ახმეტის მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტი საქართველოში

ახმეტის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახმეტა.

ადმინისტრაციული ერთეული
ახმეტის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
ადმ. ცენტრი ახმეტა
კოორდინატები 42°16′39″ ჩ. გ. 45°29′56″ ა. გ. / 42.27750° ჩ. გ. 45.49889° ა. გ. / 42.27750; 45.49889
ფართობი 2208 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 31 461 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 14,25 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 78,99 %
ქისტები 17,39 %
ოსები 2,21 %
ჩეჩნები 0,41 %
აზერბაიჯანელები 0,29 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 79,09 %
მუსლიმები 18,91 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი akhmeta.gov.ge
ახმეტის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ახმეტის მუნიციპალიტეტი
ახმეტის მუნიციპალიტეტი — კახეთის მხარე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
ახმეტის ცენტრალური მოედანი
ცენტრალური სკვერი
ახმეტის მუნიციპალიტეტის რუკა

ისტორია რედაქტირება

1930 წლამდე ახმეტის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი ტერიტორია შედიოდა თიანეთის მაზრაში, 1930 წლიდან - თელავის მაზრაში, 1951 წლიდან გამოიყო ცალკე რაიონად, 1963-1964 წლებში ისევ შედიოდა თელავის რაიონის შემადგენლობაში. 1964 წლის აგვისტოდან კი ახლანდელ საზღვრებში კვლავ ცალკე რაიონად ჩამოყალიბდა. 2006 წლიდან ეწოდება მუნიციპალიტეტი.

გეოგრაფია რედაქტირება

მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით საზღვრავს ჩეჩნეთი, აღმოსავლეთით ესაზღვრება თელავის მუნიციპალიტეტი და დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა, სამხრეთით კი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ფართობია 2207,6 კმ². აქედან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 80 266 ჰა უკავია, მუნიციპალიტეტის 91 200 ჰა კი ტყითაა დაფარული.[3]

ტერიტორიული ერთეულის დაბალ ზონაში ზომიერად ნოტიო ჰავაა, ცხელი ზაფხულით და ზომიერად ცივი ზამთრით. ნალექების წლიური მოცულობა 770-820 მმ-ის ფარგლებშია. ზღვის დონიდან 700-1200 მ ზონაში ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა. ნალექების საშუალო წლიური მოცულობა 1200-2000 მმ-ია. წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, საშუალო ტემპერატურაა (-)3 °C, ხოლო ივლისის — 22 °C. ზღვის დონიდან 1200-2000 მ-ზე განვითარებულია ტენიანი ჰავა, ცივი ზამთრით და გრილი ზაფხულით; ნალექების საშუალო წლიური მოცულობა კი 1500-1700 მმ-ს აღწევს.[3]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰიდროლოგიური ქსელი ძალზე ხშირია. ამ ადმინისტრაციული ერთეულისთვის სახასიათოა მთის სწრაფი მდინარეები. მუნიციპალიტეტის მდინარეები წარმოდგენილია პირიქითი ალაზნისა და თუშეთის ალაზნის აუზით.[3]

რელიეფი რედაქტირება

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორია გეომორფოლოგიურად კონტრასტებით ხასიათდება. უდიდესი ნაწილი გარშემორტყმულია მაღალი ქედებითა და მთებით. შედარებით დაბალი ადგილები გვხვდება მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში ალაზნის ვაკის სახით.

მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია: თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი, კახეთის კავკასიონის საწყისი მონაკვეთი და მათთან დაკავშირებული განშტოებები: პირიქითი ქედი, აწუნთის ქედი, მაკრატელას ქედი, კახეთის ქედი, გომბორის ქედი, პანკისის ქედი, ნაქერალის ქედი და სპეროზის ქედი. უფრო მცირე ოროგრაფიული ერთეულებია თუშეთის ქვაბული, პანკისის ხეობა და ალაზნის ვაკის მცირე მონაკვეთი.

