ბრუტალიზმი — არქიტექტურული სტილი, რომელიც მოდერნისტულ მიმდინარეობას გამოეყო და 1950-70-იან წლებში გავრცელდა. ადრეული ბრუტალიზმი აღმაფრენას შვეიცარიელი არქიტექტორი ლე კორბუზიეს ნამუშევრებისგან იღებს (კერძოდ მისი Unité d'Habitation შენობისგან) და ლუდვიგ მის ვან დერ როესგან. ტერმინი მომდინარეობს ფრანგული გამოთქმისგან béton brut (უმი ბეტონი), ტერმინი რომლითაც ლე კორბუზიე აღწერდა მის მიერ ამ ტიპის შენობებისთვის შერჩეულ მასალას. ბრიტანელმა არქიტექტურულმა კრიტიკოსმა რეინერ ბენჰემმა ეს ტერმინი „ბრუტალიზმად“ მონათლა (თავდაპ. „ახალი ბრუტალიზმი“), რათა ამომავალი სტილი განესაზღვრა.

ბოსტონის ქალაქმმართველობის შენობა
ტრელიკ ტაუერი, საცხოვრებელი ბინათა კომპლექსი ლონდონში.

სტილი რედაქტირება

ბრუტალისტური შენობებისთვის, როგორც წესი, დამახასიათებელია განმეორებადი კუთხური გეომეტრიები, რომელთა ზედაპირზე განგებ დატოვებულია ხის ყალიბების უხეში ტექსტურა, რომელშიც ბეტონი იყო ჩასხმული. თუმცა ყველა ბრუტალისტური შენობა ბეტონით არ იქმნება. შენობამ ბრუტალისტური ეფექტი შეიძლება მიიღოს მისი კონსტრუქციის მასალის და ექსტერიერის ფორმისა და ფასადის მოუხეშავი, ერთი შეხედვით დაუმთავრებელი იერით. ელისონ და პიტერ სმითსონების კერძო სახლები ძირითადად აგურით არის ნაგები, ხოლო რიჩარდ როჯერსისა და რენცო პიანოს პომპიდუს ცენტრი ხშირად ბრუტალისტურ ნაგებობად აღიქმება. ამგვარი შენობების მასალა შეიძლება იყოს აგური, მინა, ლითონი, ზედაპირულად ნათალი ქვა და მისთ. ასევე, ყველა ე.წ. გამოშიგნული ბეტონის ექსტერიერი არ შეიძლება ჩაითვალოს ბრუტალისტურად, არამედ სხვადასხვა მოდერნისტულ (კონსტრუქტივიზმი, საერთაშორისო სტილი) ან ექსპრესიონისტულ, პოსტმოდერნისტულ, დეკონსტრუქტივისტულ ან სტრუქტურალისტურ სტილს მიეკუთვნოს.

ბრუტალიზმი, როგორც არქიტექტურული სტილი, ასევე ასოცირდებოდა სოციალურ უტოპიურ იდეოლოგიასთან, რომელსაც მისი დიზაინერები იზიარებდნენ. ზოგიერთ ბრუტალისტურ კომპლექსებში პოზიტიური სოციუმის შექმნის წარუმატებლობამ ადრეულ პერიოდში, შესაძლოა გამოწვეული მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ურბანული დაქვეითების უფრო მასშტაბური პროცესებით (განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში), როგორც იდეოლოგიის, ისე ამ არქიტექტურული სტილის კრიტიკისა და არაპოპულარობის გამომწვევი მიზეზი გახდა.

ბრუტალისტური პროექტების კიდევ ერთი საერთო თემა შენობის ფუნქციების გამოაშკარავება, გამოშიგნვაა - მათი სტრუქტურისა და დამხმარე კომუნიკაციების შენობის ექსტერიერში გამოტანაა. ბოსტონის ქალაქის მმართველობის შენობაში (1962) მკვეთრად განსხვავებული და გამოაშკარავებული შენობის ნაწილები ამ კედლების უკან მდებარე ოთახების სპეციალურ დანიშნულებაზე მიუთითებს, იქნება ეს მერის ოფისი თუ ქალაქის საბჭოს სხდომათა დარბაზი. იგივე თემა სხვა პერსპექტივაში არის გამოყენებული ჰანსტანტონის სკოლის შენობაში, რომლის სანკვანძის მომმარაგებელი წყლის ავზი (ჩვეულებისამებრ შენობაში დამალული), განზრახ თვალშისაცემ ადგილას არის გამოყვანილი.

ბრუტალიზმი, როგორც არქიტექტურული სტილი, ასევე ასოცირდებოდა სოციალურ უტოპიურ იდეოლოგიასთან, რომელსაც მისი დიზაინერები უჭერდნენ მხარს, განსაკუთრებით ელისონ და პიტერ სმითსონები, ამ სტილის პოპულარობის მწვერვალზე. კრიტიკოსთა აზრით, ბრუტალიზმის ეს აბსტრაქტული ბუნება სტილს აუცხოებს და არაკომუნიკაბელურს ხდის, მიუხედავად იმისა, რომ სტილის მხადამჭერები მას ინტეგრირებულობასა და დაცულობას მიაწერდნენ. ბრუტალიზმს ასევე აკრიტიკებენ მის გარშემო სოციალური, ისტორიული და არქიტექტურული გარემოს უგულვებელყოფის გამო, რაც უკვე გაშენებულ ურბანულ გარემოს კონტრასტულობასა და არაბუნებრიობას სძენდა. ბრუტალისტური მიმდინარეობა ასევე დაემთხვა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ქალაქების დაკნინებას, რამაც ასევე ხელი შეუწყო როგორც იდეოლოგიის, ისე არქიტექტურული სტილის არაპოპულარობას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: