რობერტ (ბობი) ჰალი (დ. 3 იანვარი, 1939, პოინტ-ანი, ბელვილის ახლოს, ონტარიო — გ. 30 იანვარი, 2023, უიტონი, ილინოისი) — კანადელი ჰოკეისტი. ჰოკეის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი თავდამსხმელი. 15 სეზონის განმავლობაში გამოდიოდა ჰოკეის ეროვნული ლიგის გუნდ „ჩიკაგო ბლეკჰოქსის“ შემადგენლობაში (1957–1972), სადაც გახდა სტენლის თასის მფლობელი (1961) და სამჯერ გავიდა ფინალში (1962, 1965, 1971); ითამაშა ეროვნული ლიგის რეგულარული ჩემპიონატების 1036 მატჩში, გაიტანა 604 გოლი, გააკეთა 549 შედეგიანი გადაცემა.[1]

ბობი ჰალი

ბობი ჰალი „ჩიკაგო ბლეკჰოქსის“ შემადგენლობაში
დაბ. თარიღი 3 იანვარი, 1939
დაბ. ადგილი პოინტ-ანი, ონტარიო, კანადა
გარდ. თარიღი 30 იანვარი, 2023 (84 წლის)
სიმაღლე 178 სმ
წონა 87 კგ
პოზიცია მარცხენა თავდამსხმელი
დარტყმა მარცხენა
მეტსახელი ოქროს რაკეტა
ლიგა ჰოკეის ეროვნული ლიგა
გუნდი ჩიკაგო ბლეკჰოქსი
უინიპეგ ჯეტსი
ჰარტფორდ უეილერი
ეროვნული ნაკრები კანადის დროშა კანადა
კარიერა 1957–1980
ჰოკეის დიდების დარბაზში 1983 წლიდან
ბობი ჰალი ვიკისაწყობში

1966 წელს გახდა ეროვნული ლიგის პირველი მოთამაშე, რომელმაც 50-ზე მეტი გოლი გაიტანა ერთ სეზონში. სტენლის თასზე ჩაატარა 119 მატჩი, გაიტანა 62 გოლი და გააკეთა 67 შედეგიანი გადაცემა. მიღებული აქვს ლიგის რამდენიმე პრესტიჟული პრიზი: „ჰარტ ტროფი“ — სეზონის საუკეთესო მოთამაშე (1965, 1966), „არტ როს ტროფი“ — ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე (1960, 1962, 1966). 10-ჯერ შევიდა ჰოკეის ეროვნული ლიგის „ყველა ვარსკვლავი“ სიმბოლური ნაკრების პირველ შემადგენლობაში (1960–1972).[1]

1972–1979 წლებში „უინიპეგ ჯეტსის“ შემადგენლობაში თამაშობდა ჰოკეის მსოფლიო ასოციაციის ჩემპიონატში; ითამაშა 411 მატჩში, გაიტანა 303 გოლი, გააკეთა 335 შედეგიანი გადაცემა; 1979–1980 წლებში კიდევ 27 მატჩი ჩაატარა („უინიპეგ ჯეტსისა“ და „ჰარტფორდ უეილერის“ შემადგენლობაში); გაიტანა 6 გოლი, გააკეთა 11 გადაცემა. კანადის ნაკრების შემადგენლობაში გახდა კანადის თასის მფლობელი (1976; 7 მატჩი, 5 გოლი).[1]

გამოირჩეოდა უძლიერესი ტყორცნითა და სრიალის უმაღლესი სისწრაფით. 1983 წლიდან მისი სახელი ჰოკეის ეროვნული ლიგის დიდების დარბაზშია (ტორონტო). მისი ოთხი ვაჟიდან ერთ-ერთი — ბრეტ ენდრიუ ჰალი — ასევე წარმატებული ჰოკეისტი იყო.[1] გარდაიცვალა 2023 წლის 30 იანვარს, ილინოისის ქალაქ უიტონში, საკუთარ სახლში, 84 წლის ასაკში.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Линдер В. И. Халл Роберт (Бобби) // Большая российская энциклопедия. т. 33. — М., 2017. — стр. 730.
  2. „Bobby Hull dies at 84, legendary Blackhawks goal-scorer, Cup champion“. NHL.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)