პირიქითი ქედი – განფენილია მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილში და წარმოადგენს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის განშტოებას. იგი მდინარე ანდის ყოისუს ზემო წელის აუზის მდინარე შაროარღუნის აუზისაგან და ჭანთირგუნის მარჯვენა სათავეებისაგან განჰყოფს. ქაჩუს უღელტეხილის აღმოსავლეთით ქედი ერთობლივად არის მაღალი და თანამედროვე მყინვარებით არის შემოსილი. გამყინვარება უფრო ძლიერ წარმოდგენილია ჩრდილოეთ ფერდობებზე კერძოდ კი მდინარე შაროარღუნის სათავეებში. პირიქითი ქედის აღმოსავლური ნახევარი საგრძნობლად არის მაღალი დასავლურ მონაკვეთთან შედარებით (თუ არ ჩავთვლით პირამიდის ფორმიან თებულოსმთას). ქედზე აღმართულია მწვერვალები: თებულოსმთა, დიკლოსმთა, ქომიტო, დანოსმთა, ყვავლოსმთა, ჭეშოსმთა, ყურყუმასწვერი, პატარა ქაჩუ და შავი ქვიშა.

უღელტეხილებიდან გამოსაყოფია თებულო (მდინარე პირიქითი ალაზნის სათავეს აკავშირებს თებულოს ხეობასთან), ქაჩუ (პირიქითის ხეობას აკავშირებს მდინარე შაროარღუნის აუზთან), ქერიღო (პირიქითის ხეობას აკავშირებს თებულოს ხეობასთან). წარმოდგენილია თანამედროვე მყინვარები: აღმოსავლეთ დიკლო და დასავლეთ დიკლო.

პირიქითი ქედი აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით, რომლებიც ადვილად იფიტება, ინგრევა და თხემურ ზონაში მძლავრ ღორღნალებს, ლოდნარებსა და მორენულ გროვებს წარმოშობს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ჩრდილო ნაწილშია ასევე აწუნთის ქედი, რომელიც თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილო განშტოებაა. არის მერიდიანული მიმართულების ქედი, რომელიც აერთებს ბორბალოს მთას ტებულოს მასივთან. აწუნთის ქედის ჩრდილო ნაწილში არის თანანამედროვე მყინვარები (მ.შ. მყინვარი აწუნთა). აღმართულია მწვერვალი ამუგო (3840 მ) და უღელტეხილი აწუნთა (3431 მ). ეს უკანასკნელი თუშეთს ხევსურეთთან აკავშირებს.

აწუნთის ქედის აღმოსავლურ გაგრძელებას წარმოადგენს მაკრატელას ქედი, რომელიც წარმოადგენს პირიქითა ალაზნისა და თუშეთის ალაზნის წყალგამყოფს. მასზე მდებარეობს მწვერვალები: ცივი (3362 მ), მაკრატელა (3106) მ და სამვრონი (3482 მ). მაკრატელას ქედს აქვს სამხრეთ-აღმოსავლური მიმართულება და მთავრდება ომალოს პლატოთი. მაკრატელას ქედის თანამედროვე გამყინვარება უმნიშვნელო სიმძლავრით ხასიათდება და სამრულისმთის მასივის ჩრდილო კალთებთან არის დაკავშირებული.

კახეთის ქედის წარმოადგენს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებას. გამოეყოფა ქართლის ქედს 3279 მ სიმაღლის უსახელო მწვერვალთან და მიემართება სამხრეთ-დასავლეთისაკენ. აღმართულია მთები: დიდი ველევი, მუხათი, დამასტი, ბუშათისმაღალი, გარეჯა (ბოლო უკანასკნელი ორი მთა განლაგებულია ახმეტისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე). ჩამოთვლილთაგან უმაღლესია გარეჯა (2496 მ), რომელიც არის მთელი კახეთის ქედის უმაღლესი პუნქტი.

მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულია სპეროზის ქედი, რომელიც კახეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოებაა. გამოყოფს მდინარეებს ალაზანსა და სამყურისწყალს. უმაღლესი წერტილია მწვერვალი ქოჩარა (3111 მ). სპეროზის ქედის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობს ქვედაიურული ასპიდური თიხაფიქლები და ასევე არკოზული ლინზები. კალთები ციცაბოა, დასერილია ვიწრო ხევებით, გვხვდება მყინვარული ფორმებიც.

