გიგა ნორაკიძე

ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი

ანატოლი (გიგა) ნორაკიძე (დ. 30 მარტი, 1930, ოჩამჩირე, საქართველოს სსრ — გ. 27 თებერვალი, 1995, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების რიგით მეორე მწვრთნელი. იცავდა ოჩამჩირის „დინამოს“, სოხუმის „დინამოს“, თბილისის „სპარტაკის“, ოდო-სა და თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 30 მატჩი (8 გოლი). სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ იყო ცხაკაიას „განთიადის“, ქუთაისის „ტორპედოს“, ტყიბულის „მეშახტის“, გორის „დილას“, მახარაძის „მერცხალის“, სოხუმის „დინამოს“, სამტრედიის „ლოკომოტივის“, სოხუმის „ცხუმის“, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „ანცის“ მთავარი მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1957).[1]

გიგა ნორაკიძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ანატოლი ლევანის ძე ნორაკიძე
დაბადების
თარიღი
30 მარტი, 1930
დაბადების
ადგილი
ოჩამჩირე,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
27 თებერვალი, 1995 (64 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1948–1949 დინამო ოჩამჩირე
1950 დინამო სოხუმი
1951 სპარტაკი თბილისი 25 (8)
1952–1953 ოდო თბილისი 16 (4)
1953 სპარტაკი თბილისი 12 (2)
1954–1957 ოდო თბილისი
1958 დინამო თბილისი 5 (0)
1959 სკვო თბილისი 22 (2)
სამწვრთნელო კარიერა
1961 განთიადი ცხაკაია
1963–1965 ტორპედო ქუთაისი (ასისტენტი)
1966–1968 ტორპედო ქუთაისი
1969 მეშახტე ტყიბული
1970 დილა გორი
1971–1972 მერცხალი მახარაძე
1973–1977 ტორპედო ქუთაისი
1977–1978 დინამო სოხუმი
1979 ტორპედო ქუთაისი
1981–1982 ლოკომოტივი სამტრედია
1983 ლოკომოტივი სამტრედია
1983–1984 ტორპედო ქუთაისი
1987–1989 დინამო სოხუმი
1989–1991 ცხუმი სოხუმი
1991–1992 საქართველო
1992–1993 ტორპედო ქუთაისი
1994 ანცი თბილისი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბიოგრაფია რედაქტირება

ანატოლი ლევანის ძე ნორაკიძე დაიბადა 1930 წლის 30 მარტს ოჩამჩირეში. ფეხბურთის თამაში დაიწყო 1945 წელს ოჩამჩირის მოზარდთა გუნდში. შემდეგ 1948–1949 წლებში ადგილობრივ „დინამოში“ თამაშობდა, სადაც მწვრთნელთა ყურადღება თავიდანვე მიიქცია. 1950 წელს ის სოხუმის „დინამოში“ გადავიდა, სულ მალე კი საქართველოს იმ პერიოდის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში „სპარტაკში“ იწვევენ[2] და იქ 1951–1953 წლებში წარმატებით ასპარეზობს. შემდეგ ამიერკავკასიის ოფიცერთა სახლის გუნდის (ტოდო) ღირსებას იცავდა, საიდანაც მალე საქართველოს წამყვანმა გუნდმა თბილისის „დინამომ“ მიიწვია. 1959 წლის ჩათვლით იგი აქაც მაღალი ოსტატობითა და მონდომებით გამოირჩეოდა. 1960 წელს გიგა საქართველოს მეორე გუნდში — ქუთაისის „ტორპედოში“ გადადის.

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი გულბათ ტორაძე თავის წიგნში „ქართული ფეხბურთი“ იგონებს მატჩებს სადაც გიგა ნორაკიძემ 1951 წლის საკავშირო პირველობაზე თბილისის „სპარტაკის“ შემადგენლობაში[3] განსაკუთრებით გამოიჩინა თავი:

 
„...გულისფანცქალითა და ცუდი წინათგრძნობით მივდიოდით სტადიონზე. აცხადებენ გუნდების შემადგენლობას. ერთმანეთს ცვლიან სახელგანთქმული რუსი ფეხბურთელების ბესკოვის, ტროფიმოვის, სოლოვიოვების, ბლინკოვის, სავდუნინისა და სხვათა გვარები. კარში დგას ყოფილი თბილისელი ვ. სანაია, რომელიც შემდგომ იმ სეზონის საუკეთესო მეკარედ აღიარეს. დაიწყო თამაში და თვალებს არ ვუჯერებთ: ჩვენი ბიჭები ჯიქურ ეკვეთნენ მოსკოველთა კარს და მძაფრად შეუტიეს. მოედანზე ვიხილეთ სრულიად ახალი გუნდი. თითქოს აღდგაო შარშანდელი „სპარტაკი“. განსაკუთრებით ნორაკიძე და კალოევი გამოირჩეოდნენ. კალოევი სისტემატურად უგებდა დუელებს მაღალი ბურთისათვის განთქულ მოსკოველ მცველებს და მალე გოლიც გაიტანეს. ნორაკიძემ კი პირდაპირ მოხიბლა მაყურებლები თავისი თამაშით. ეს 20 წლის ბიჭი მოედანზე მოგვევლინა როგორც შეტევის ნამდვილი ორგანიზატორი და კონსტრუქტორი, რომელსაც ხელში ეპყრა თამაშის სადავეები. მისმა მოულოდნელმა გრძელმა პასებმა პანიკაში ჩააგდო მოსკოველთა დაცვა. საჭირო შემთხვევაში კი ახალგაზრდა ფეხბურთელი საკუთარ თავზე იღებდა თამაშს და ფინტებით გადიოდა „ცხელ ხაზზე“. აღტაცებულები ვადევნებდით თვალს იმ ფანტასტიკურ მეტამორფოზას, რომელიც გუნდს განეცადა რამდენიმე დღეში.

