გიორგი ერისთავი (მხატვარი)

გიორგი კონსტანტინეს ძე ერისთავი (დ. 1891 — გ. 1982, თბილისი) — ქართველი მხატვარი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ქართველი საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე (კოწია) ერისთავის ოჯახში. მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიასა და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, გამოჩენილ ქართველ მხატვართან და სამუზეუმო საქმის დიდ ამაგდართან დიმიტრი შევარდნაძესთან. მათ უდიდესი წვლილი მიუძღვთ ძველი ქართული ფრესკების გადმოღებასა და გადარჩენაში. აღნიშნულთან დაკავშირებით მიხეილ ჭიაურელი იგონებს:

 
„ჩვენ პირველ ექსპედიციაში სოფელ ნაბახტევში ვიყავით, სადაც კატასტროფულ მდგომარეობაში იყო და ინგრეოდა ქუცნა ამირეჯიბის XVI საუკუნის ეკლესია. შესანიშნავი ფრესკები იღუპებოდა. ამ ექსპედიციაში იყვნენ კიდე მოსე და მისი შვილი ირაკლი თოიძეები, გიორგი ერისთავი. ეს იყო გულმოდგინე, თავდადებული, ჩვენი კულტურის მოყვარული კოლექტივი, დიდი სიხარულით და სიყვარულით იღებდა თითოეულ ფრესკას.“

გიორგი ერისთავმა 1917 წელს თბილისის სახაზინო თეატრში გაფორმა შ. დადიანის პიესა „მღვიმეში“. გატაცებული იყო ფილოსოფიით. გ. გურჯიევთან ერთად ხელმძღვანელობდა ქართველ შტაინერისტთა მოძრაობას. თბილისში სახელმწიფო მუზეუმის პირელ სართულზე ხშირად აწყობდა შტაინერისტ მხატვართა თავყრილობებს. საბჭოთა პერიოდში გახდა რეპრესიების მსხვერპლი, ციმბირში გადაასახლეს ორჯერ, 1937 წელს გაათავისუფლეს სახელმწიფო მუზეუმიდან. თბილისში შეიქმნა ნახატების სერია: „ავტოპორტრეტი“, „შოთა რუსთაველი“, „თამარისა და რუსთაველის გაბაასება“. დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 26