რელიეფის უარყოფითი ფორმებიდან გამოსაყოფია თუშეთის ქვაბული და პანკისის ხეობა. მუნიციპალიტეტის სამხრეთით ალაზნის ვაკეა გაშლილი, რომლის სიგანე აქ 5-11 კმ-ია (ალაზნის ვაკის უმცირესი სიგანე).

შიგა წყლები რედაქტირება

 
მდინარე პირიქითი ალაზნის ხეობა
 
თუშეთი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰიდროლოგიური ქსელი ძალზე ხშირია. აქაური მიწები სავსეა მთის სწრაფი მდინარეებით და ზოგადად შიდა წყლებით.

ჩრდილოეთით მთიან მხარეში თუშეთში აღსანიშნავია ორი მდინარე: პირიქითი ალაზანი და თუშეთის ალაზანი მრავალი შენაკადებით.

პირიქითი ალაზანი (სიგრძე 49 კმ) სათავეს იღებს პირიქითი ქედის სამხრეთ კალთის მყინვარზე ზღვის დონიდან 3195 მ-ზე. იკვებება მყინვარული, თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლებით. ნოემბრიდან მარტამდე იგი იძგიფება, ითოშება და ჩნდება ყინულნაპირისი. დინება სწრაფია, წყალი კი ცივი. მისი შემდინარეები ძირითადად მარცხენა მხრიდან არის განვითარებული (ფარსმისწყალი, ჭეშოსწყალი, დიდხევი, ჩიღოსწყალი, ხაისხევი) რომლებიც ჩამოედინებიან პირიქითი ქედიდან. მარჯვნიდან კი მას უერთდება ერთადერთი მნიშვნელოვანი მდინარე ლაროვანისწყალი.

აწუნთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე ზღვის დონიდან 2840 მ-ზე იბადება მდინარე თუშეთის ალაზანი (სიგრძე 59 კმ), რომელიც საკმაო მანძილზე გომეწრის ხეობაში მიედინება. თუშეთის ალაზანი მდინარე პირიქითი ალაზნისაგან განსხვავდება იმით, რომ მისი შენაკადები მარჯვენა მხრიდან არიან განვითარებულები (ხისოს ალაზანი და ორწყალი). რაც შეეხება მარცხენა შენაკადებს იგი წარმოდგენილია ერთადერთი მთავარი შენაკადით წოვათისწყალით. მდინარე თუშეთის ალაზნის საშუალო წლიური ჩამონადენია 0,7 კმ³.

მნიშვნელოვანია ასევე მდინარე ალაზანი, რომელიც სწორედ აღნიშნული რაიონის ფარგლებში, ბორბალოს მთის აღმოსავლეთ კალთაზე ზღვის დონიდან 2750 მ-ზე იწყება. ბახტრიონამდე ჩქარი დინება ახასიათებს, ალაზნის ვაკეზე გამოსვლისას (ბახტრიონის ქვემოთ) იგი ვაკის მდინარედ იქცევა და ახასიათებს შედარებით წყნარი დინება. ალაზნის სათავედ გვევლინება ორო მდინარე: წიფლოვნისწყალი და სამყურისწყალი, რომლებიც ერთიმეორეს უერთდებიან ზღვის დონიდან დაახლ. 950 მ-ზე და დასაბამს აძლევენ სახელგამთქმულ მდინარე ალაზანს.

