ბადეფრთიანები (ლათ. Neuroptera) — მტაცებელი მწერების რიგი. აერთიანებს 3500-მდე სახეობას. აქვთ გამჭვირვალე, ბადისებრ დაძარღვული 4 ფრთა. ფრთების შლილი 2-120 მმ-მდეა. ზრდასრულ მწერს მღრღნელი პირის აპარატი აქვს, მატლს — მჩხვლეტავ-მწუწნავი. ბადეფრთიანებისთვის დამახასიათებელია სრული გარდაქმნა. ზრდასრული ფორმები ბინადრობენ ხმელეთზე, მატლები — ზოგჯერ წყალშიც გვხვდება (ამ შემთხვევაში უვითარდებათ ტრაქეული ლაყუჩები). მატლები მსხვერპლის საფარველს მჭრელი მანდიბულებით ჩხვლეტენ და ჭრილობაში უშვებენ საჭმლის მომნელებელ წვენებს, შემდეგ კი გათხიერებულ საკვებს წოვენ. საკვების გადამუშავებულ ნარჩენს მატლი ვერ გამოყოფს, რადგან მის შუა და უკანა ნაწლავებს შორის ყრუ ტიხარი ვითარდება. როდესაც ჭუპრი ზრდასრულ მწერად გარდაიქმნება, ეს ტიხარი ქრება და საკვების ნარჩენები გარეთ გამოიყოფა. ბადეფრთიანები ფართოდაა გავრცელებული. ბადეფრთიანების ოჯახებიდან საქართველოში გვხვდება Muzmeleonidae, Ascalaphidae, Chrysopidae, Mantispidae, რომელთა სახეობებიდან ზოგს დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურენეობისათვის. მაგ., ოქროთვალა ანადგურებს სუბტროპიკული კულტურების მავნებელ კოქციდებს და აგრეთვე ბუგრებს.

ბადეფრთიანები

Chrysopa perla
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ბადეფრთიანები
ლათინური სახელი
Neuroptera

ლიტერატურა რედაქტირება