არაჩვეულებრივად დრამატულად წარიმართა მეორე ტაიმი. გამოცდილი მოსკოველები მოეგნენ გონს და ორი საპასუხო გოლიც გაიტანეს. სწორედ ამ დროს ჩვენები ფაქტობრივად ათნი დარჩნენ მოედანზე, რადგან მძიმე ტრავმა მიიღო მცველმა კახნიაშვილმა, მანამდე კი თბილისელებმა შეცვალეს ერთი მოთამაშე. მეტი შეცვლა მაშინდელი წესებით აღარ შეიძლებოდა. მატჩის ბედი გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ თითქოს აქ არაფერიაო, თბილისელებმა კვლავ წამოიწყეს შეტევა. სტადიონი სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს ამ უთანასწორო ორთაბრძოლას და სწორედ ამ დროს მოედანზე გათამაშდა ეპიზოდი, რომელიც სამუდამოდ დარჩა მეხსიერებაში ყველას, ვინც კი ამ დღეს სტადიონზე იყო მოსული. მოხდენილი ფინტებით ნორაკიძე შევიდა მოსკოველთა საჯარიმო მოედანზე, გავიდა პირისპირ კარიდან წინ გამოსულ მეკარე ვ. სანაიასთან და ოსტატურად გადაუგდო მას თავზე ბურთი. რა ხდებოდა ამ დროს ტრიბუნებზე, ძნელი ასაწერია. დამამახსოვრდა წინადადება გაზეთ „ლელოდან“: „ეს იყო გოლი, რომელზეც ოცნებობენ ფორვარდები“. მოსკოველი ფეხბურთელები ხელმეორედ ჩავარდნენ შოკში და უკვე თამაშის მიწურულს კალოევმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

დიდი დრო გავიდა ამის შემდეგ, მაგრამ გულშემატკივრები დღესაც მღელვარებით იგონებენ ამ დაუვიწყარ მატჩს.“

მომდევნო წლებში ნორაკიძე ქუთაისის „ტორპედოს“ წამყვანი მოთამაშე იყო. გუნდმა ა კლასში გამოსვლის უფლებაც მოიპოვა. სხვა რომ ვერაფერი მოუხერხეს, მოსკოველმა ფეხბურთის მამებმა გუნდი, უბრალოდ დაშალეს. ეს მოხდა 1960 წელს და გიგა ნორაკიძის, როგორც ფეხბურთელის კარიერაც, ამით დასრულდა. ნორაკიძე გამოირჩეოდა ნოვატორული თვისებებით და დაჯილდოებული იყო იშვიათი ორგანიზატორული და გამორჩეული პასის ნიჭით.

1961 წლიდან ნორაკიძე მწვრთნელად იწყებს მუშაობას. სხვადასხვა დროს ავარჯიშებდა ტყიბულის „მეშახტეს“, მახარაძის „მერცხალს“, სამტრედიის „ლოკომოტივს“, გორის „დილას“, თუმცა კარიერის ძირითადი ნაწილი ქუთაისის „ტორპედოს“ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გაატარა. 1966–1989 წლებში მისი ხელმძღვანელობით ქუთაისის „ტორპედომ“ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია როგორც საკავშირო ჩემპიონატში, ასევე საერთაშორისო მატჩებში.

მან ქუთაისის „ტორპედოში“ ფეხბურთის მრავალი დიდოსტატი აღზარდა, მათ შორის რევაზ ძოძუაშვილი, გივი და ლევან ნოდიები, ზორბეგ ებრალიძე, ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, თენგიზ სულაქველიძე, რამაზ შენგელია, რომლებიც შემდგომში წარმატებით იცავდნენ თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ღირსებას.

სამწვრთნელო-პედაგოგიურ მოღვაწეობაში დიდი წარმატებებისთვის ანატოლი ნორაკიძეს 1968 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის წოდება.

80-იანი წლების ბოლოს გიგა ნორაკიძე სოხუმის „დინამოს“, შემდგომში „ცხუმად“ წოდებულს ჩაუდგა სათავეში. სადაც იგი განსაკუთრებული მონდომებით მუშაობდა მშობლიური კუთხის გუნდის წარმატებისთვის

1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გიგა ნორაკიძე დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დაინიშნა, რომელსაც 1992 წლამდე იკავებდა.

გარდაიცვალა 1995 წლის 27 თებერვალს, 64 წლის ასაკში.

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

1976 წლის ივნისში დაჯილდოვდა მედლით „შრომითი წარჩინებისთვის“.[4]

გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად გიგა ნორაკიძე საქართველოს XX საუკუნის მესამე საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.[5][6]

ლიტერატურა რედაქტირება

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Норакидзе Анатолий Леванович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-07. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022
  2. С.А. Савин — Первенство СССР по футболу 1951 год —, 1951, გვ. 24
  3. გ. ტორაძე — ქართული ფეხბურთი —, 1997, გვ. 89
  4. დაჯილდოება // „სარბიელი“, 6 ივნისი, 1976, № 110 (5660), გვ. 1.
  5. XX საუკუნის რჩეულები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-21. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2021
  6. საქართველოს ყველა დროის საუკეთესონი // „სარბიელი“, 26 დეკემბერი, 1998, № 238 (773), გვ. 6–7.