აქაურ მიწებზე ალაზანი საკმაოდ დიდ მანძილზე მიედინება (მუნიციპალიტეტის ფარგლებში მდინარის სიგრძე პირდაპირი ხაზით 50 კმ-ზე მეტია). ალაზანს მუნიციპალიტეტის ფარგლებში უერთდება ძალზე ბევრი მდინარე, განსაკუთრებით მარჯვენა მხრიდან. მარჯვენა შენაკადებია: დიდრიყე (შენაკად შავკაბახევით), ლამაზური, ქოჩადალა, ქისტაურა, ილტო, ხევისჭალა, ბაწარა (შენაკად ტოლოშისხევით), ქვაჩადალა, მატნისხევი, ღურულა, ძიბაწყალი და ა.შ. მარცხენა შენაკადები უმნიშვნელოა, სიდიდით გამოირჩევა მდინარე საქორისწყალი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცალკე აღნიშვნის ღირსია მდინარე ილტო (სიგრძე 43 კმ), რომელიც სათავეს იღებს ქართლისა და კახეთის ქედების შესაყართან. აქვს ძირითადად სამხრეთ-დასავლური მიმართულება, სოფელ ნადუქნართან იგი მკვეთრად უხვევს აღმოსავლეთისაკენ და შეერთვის ალაზანს ქალაქ ახმეტის ჩრდილოეთით.

მთავარი შენაკადებია: ქვარეხი, ქაშანთხევი, ხევგრძელი, ხოშანხევი, ბოხევი, ფშალხევი, თლიხევი (მარჯვ); დიდი ველტეხი, პატარა ველტეხი, შუა ველტეხი, ბოდალხევი, საღორისხევი, ჭირისხევი (მარცხ).

მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთით გაედინება მდინარე ანდის ყოისუ, რომელიც იქმნება მდინარეების პირიქითი ალაზნისა და თუშეთის ალაზნის შეერთების შედეგად 1535 მ აბსოლუტურ სიმაღლეზე. საქართველოს ფარგლებში მდინარის სიგრძეა 14,6 კმ. ანდის ყოისუ ტიპური მთის მდინარეა კარგად გამოხატული საფეხურებისებური დინებითა და ვიწრო და ღრმა ხეობით.

ჰავა რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაბალ ზონაში ზომიერად ნოტიო ჰავაა, ცხელი ზაფხულით და ზომიერად ცივი ზამთრით. ტემპერატურის აბსოლუტურ მაქსიმუმი 38 °C, ნალექები 770-820 მმ წელიწადში.

ზღვის დონიდან 700 მ-იდან 1200 მ-მდე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა. იანვრის საშუალო ტემპერატურაა - 3 C°, ივლისის 22 °C, აბსოლუტურ მაქსიმუმი 36 °C, აბსოლუტურ მინიმუმი -26 °C. ნალექები 1200-2000 მმ წელიწადში. ზღვის დონიდან 1200-2000 მ-ზე განვითარებულია ტენიანი ჰავა, ცივი ზამთრით და გრილი ზაფხულით. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 19 °C. ნალექები 1500-1700 მმ წელიწადში.

საკუთრივ ქალაქ ახმეტაში ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა. საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,6 °C. ნალექები 820 მმ წელიწადში.

ნიადაგები რედაქტირება

ახმეტის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტი ფართობი უჭირავს მთა-მდელოს კორდიან ნიადაგს, რომელიც განვითარებულია მუნიციპალიტეტის სუბალპურ და ალპურ ზონაში. საშუალმთიან ნაწილში ზღვის დონიდან 1000-2000 მ-ზე გვხვდება ტყის ყომრალი ნიადაგები, რომელიც წარმოდგენილია ძირითადად თუშეთის ისტორიულ მხარეში, მთის ფიჭვნარებში, მდინარე თუშეთის ალაზნის ორივე სანაპიროთა გასწვრივ, აგრეთვე მდინარე პირიქითი ალაზნის ქვემო დინების სანაპიროებზე და მდინარე ალაზნის ზემო დინებაში. კარბონატულ ქანებზე გამოფიტვის ქერქზე ჩამოყალიბებულია ნეშომპალა კარბონატული ნიადაგი. მუნიციპალიტეტში მცირე ფართობით არის ტყის ყავისფერი ნიადაგებიც. ალაზნის ვაკესა და პანკისის ხეობაში გაბატონებულია ალუვიური ნიადაგი.

