ბრინჯი (ლათ. Oryza) — ერთწლოვანი მცენარის გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. ცნობილია დაახლოებით 20 სახეობა; გავრცელებულია უმთავრესად ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. მის გვარს განეკუთვნება სათესი ანუ კულტურული ბრინჯი (Oryza sativa), რომელიც იყოფა (მარცვლის სიგრძის მიხედვით) 2 ქვესახეობად: მოკლემარცვლიანი (4 მმ-მდე) და ჩვეულებრივი (5-7 მმ-ზე მეტი).

ბრინჯი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Oryza
გავრცელება

ერთწლოვანი კულტურული ბრინჯი 60-150 სმ სიმაღლის მცენარეა. ყვავილედი საგველაა, თავთუნი ერთყვავილიანი; ნაყოფი — მარცვალი, კილიანი. კილგაცლილი ბრინჯის წიმიური შემადგენლობაა (%-ობით): წყალი — 14,0, ნახშირწყლები (უმთავრესად სახამებელი) — 75,2, ცილა — 7,7, ცხიმი — 0,4, უჯრედისი — 2,2, ნაცარი — 0,5. მცენარე თვითდამმტვერავია, ზოგჯერ ჯვარედინმტვერია; სითბოს მოყვარული -1 °C იღუპება. კარგად ხარობს მჟავე ნიადაგზე, იტანს მლაშესაც. ბრინჯი მრავლდება თესლით, ჩითილით. თესლი ღივდება 10-12,5 °C -ზე. კულტურულ მცენარეთა შორის ბრინჯი ერთადერთია, რომელიც მოჰყავთ წყლით დაფარულ ნიადაგზე (მთლიანად სავეგეტაციო პერიოდში), რაც სავსებით აკმაყოფილებს მცენარის ფიზიოლოგიურ მოთხოვნას ნიადაგის წყლის რეჟიმისა და საკვები ნივთიერებისადმი. მოსავალს იღებენ მინდვრიდან წყლის გაშვებისა და ნიადაგის გაშრობის შემდეგ.

ბრინჯის სამშობლოა ინდოჩინეთი. აქედან გავრცელდა ჩინეთში, იაპონიაში, წინა აზიასა და ირან-ერაყის ტერიტორიაზე. გავრცელებულია შუა აზიასა და ამიერკავკასიაში (მოჰყავთ ძველთაგანვე), ყაზახეთში, უკრაინაში, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში, შორეულ აღმოსავლეთში და სხვა, საქართველოში ბრინჯი ირანიდან შემოიტანეს, გავრცელდა ქვემო ქართლის სარწყავ ადგილებში, ივრის ნაპირებსა და ალაზნის მარცხენა მხარეს, აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში. 1900 წლიდან მისი ნათესი ფართობი თანდათან შემცირდა და ამჟამად ჩვენში აღარ მოჰყავთ. ბრინჯი მნიშვნელოვანი სამრეწველო კულტურაა. აზიის ქვეყნებში (ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია) ბრინჯი ძირითადი საკვები პროდუქტია. მისგან ამზადებენ ყუათიან ბურღულს. ნამჯისაგან აკეთებენ ქუდებს, კალათებს, ჭილოფს, ქაღალდსა და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება