ბაქოს ქართული თეატრი

ბაქოს ქართული თეატრი, ბაქოში მოქმედი ქართული დრამატული თეატრი. შეიქმნა ბაქოს მუშათა მოძრაობის აღმავლობის პერიოდში. პირველი წარმოდგენა ქართველ მუშა სცენისმოყვარეთა ძალებით გაიმართა 1894 წელს. შემდეგში ხელმძღვანელობდა ბოლშევიკური ორგანიზაციის წევრი, ცნობილი რევოლუციონერი ალიოშა ჯაფარიძე. მოგვიანებით წარმოდგენებში მონაწილეობდნენ და წრეს ხელმძღვანელობდნენ ბაქოში მცხოვრები ან მოწვრული პროფესიონალი ქართველი მსახიობები და რეჟისორები: ეფემია და კოტე მესხები, შ. დადიანი, ვ. გუნია, ვ. შალიკაშვილი, ალექსანდრე წუწუნავა, ვ. ბარველი, დ. აწყურელი, ელო და ქეთევან ანდრონიკაშვილები, ც. ამირეჯიბი, ბ. წულუკიძე, შ. ხონელი, ნ. გვარამაძე, ს. ვაჩნაძე, ე. ციმაკურიძე, დ. შველიძე, პ. ჭიჭინაძე, გ. მატარაძე და სხვები.

1909 წელს ბაქოში დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილება და მისი დრამატული კომიტეტი. ამ დროისათვის ბაქოში უკვე მოღვაწეობდა ნახევარი პროფესიული დასი, რომელიც 1933 წელს სახელმწიფო პროფესიულ თეატრად ჩამოყალიბდა.

ბაქოს ქართული თეატრში დაიწყეს სასცენო მოღვაწეობა პირველმა ქართველმა რეჟისორმა ქალმა ბაბო გამრეკელ-თორელმა, მსახიობებმა მ. გელოვანმა, ა. ჟორჟოლიანმა, ა. ჭუმბურიძემ და სხვებმა. თეატრის ძირითად ბირთვს შეადგენდნენ სცენის მოყვარეები: გ. თედიაშვილი, ა. ახობაძე, ანა და ალექსანდრე ნადირაძეები, ა. და გ. პავლიაშვილები და სხვები.

ბაქოს ქართული თეატრის რეპერტუარში უმთავრესად ქართველ დრამატურგების, აგრეთვე რუს და უცხოელ ავტორთა პიესები შედიოდა. აღსანიშნავია, რომ შ. დადიანი „გუშინდელნი“, პ. კაკაბაძის „ჯვარედინ გზაზე“, კ. კალაძის „ბნელი ღამის სტუმრები“ და სხვა პირველად ბაქოს ქართულ სცენაზე დაიდგა.

ბაქოს ქართული თეატრმა ხელი შეუწყო ბაქოს ქართველ მოსახლეობაში ეროვნული სულისკვეთების გაღვივებას. დაიხურა 1937 წელს.

ლიტერატურა რედაქტირება