ლანდშაფტები რედაქტირება

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა ლანდშაფტის შემდეგი სახეები:

  1. ალუვიური ვაკე ლეშამბიანი ტყის ფრაგმენტებით;
  2. საშუალო მთები წიფლის ტყით, ყომრალ და ნეშომპალა კარბონატულ ნიადაგებზე;
  3. ყომრალი ნიადაგი არყნარ-ფიჭვნარით;
  4. მთის მდელოს ნიადაგი სუბალპური მდელო ბუჩქნარით;
  5. მთის მდელოს ნიადაგი ალპური მდელოთი;
  6. სუბნივალური ლანდშაფტი;
  7. ნივალური ლანდშაფტი.

ფლორა და ფაუნა რედაქტირება

ფაუნა რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ალპურ სატყელში ბინადრობს არჩვი, ჯიხვი, იმავე ადგილებში იშვიათად გვხვდება ნიამორი, რომელიც საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი. ტყეებში გვხვდება მურა დათვი, ფოცხვერი, შველი, თითქმის ყველგანაა ტურა, მელა, მგელი, დედოფალა, მაჩვი, კურდღელი და სხვ.

ფრინველებიდან აღსანიშნავია კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი, ორბი, ზარნაშო, ყვავი, შოშია, ბუ და სხვ.

ქვეწარმავლებიდან აღსანიშნავია გველხოკერა, ხვლიკი, გველი, გომბეშო და ტყის ბაყაყი. მდინარეებში არის მურწა, კალმახი, ჭერეხი, ქაშაპი, ტობი, წვერა და სხვა სახეობის თევზი.

ფლორა რედაქტირება

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორია უნიკალურია ბუნებრივი პირობების თვალსაზრისით. აქაური ფაუნა, ფლორა, შიდა წყლები და რთული რელიეფური პირობები თვალისმომჭრელია თითოეული მნახველისათვის. აქაურ მიწებზე წარმოდგენილია ერთობლივად სამი სახელმწიფო ნაკრძალი (ბაწარის, ბაბანეურის, თუშეთის) და ამრიგად ახმეტა საქართველოში ერთადერთი ადმინისტრაციული ერთეულია, სადაც ერთობლივად ამდენი ნაკრძალია წარმოდგენილი. ნაკრძალები განთქმულია თავისი სილამაზით, უნიკალურ იშვიათი ტყითა და ასევე ფაუნით.

ახმეტის მუნიციპალიტეტში გაბატონებულია ტყეები და მდელოები. თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე წარმოდგენილია არყნარ-ფიჭვნარი და ფიჭვნარი, ასევე ალპური მდელოები.

თუშეთის ტერიტორიაზე არის მთის ფიჭვნარ-არყნალი და სუბალპური ტყეები. ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი შექმნილია მდინარე ბაწარის ხეობაში. ნაკრძალში დაცულია უთხოვარი ანუ ურთხელი (ერთ-ერთი ხის სიმაღლეა 30 მ, ასაკი 1800 წლამდე). საინტერესოა აღინიშნოს, რომ ურთხელი ადგილობრივ მოსახლეობას წმინდა ანგელოზის ხედ მიაჩნდათ.

სოფლებს ბაბანეურსა და არგოხთან შექმნილია ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი, სადაც დაცულია ძელქვის იშვიათი წმინდა და შერეული მასივები. ძელქვის გარდა აქ იზრდება მუხა, ნეკერჩხალი და სხვ. ქვეტყეში არის კვიდო, კუნელი, ზღმარტლი და სხვ.

თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში ხარობს ძირითადად ფიჭვისა და არყის ხეები. ფიჭვი აქ მაღალი ბონიტეტის კორომებს ქმნის. ნაკრძალი განთქმულია ასევე მინერალური წყლებით.

ადმინისტრაციული მოწყობა რედაქტირება

ახმეტის მუნიციპალიტეტში 15 ადმინისტრაციული ერთეულია[4]:

დემოგრაფია რედაქტირება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 28.9 ათას ადამიანს შეაგენს. აქედან საქალაქო დასახლებაში ცხოვრობს 6.4 ათასი, ხოლო სასოფლო დასახლებაში მცხოვრებთა რაოდენობა 22.5 ათასი ადამიანია.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით, სქესთა გადანაწილება ასეთია: საქალაქო დასახლებაში ცხოვრობს 3 480 მამაკაცი, ხოლო სასოფლო დასახლებაში 12 152.

