ბერეწმინდის წმინდა გიორგის ეკლესია

ბერეწმინდის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფელ მარელისის ზედა უბანში, რომელსაც ბერეწმინდას უწოდებენ, სასაფლაოს მოსწორებულ მდელოზე. აშენებულია ბერძენი მშენებლების მიერ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე.

ბერეწმინდის წმინდა გიორგის ეკლესია

ძეგლის აღწერა რედაქტირება

საკმაოდ მასშტაბური ნაგებობის ფასადები კარგად თლილი მოთეთრო-მოჩალისფრო ქვის კვადრების რეგულარული წყობით არის შემოსილი. ეკლესიის დარბაზული ნაწილის სწორკუთხა გეგმას აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი საკურთხეველი ასრულებს, ხოლო დასავლეთით კართან მიდგმული სამრეკლო. საკურთხეველი ეკლესიის დარბაზულ ნაწილთან შედარებით დაბალია და მისი სამსაფეხუროვანი თაროს კარნიზის დონეზე ფასადებს მთელ პერიმეტრზეასეთივე პროფილის სარტყელი უვლის. სამხრეთისა და ჩრდილოეთის მხარეს ფასადის შუა ნაწილში ორფერდა სახურავით დასრულებული ოდნავ გამოზიდული რიზალიტები გამოიყოფა, ხოლო დასავლეთის მხარეს ორფერდა სახურავის ძირში გავლებული დამატებითი სარტყელით ფრონტონია მონიშნული. ამავე მხრიდან მიდგმული ორსართულიანი სამრეკლოს დანაწევრება პასუხობს აღნიშნული სარტყლების ნიშნულებს და წვევით მაღალი თაღებით გახსნილ კარიბჭეს ქმნის, ხოლო ზემოთ შედარებით დაბალთაღოვან ფანჩატურს საკუთრივ სამრეკლოსთვის. ამასთან ერთად ფასადების ძირში ერთი თხელი საფეხურით შვერილი მაღალი ცოკოლი იკვეთება. ყოველივე ეს ეკლესიის დიდ ნაგებობას ჰორიზონტალურ არეებად ყოფს და საფასადო სიბრტყეში კონსტრუქციულობის ელემენტი შეაქვს. ეკლესიის ფართო და მაღალი სარკმლები ორ-ორი საკურთხევლისა და გვერდით კედლებში და ერთიც დასავლეთით ყველა თაღოვანია და ლილვისა და თაროს პროფილის საპირეები შემოსდევს. რაც შეეხება დასავლეთის , სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარის ღიობებს, ისინი სწორკუთხაა და თაღოვანი საპირით შემოწერილ ტიმპანურ ნაწილში ორ მათგანს ფიგურული რელიეფური კომპოზიციები ახლავს. რაც შეეხება დასავლეთის კარს, აქ ტიმპანში ჩასმულ სარკმლის სქემატურ თავსართზე დაფუძნებული ჯვარცმაა წარმოდგენილი; შემოსილ ქრისტეს ფიგურას დარღვეული პროპორცია დიდი თავი და პატარა ტანი გამოარჩევს. მას ვარდულის მოყვანილობის ორი ღილი აქვს მონიშნული ხალათზე. სამხრეთის კარს ზემოთ ტინპანის არეში წარმოდგენილია მდგომარე ქრისტეს ფიგურა, რომელიც ასევე გამოირჩევა არაპროპორციულად დიდი თავით და ზედმიწევნით მციე ზომის კიდურებით. ქრისტეს სახე ემოციურია, ღრმად ჩამჯდარი თვალები ჩამუქებულია, გაშლილი, ტალღოვანი თმა მხრებზე აფენია. მარჯვენაში ჯვრით დასრულებული კვერთხი უპყრია. ერთმანეთისგან განსხვავებულ კომპოზიციებში, ორივე ქრისტეს დამუშავება ერთნაირად უშუალოა, გარკვეული პრიმიტიულობა ახასიათებს და ვფიქრობთ ხალხური სკოლის ნიშნების მატარებელია. რაც შეეხება ინტერიერს, ბოლო წლებში ჩატარებული რემონტის შედეგად მას მხატვრული სახე მთლიანად დაკარგული აქვს; კედლების ზედაპირს ერთიანად ფარავს ცემენტის სქელი ფენა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16380