გაყრა

ქართულ ისტორიულ ჩვეულებით სამართალში დიდი ოჯახის დაშლას და ქონების განაწილება.

გაყრაქართულ ისტორიულ ჩვეულებით სამართალში ნიშნავდა დამოუკიდებელი ოჯახების შექმნის მიზნით დიდი ოჯახის დაშლას და თითოეული მათგანისთვის საკუთარი ქონების გამოყოფას.

ადრეფეოდალურ საქართველოში ოჯახები ინარჩუნებდნენ საოჯახო თემის ნიშნებს. გვიანფეოდალური ხანიდან კი, როდესაც დიდი ოჯახი მიაღწევდა განვითარების გარკვეულ დონეს, საოჯახო ქონების განაწილებით ხდებოდა დიდი ოჯახის დაშლა — გაყრა. თავადთა სახლეულის გაყრას მისი სოციალური და პოლიტიკური დასუსტება მოსდევდა, მაგრამ გაყრა ყოველთვის არ ნიშნავდა სათავადოს ტერიტორიულ დაშლას.

გაყრა ოჯახის უფროსის, პირველი თაობის უხუცესის გარდაცვალების შემდეგ მიიჩნეოდა მიზანშეწონილად, თუმცა მრავალრიცხოვანი ოჯახის გაყრას მამის სიცოცხლეშიც ხდებოდა. ოჯახის გაყრის შემდეგ, მამისეულ ოჯახში, ტრადიციულად, უმცროსი ვაჟი რჩებოდა. საოჯახო ქონებიდან ყველა ვაჟიშვილს თავისი წილი (ხშირად განსხვავებულიც) გამოეყოფოდა. ქალიშვილს საოჯახო ქონებიდან წილი არ ერგებოდა, მას მხოლოდ მზითევი ეძლეოდა. უფროსი ძმის წილს საუფროსო ანუ საუხუცესო ეწოდებოდა, უმცროსისას — საუმცროსო. შუათანა ძმებისათვის არსებობდა საშუალო სარგო — გასაყოფი გლეხების „ოცისთავი“ (მეოცედი). ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნში მოცემულია ასევე „გასამყრელო“ ანუ მეფის წილი, რომელსაც ის გაყრის განსაკუთრებული შემთხვევების ზედამხედველობისთვის იღებდა. იმ ძმას, რომელიც ოჯახის საერთო ქონებას საგრძნობლად გაზრდიდა, ოჯახის გაყრისას, ამავე სამართლის წიგნის მიხედვით, საჭირნახულო მიეცემოდა.

თანამედროვე გაგებით, გაყრა იგივეა რაც განქორწინება, მეუღლეთა ერთობლივი თანაცხოვრების შეწყვეტა, თუმცა არ წარმოადგენს საკანონმდებლო ტერმინს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბოსტოღანაშვილ ი დ. ოჯახის გაყრის წესები აღმოსავლეთ საქართველოში, ჟურნ. სამართალი N1-2, 1998.
  • ნადარეიშვილი გ., ძველი ქართული საოჯახო სამართალი, თბ., 1996.
  • ხოფერია მ., ოჯახის გაყრის წესები ძველი ქართული სამართლის მიხედვით, სადისერტ. ნაშრ. თბ. 2015.
  • ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 1, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული, თბ. 1963, ი. დოლიძის გამოც.
  • ნადარეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 22.
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.