ბრაზავილი (ფრანგ. Brazzaville) — კონგოს რესპუბლიკის ფინანსური და ადმინისტრაციული დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე კონგოს მარჯვენა ნაპირზე, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქის კინშასის პირდაპირ. 2010 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 1 408 150 კაცი[1], რაც მთელი ქვეყნის მოსახლეობის 1/3-ია.

დედაქალაქი
ბრაზავილი
ფრანგ. Brazzaville
გერბი

ქვეყანა კონგოს რესპუბლიკის დროშა კონგოს რესპუბლიკა
კოორდინატები 4°16′00″ ს. გ. 15°17′00″ ა. გ. / 4.26667° ს. გ. 15.28333° ა. გ. / -4.26667; 15.28333
დაარსდა 1880
პირველი ხსენება 1880
ამჟამინდელი სტატუსი 1880
ფართობი 100 კმ²
ცენტრის სიმაღლე 230
მოსახლეობა 1 408 150 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 14 081,50 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი +242-1
ოფიციალური საიტი mairiedebrazzaville.com
ბრაზავილი — კონგოს რესპუბლიკა
ბრაზავილი

ისტორია რედაქტირება

ქალაქი ბრაზავილი დაარსდა 1880 წლის 10 სექტემბერს ფრანგული ექსპედიციის ხელმძღვანელის, პიერ სავორნიან დე ბრაზას ბრძანებით, როგორც საფრანგეთის სამხედრო პოსტი. იმ პერიოდში მიმდინარეობდა დღევანდელი კონგოს რესპუბლიკის ტერიტორიის აქტიური ათვისება. ფრანგები ცდილობდნენ გამაგრებულიყვნენ აფრიკის შიდა რეგიონებში და ამ მიზნებისათვის მათთვის აუცილებელი იყო კარგად გამაგრებული ციხე-სიმაგრე.

XIX საუკუნის ბოლოს ქალაქი გამოიყენებოდა, როგორც სავაჭრო პუნქტი მდინარე კონგოზე. 1903-1910 წლებში ქალაქი იყო საფრანგეთის კონგოს ადმინისტრაციული ცენტრი. 1910 წლიდან საფრანგეთის ეკვატორული აფრიკის, ხოლო 1958 წლიდან კონგოს ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრია. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქალაქის მოსახლეობა მხარს უჭერდა საფრანგეთის პატრიოტულ მოძრაობას შარლ დე გოლის მეთაურობით.

1960 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ბრაზავილი კონგოს რესპუბლიკის დედაქალაქია.

1960 წელს მიღებული იქნა კანონი ერთპარტიული პოლიტიკური სისტემის შესახებ. 1991 წელს ბრაზავილში ხელისუფლებამ დაამტკიცა სახელმწიფო დროშა და ჰიმნი და მიიღო ახალი კონსტიტუცია.

2012 წლის 4 მარტს აფეთქებების სერიების შედეგად, რომელიც გამოწვეული იქნა სამხედრო საწყობებში გაჩენილი ხანძრით, ბრაზავილში დაიღუპა დაახლოებით 200 ადამიანი, კიდევ დაახლოებით 1500 ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახის ჭრილობები. დაინგრა და დაზიანდა შენობების მნიშვნელოვანი რაოდენობა.

გეოგრაფია რედაქტირება

ბრაზავილის ფართობია 100 კმ²[2]. ეს მსოფლიოში ერთადერთი ადგილია, სადაც ორი დედაქალაქი მდებარეობს ერთმანეთის მხედველობის საზღვრებში (ვატიკანის და მალტის ორდენის გამოკლებით). ქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული მბამუ.

ქალაქი რკინიგზით და ავტომაგისტრალით დაკავშირებულია პუენტ-ნუარის პორტთან. ბრაზავილის ირგვლივ მდებარეობს ვრცელი სავანები, რომლებშიც ბინადრობენ მოცემული ბუნებრივი ზონებისათვის ტიპური ცხოველები: ანტილოპები, ჟირაფები, ავაზები, ბევრი ფრინველი და გველები. მდინარე კონგოზე გავრცელებულია ნიანგები. ლანდშაფტი შედარებით ბრტყელია, ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 230 მეტრ სიმაღლეზე[3].

