გვერგვი, კირკალი — ლითონის საყელური, ყელზე სატარებელი სამკაული. ცნობილია ბრინჯაოს ხანიდან.

აქემენიანური ეპოქის ოქროს გვერგვი სუზიდან, ძვ. წ. IV საუკუნე (ლუვრი, პარიზი)

მიდიაში, აქემენიანთა სპარსეთში, სოგდიანეში, სკვითებსა და სარმატებში წარჩინებულობის ნიშანი იყო. ასეთივე მნიშვნელობა ჰქონდა გვერგვს შუა საუკუნეებში სკანდინავიურ, სლავურ, ვოლგის, ოკის, კამის და ბალტიისპირეთის ხალხებში. ატარებდნენ როგორც მამაკაცები, ისე ქალები. გალიაში თავდაპირველად ქალის სამკაული იყო, შემდეგ ტომთა ბელადების ნიშნად იქცა. ძველ რომში მამაც მებრძოლებს გვერგვებით აჯილდოებდნენ.

საქართველოში გავრცელდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ადრინდელი ანტიკური ხანის ძეგლებში. გვიანდელი ანტიკური ხანიდან აღარ იხმარება.

გვერგვის ნაირსახეობაა ქართულ ეთნოგრაფიულ კულტურაში დადასტურებული ე. წ. ხატის უღელი — ლითონის, უმეტესად რკინის რგოლი (წნავდნენ წნელებისგანაც), რომელსაც მლოცველი ატარებდა ამა თუ იმ ხატის (სალოცავის) სახელობაზე, როგორც შეთქმულობის ნიშანს.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება