალო დღეს ცეკვა-სიმღერით დაასრულებდნენ.

გვალვების დროს მსგავსი მაგიური წესის შესრულება ფართოდ იყო გავრცელებული ვაინახებისა და კავკასიის სხვა ხალხების ყოფაში, მათ შორის აღსანიშნავია სომხები და ქართველებიც.

როგორც ჩანს, გვალვების შემთხვევაში წყაროთა გაღრმავება და გასუფთავება რეალურად წყლის, განსაკუთრებით სასმელი წყლის უკმარისობის საწინააღმდეგო ღონისძიება იყო. დამშრალი კალაპოტის „გადახვნას“ ანუ მიწისქვეშა წყლების გახსნას, მაგიური ქმედების გზით, ზეციური წყლის ანუ წვიმის „გახსნა“ უნდა გამოეწვია. სწორედ ეს მაგიური ძალა, ეს რიტუალი ამას ასრულებდა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ მსგავსი რიტუალის დროს, გამოთხოვილი წვიმა ანუ გაავდრება ყოველთვის როდი იყო კეთილისმყოფელი: არცთუ იშვიათად, დამწიფებული მოსავალი ისეტყვებოდა კიდეც და მოსახლეობა ჭირნახულის გარეშე რჩებოდა. ამიტომ ვაინახები მაგალითად მიმართავდნენ სხვადასხვა საშუალებებს, რითაც ნათესები უნდა დაეცვათ. ასე მაგალითად: სეტყვის დროს ეზოებში ცულს ან თოხს და სხვა სახის რკინის საგნებს გადმობრუნებულ მდგომარეობაში დებდნენ, ასევე იცოდნენ ასევე სამსხვერპლო ცხოველის ქონის ან ძვლის დაწვაც.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მ. ალბუთაშვილი, პანკისის ხეობა: ისტორიულ-ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული აღწერა. თბ., 2005.
  • ნ. ანთელავა, კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. თბ., 2017