საქალაქო დასახლებაში ქალთა რაოდენობა 3625-ს შეადგენს, ხოლო სასოფლო დასახლებაში კი -12204-ს.[5]

აღწერის მონაცემები რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 42 254
2002 41 000  
2014 31 461  
2021[6] 28 900  

ეკონომიკა რედაქტირება

 
ალავერდის საკათედრო ტაძარი
 
კვეტერა

ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროებია: დასაქმება საბიუჯეტო ორგანიზაციებში, სოფლის მეურნეობა, ხე-ტყის გადამუშავება და მცირე ბიზნესი. მუნიციპალური ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით შეადგენს 8 815 300 ლარს.[3] ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკა ძირითადად წარმოდგენილია სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობით, ტურიზმით, მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროებით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის 1 მაისის მონაცემებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 3 626 რეგისტრირებული საწარმო, რომელიც 5 მსხვილ, 30 საშუალო და 448 მცირე საწარმოდ კლასიფიცირდება.

მუნიციპალიტეტში 9 საოჯახო მცირე მარანია.

ყველაზე მეტი, 336 საწარმო ვაჭრობისა და მომსახურების სექტორიში მუშაობს, მუნიციპალიტეტში სასტუმროს ტიპის მომსახურებას ეწევა 83-მდე ობიექტი.

სოფლის მეურნეობის დარგი წარმოდგენილია 13 მცირე საწარმოთი და 19 კოოპერატივით. მრეწველობის დარგში მოქმედი 34 მცირე, 3 საშუალო და 1 მსხვილი საწარმო წარმოდგენილია ღვინის ქარხნების, საშენი მასალებისა და ხე-ტყის გადამამუშავებელი მრეწველობის, ავეჯის საწარმოებით.[7]

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 830 კვ.კმ. წამყვანი დარგებია მევენახეობა, მემარცვლეობა, სარძევე მეცხოველეობა და მეცხვარეობა. მისდევენ ასევე მეხილეობას, მებოსტნეობას, მეაბრეშუმეობას. მრეწველობის დარგებიდან მთავარია ხე-ტყის დამუშავება და კვების მრეწველობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები.

ტურიზმი რედაქტირება

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში ფუნქციონირებს ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილება, რომელიც უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს აწვდის ინფორმაციას ტურისტული ინფრასტრუქტურის, ტურისტული ადგილების, ტურისტული პროგრამების, ტრანსპორტის, ბუნების ძეგლების, დაცული ტერიტორიების, არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული ღონისძიებების, ფესტივალების, სახალხო დღესასწაულებისა და სხვა საკითხების შესახებ.[8]

ახმეტის მუნიციპალიტეტში განვითარებული ტურიზმის შემდეგი სახეობები:

  • საფეხმავლო ტურიზმი;
  • საცხენოსნო ტურიზმი;
  • ეკო-ტურიზმი;
  • აგრო ტურიზმი.[9]

თუშეთი – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტურისტული ცენტრი რედაქტირება

თუშეთი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. თუშეთი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.[10]

განათლება რედაქტირება

მუნიციპალიტეტში 24 საჯარო სკოლა[11], 37 საბავშვო ბაგა-ბაღი[12] და 1 კოლეჯი[13] ფუნქციონირებს. საბავშვო ბაგა-ბაღებში ირიცხება 1 547 აღსაზრდელი.

