ბანის საეპისკოპოსო

ბანის საეპისკოპოსო — ფეოდალური ხანის საეპისკოპოსო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე. საეპისკოპოსოს ცენტრი იყო ბანა. ბანის საეპისკოპოსო დააარსა ადარნასე II-მ (888-923 წწ.) და პირველ ეპისკოპოსად დასვა კვირიკე.

საეპისკოპოსოს საზღვრები რედაქტირება

XVI საუკუნის დოკუმენტის, სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა ნუსხის[1], ცნობით, ბანელის სამწყსო მთელი ბანია, ტაოსკარი, ფანასკერტი, პარეზის-ხეობა (ჰარეზის), სრულიად ოლთისი და ნამურაკანი. ამ საბუთში ჩამოთვლილ 13 ეპისკოპოსში ბანელი მეთორმეტე ადგილზეა დასახელებული.

 
„ႨႡ. ბანელის სამწყსო სულ ბანი, ტაოსკარი, ფანასკერტი, პარეზის-ჴეობა (ჰარეზის), სულა ოლთისი და ნამურაკანი.“
(სამცხე-საათაბაგოს მღვდელთ-მთავარნი)

ისტორია რედაქტირება

ბანის საეპისკოპოსომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შუა საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. მისი ტერიტორია მოიცავდა აღმოსავლეთ (ამიერ) ტაოს: ბანას, ტაოსკარს, ფანასკერტს, ოლთისს, მამროვანს (ნამროვანს). ბანის საეპისკოპოსო და მთლიანად ტაო საქართველოს მეფეთა მამული იყო. აქვე იყო მათი ერთ-ერთი რეზიდენციაც და საძვალეც. უკანასკნელად 1446 წელს ბანის დაძარში დაიმარხა ვახტანგ IV, ხოლო ერთი წლით ადრე მისი მეუღლე ფანასკერტელის ასული სითიხათუნი. ბანის საეპისკოპოსო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მდებარეობდა, ამის გამო იგი ხშირად იყო სამხრეთიდან შემოსული მტრის პირველი დარტყმის ობიექტი. XI-XII საუკუნეებში ქართველთა ჯარმა არაერთხელ დაიბრუნა ბიზანტიელთა და თურქთაგან მიტაცებული ბანა. XIII საუკუნის II ნახევარში თურქმანთა დიდმა ჯარმა ბანას ალყა შემოარტყა, მაგრამ ქართველებმა მტერი გაანადგურეს.

1555 წელს ირან-ოსმალეთის (ამასიის) ზავის თანახმად სამხრეთ საქართველოს მთელი დასავლეთი ნაწილი ოსმალეთმა მიიტაცა, მათ შორის ბანის საეპისკოპოსოს ტერიტორიაც. შემდგომში საეპისკოპოსო გაუქმდა. ბანელ მოღვაწეთაგან აღსანიშნავი არიან: ზაქარია ბანელი (X-XI სს.), რომელიც ბიზანტიის იმპერატორის კარზე ჯერ დიპლომატად იყო, შემდეგ კი - მწიგნობრად, და იოანე ბანელი (XI ს.), რომელიც გადაუდგა ბაგრატ IV-ს და ბიზანტიაში წავიდა.

ბანელი მღვდელთმთავრების სია რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ჟორდანია თ. „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა“, თბ. 1897, გვ. 53