ბუჩაანის ნამოსახლარი

არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუჩაანის აღმოსავლეთით

ბუჩაანის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუჩაანის აღმოსავლეთით, 400 მეტრზე, მშრალი ხევის ორივე ნაპირას, ხელოვნულად მოწყობილ ორ ტერასაზე. განეკუთვნება XIX საუკუნის დასასრულს. ძეგლი 1978 წელს დაზვერა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა რევაზ რამიშვილი.

აღწერა რედაქტირება

ნამოსახლარზე ნატეხი ქვით ნაგები სამი საცხოვრებელი კომპლექსის ნანგრევებია შემორჩენილი. ერთი კორპუსის ქვედა ტერასაზე მდებარეობს. შედგება ვრცელი საცხოვრებელი სათავსოსა და კალოსგან.

მეორე კომპლექსი შედგება სამი სათავსოსგან. მათგან ორი ქვედა ტერასაზეა, ერთი - ზედაზე. ქვედა ტერასაზე მდებარე სათავსოებისგან ერთი საცხოვრებელია, მეორე - საქონლის სადგომი. მათი ბანი ზედა სათავსოს ეზოა. ზედა სათავსოსგან შემორჩენილია თახჩებით აღჭურვილი ორი კედელი, დედაბოძის საყრდენი ქვის ბალიში და გადახურვის მცირე ნაწილი.

მესამე კომპლექსი მეორეს ჩრდილო-დასავლეთიდან ეკვრის. შეიცავს ორსართულიან საცხოვრებელს, გომურს და კალოს. საცხოვრებლის I სართული და გომური ქვედა ტერასაზეა, II სართული და კალო - ზედა ტერასაზე. ქვედა ტერასაზე მდებარე სათავსოებს აქვთ ვიწრო საჩეხი, ზედას კი - მცირე აივანი, რომელიც გომურის ბანზე გამოდის. შემორჩენილია ხის სვეტებზე დაყრდნობილი სართულშუა გადახურვის ფრაგმენტები. შენობის I სართულზე, გრძივ ღერძზე და გვერდის კედლების გასწვრივ სვეტების ექვს-ექვსი წყვილია. თითოეული წყვილიდან ერთს სართულშუა გადახურვის კოჭები ეყრდნობა, ხოლო მეორეს, რომელიც ორი სართულის სიმაღლისაა - II სართულის გადახურვის კოჭები. ქვედა სართულის შუაში დიდი კერის ნაშთებია.

ლიტერატურა რედაქტირება