ბესარიონ ჯაფარიძე

ბესარიონ ჯაფარიძე (დ. 1848, სოფელი ლაგვანთა – გ. 11 (23) დეკემბერი1877, თბილისი[1]) — ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია რედაქტირება

1868 წელს ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო პეტერბურგის და ოდესის უნივერსიტეტებში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, ჟენევაში. ფლობდა რუსულ, ფრანგულ, გერმანულ ენებს. ისმენდა ედუარდ ჰარტმანის, ვერტემეიერის, მონიეს, ფოხტის ლექციებს. გაეცნო ევროპის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას. ესწრებოდა პირველი ინტერნაციონალის ადგილობრივი სექციის სხდომებს. სათავეში ედგა საზოგადოება „უღელის“ ჟენევის განყოფილებას, სადაც კითხულობდა ლექციებს საერთაშორისო მდგომარეობაზე. იყო 1874 წელს ჟენევაში გამართულ ქართველთა კონგრესის ერთ-ერთი მოთავე. იცნობდა პარიზის კომუნის ბევრ მონაწილესა და ხელმძღვანელს, ზოგ მათგანთან მეგობრობდა კიდეც. ქართულ პრესაში მან გამოაქვეყნა პირველი ორიგინალური წერილები პარიზის კომუნაზე (უშუალოდ კომუნის დღეებში დაწერილი). 1873 წლიდან უძღვებოდა „დროების“ უცხოეთის განყოფილებას, 1875–1876 წლებში კი თანარედაქტორობდა ამ გაზეთს. 1875 წელს სათავეში ედგა „ქართული წიგნის გამომცემელთა საზოგადოებას“ (მისი რედაქციითა და ხელმძღვანელობით გამოიცა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ზურაბ ანტონოვის თხზულებები, „ქართული მწერლობის“ I და II წიგნები). იყო ერთ-ერთი მეთაური ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული წრისა, მუდმივი თანამშრომელი და თანარედაქტორი გაზეთ „ივერიისა“, მეურვე „კრებულისა“.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული მწერლობა : ლექსიკონი-ცნობარი, წგნ. I, თბ.: „განათლება“, 1984. — გვ. 445-446.

სქოლიო რედაქტირება