ბეშთაშენი — სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ბეშთაშენი, სამადლო, ახალშენი).

სოფელი
ბეშთაშენი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი წალკის მუნიციპალიტეტი
თემი ბეშთაშენი
კოორდინატები 41°38′16″ ჩ. გ. 44°07′11″ ა. გ. / 41.63778° ჩ. გ. 44.11972° ა. გ. / 41.63778; 44.11972
ცენტრის სიმაღლე 1540
მოსახლეობა 335[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 41 %
ბერძნები 39 %
აზერბაიჯანელები 12,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ბეშთაშენი — საქართველო
ბეშთაშენი
ბეშთაშენი — ქვემო ქართლი
ბეშთაშენი

მდებარეობს მდინარე აგრიჩაის ნაპირას, წალკის წყალსაცავის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ზღვის დონიდან 1540 მ. წალკიდან 5 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 335 კაცი. 1830 წლამდე სოფელს ბეშქენაშენი ეწოდებოდა, ბეშთაშენით შეცვალეს არზრუმის მხარიდან გადმოსახლებულმა ბერძნებმა[2].

დემოგრაფია რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 373[3]
2014 335[1]  

არქეოლოგიური ძეგლები რედაქტირება

ბეშთაშენშია წმინდა გიორგის ეკლესია (დაახლოებით X-XIII სს), მახლობლად — VII საუკუნის ეკლესია, სოფლის ჩრდილოეთით 0,5 კმ-ზე, ციკლოპური ციხის ტერირიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოსა და ფეოდალური ხანის ნამოსახლარი, ბრინჯაოს ხანის გორასამარხები, ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის სამაროვნები, გათხრილი 1938-1939 წლებში თრიალეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღვანელი ბ. კუფტინი). გაითხარა 3 კულტურის ფენა:

  • I, ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლეული) ფენაში აღმოჩნდა შენობათა და კერის ნაშთები, სამეურნეო ორმო, კაჟის სამკუთხა ყუნწიანი ისრის პირები, დანები, ქვის ჩაქუჩი, ხელსაფქვავები, სპილენძის ხვია, პასტისა და ფერადი ქვის მძივები, ცხოველის თიხის ქანდაკება. მასალა მტკვარ-არაქსის კულტურას განეკუთვნება. ციხის მახლობლად აღმოჩნდა ამავე დროის სამარხი, რომელშიც იყო თიხის რამდენიმე ჭურჭელი.
  • II, ფენა შეიცავდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კერამიკას, შინაური და გარეული ცხოველების ძვლებს.
  • III, ფეოდალური ხანის ფენაში აღმოჩნდა ოთხკუთხა ნაგებობებისა და თორნის ნაშთები.

სოფლის მიდამოებში გაითხარა 7 გორასამარხი. 4 მიეკუთვნება ადრინდელი ბრინჯაოს ხანის დასასრულს (ძვ. წ. 2400/2300-2000 წწ.), 3-შუა ბრინჯაოს ხანის ეტაპს (ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისი). ზოგი ყორღანი ორმოიანი იყო, ზოგს კი მიწის ზედაპირზე გამართული დასაკრძალავი მოედანი ჰქონდა. აღმოჩნდა ბრინჯაოს, კაჟისა და ობსიდიანის იარაღი, ოქროს სამკაული, ფერადი ქვის მძივები; ორნამენტირებული ვარდისფერსარჩულიანი შავპრიალა კერამიკა, რომელიც ერთმანეთთან გენეტიკურად აკავშირებს მტკვარ-არაქსისა და თრიალეთის კულტურებს.

ციკლოპური ციხის დასავლეთით მდინარე აგრიჩაის მარჯვენა ნაპირას ჰგათხარეს გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის სამაროვანი. სამარხები ორი ტიპისა ოყო: ორმოსამარხები და ქვაყუთები. ორმოსამარხებში აღმოჩნდა თიხის ორნამენტირებული კონუსური ბარძიმები, სხვადასხვა ფორმის ჯამები და სხვა, აგრეთვე ბრინჯაოს მასრაგახსნილი შუბისპირები. სამკუთხაპირიანი სატევრები, ბრტყელი ისრისპირები, კოლხური კულტურისათვის დამახასიათებელი ალისებრპირიანი სატევრები, ცული, ხუთკოპიანი ლახტისთავები, ვერძისტავიანი აბზინდა და კონუსური მოყვანილობის მუზარადი.

აქვე აღმოჩნდა განჯა-ყარაბაღისა და სევანის რაიონებისათვის დამახასიათებელი ბრინჯაოს ნივთები. აღსანიშნავია ბრინჯაოსა და არქაული ტიპის კაჟისპირიანი ნამგლებია თანაარსებობა. ორმოსამარხები ქრონოლოგიურად რამდენიმე ჯგუფად იყოფა და ზოგადად ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი და I ათასწლეულის დასაწყისუს ფარგლებში თავსდება. ქვაყუთებში აღმოჩნდა ბრინჯაოს პირამიდული ფორმის საკინძები, გუმბათისებრი ბუნიკები, რკინის დანა, რომელსაც აქვს ბრინჯაოს სალტე და ლომის თავის გამოსახულება, კერამიკული ნაწარმი. თარიღდება ურარტული ხანით (ძვ. წ. VIII - VII საუკუნეები). სამარხების უმეტესობა ძველადვე გაძარცვული იყო.

ბეშთაშენის ციხის ჩრდილოეთით 1939 წელს გაითხარა კიდევ ერთი სამაროვანი, რომლის ჩრდილოეთ ნაწილში ქვის ფილებით გადახურულ 11 ორმოსამარხში აღმოჩნდა ძვ. წ. VII-VI საუკუნეებისათვის დამახასიათებელი არქეოლოგიური მასალა: თიხის შავად გამომწვარი ცალყურა დოქები, ლანგრები, ჯამი, რკინის შუბისპირი, ცალყურიანი დანა, ბრინჯაოს მასიური საკინძები და სხვა. სამაროვნის სამხრეთ ნაწილში გათხრილი 59 ქვაყუთი ბ. კუფტინმა ძვ. წ. V საუკუნით დაათარიღა. აქ პირველად აღმოჩნდა წითლად გამომწვარი და ანგობირებული თიხის ჭურჭელი, რომელმაც შეცვალა ადრინდელი რკინის ხანისათვის დამახასიათებელი შავი და რუხი ფერის კერამიკა; მათ პროტოტიპებს წინა აზიაში ვხვდებით.

არქეოლოგიური მასალა დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმში.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. saunje.ge
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.