ბრაზავილის კლიმატი სუბეკვატორულია, კარგად გამოკვეთილი მშრალი და ნოტიო სეზონებით. ჰაერის წლის საშუალო ტემპერატურა შეადგენს 25,3 °С-ს[3]. ნალექების წლიური ჯამი შეადგენს — 1388 მმ-ს. ნოტიო სეზონი გრძელდება ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით, მშრალი — ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით. ივლისში და აგვისტოში როგორც წესი არ არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი ნალექი. ქარის წლის საშუალო სიჩქარე შეადგენს 2,3 მ/წმ-ს[3].

მოსახლეობა რედაქტირება

2010 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 1 408 150 კაცი.

მოსახლეობის რაოდენობის ცვალებადობის დინამიკა:

წელი მოსახლეობა
1984 596 200
1996 856 410
2006 1 217 154
2010 1 408 150

მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობას შეადგენენ სხვადასხვა აფრიკელი ხალხი: კონგო, ბატეკე, მბოში, სანგა და ზოგიერთი სხვა ხალხი. ბრაზავილში ევროპელების და ამერიკელების რაოდენობა მცირერიცხოვანია. ოფიციალური ენა — ფრანგული, ფართედაა გავრცელებული სხვა ენებიც, მაგალითად, ბანტუს ენები, რომელზეც ლაპარაკობს კონგოს და ბატეკეს ხალხი. მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანი (კათოლიკები და პროტესტანტები) და მუსლიმია, ასევე ცხოვრობენ ადგილობრივი აფრიკული რელიგიების მიმდევრები.

ეკონომიკა რედაქტირება

ბრაზავილის მრეწველობა წარმოდგენილია მანქანათმშენებლობით, ტექსტილის და ტყავის წარმოებით. ქალაქი პორტს აწვდის კაუჩუკს, მერქანს და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს.

ბრაზავილში მდებარეობს მაია-მაიას საერთაშორისო აეროპორტი და სარკინიგზო ვაგზალი. ქალაქი მნიშვნელოვანი სამდინარე პორტია. ფუნქციონირებს საბორნე კავშირი კინშასასთან და ბანგისთან. თითოეულ ქუჩაზე შესაძლებელია ტაქსის აყვანა, რომელიც მწვანე ფერით არის შეღებილი. ისინი დედაქალაქში ასრულებენ მთელი სატრანსპორტო გადაყვანების დაახლოებით 20 %-ს.

კულტურა რედაქტირება

ფაილი:Brazza Brazzaville.JPG
პიერ სავორნიან დე ბრაზას ძეგლი

ბრაზავილი ითვლება კონგოს რესპუბლიკის კულტურის ცენტრად. აქ ფუნქციონირებს ქვეყნის ყველაზე უფრო მეტი რაოდენობის დაწყებითი და საშუალო სკოლა, ასევე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი. 1972 წლიდან ფუნქციონირებს კონგოს რესპუბლიკის ეროვნული უნივერსიტეტი. ქალაქში არსებობს 2 ინსტიტუტი: ცენტრალური აფრიკის კვლევების ინსტიტუტი და პასტერის ინსტიტუტი. საგანმანათლებლო მუშაობას ეწევა კონგოს რესპუბლიკის ეროვნული მუზეუმი და კონგოს რესპუბლიკის ეროვნული თეატრი. ბრაზავილის მთავარ ღირსშესანიშნაობებს მიეკუთვნება 1949 წელს აშენებული კათოლიკური წმინდა ანას ტაძარი, ქალაქის დამაარსებლის პიერ სავორნიან დე ბრაზას მავზოლეუმი, ხელნაკეთობების მუზეუმი, პრეზიდენტის სასახლე, მერიის შენობა, კონგოს რესპუბლიკის ეროვნული მუზეუმი. აღსანიშნავი შენობების რიცხვს ასევე მიეკუთვნება ნაბემბის კოშკი და კომპანია «Air France-ს» ოფისი.

მიუხედავად მრეწველობის საკმაოდ მაღალი განვითარებისა, დედაქალაქში შეიმჩნევა უმუშევრობის მაღალი დონე. საწარმოების მომუშავეთა ინტერესებს იცავს პროფკავშირი.

ქალაქის პატივსაცემად ამერიკულ როკ-ჯგუფს დაერქვა Brazzaville.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. კონგოს რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფა. GeoHive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-28. ციტირების თარიღი: 2011-04-17.
  2. კონგოს რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეულები. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2011-03-13.
  3. 3.0 3.1 3.2 ბრაზავილი — კლიმატი. Gaisma. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2011-03-13.