ახმეტის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 8 ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია 133 688 ერთეული წიგნი. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნაზე.[14]

კულტურა რედაქტირება

ახმეტის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 3 მუზეუმი (რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმი,[15] ახმეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სოფელ ქვემო ალვანში[16] და პანკისის ეთნოგრაფიული მუზეუმი[17]), ბესიკ მამიაურის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახელოვნებო და შემეცნებითი სკოლა, სამუსიკო სკოლების გაერთიანება, რომელსაც აქვს ფილიალები სოფლებში: მატანში, დუისში, ზემო ალვანსა და ქვემო ალვანში. კულტურის ცენტრი, რომლის დაქვემდებარებაშია სოფლის 10 კულტურის სახლი.[18]

ფესტივალები და სახალხო დღესასწაულები რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წლის განმავლობაში სხვადასხვა ფესტივალი იმართება.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ტრადიციული ღონისძიებები[19]
დასახელება თარიღი აღწერა
„ბიძინაობა“ 1 ოქტომბერი 1 ოქტომბერს აღინიშნება ქართველი ეროვნული გმირისა და წმინდა მოწამის, ბიძინა ჩოლოყაშვილის დაბადების ხსენების დღე.
„თუშეთობა“ აგვისტო სახალხლო დღესასწაული „თუშეთობა“ დამკვიდრდა XX საუკუნის 70-იან წლებში და უკავშირდება თუში მწყემსის ცხოვრებას და ერთგვარად ასახავს ამ ტრადიციული საქმიანობისადმი ხალხის დამოკიდებულებას. დღესასწაული ტარდება აგვისტოში, როცა უკვე დასრულებულია მწყემსი კაცის საზაფხულო საქმიანობის ერთი ეტაპი და იწყება საზამთრო ცხოვრებაზე გადასვლისთვის მზადება
„ზეზვაობა“ მაისის ბოლო კვირა დღე სახალხო დღესასწაული „ზეზვაობა“ აღინიშნება მაისის ბოლო კვირა დღეს სოფელ ქვემო ალვანში, სადაც მთელი სოფელი მონაწილეობს. დღესასწაულის ფარგლებში იმართება ფარდაგების გამოფენა და ვაჭრობა.
„ალავერდობა“ 28 სექტემბერი 28 სექტემბერს ალავერდის მონასტერში აღინიშნება ერთ-ერთი ასურელი მამის, იოსებ ალავერდელის ხსენების დღე. ალავერდის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში ტარდება ღამისთევის ლოცვა. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ალავერდის მონასტერს მომლოცველები სტუმრობენ.
ლექსობა-კაფიაობის ფესტივალი ილტოს ხეობაში მაისი 2015 წლიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალაში, ილტოს ხეობაში, ტარდება პოეზიის ფესტივალი „ლექსობა-კაფიაობა ილტოს პირას“. ფესტივალში მონაწილეობენ მოლექსეები, მომღერლები და ფოკლორული ანსამბლები. ფესტივალის ძირითადი მიზანია ხალხური ტრადიციის და ლექსობა-კაფიაობის პოპულარიზაცია. ფესტივალი ყოველი წლის მაისში იმართება.
„ქაქუცაობა“ 14 ივლისი დღესასწაული დაკავშირებულია სოფელ მატანის მკვიდრის, საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელთან. დღესასწაული ტრადიციულად, ქაქუცას დაბადების დღეს, 14 ივლისს ტარდება.
„ყეინობა“ დიდი მარხვის პირველი დღე „ყეინობა“ იმართება დიდი მარხვის პირველ დღეს, თუმცა ეს არ არის დაკავშირებული მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან. „ყეინობა“ სათავეს იღებს წარმართობის ეპოქიდან, XX საუკუნემდე ყეინობას მთელი საქართველო აღნიშნავდა, ამჟამად ის მხოლოდ შემორჩნილია სოფელ მატანში. ეს თეატრალიზებულ სანახაობაა, რომელშიც თითქმის მთელი მოსახლეობა მონაწილეობს.

სპორტი რედაქტირება

ახმეტის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სამი სპორტული სკოლა - ახმეტის საფეხბურთო სკოლა ,,ბახტრიონი"; სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულება ახმეტის „კომპლექსური სასპორტო სკოლა“ და ახმეტის ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სასპორტო სკოლა.

სპორტულ სკოლებში ფუნქციონირებს ძიუდოს, თავისუფალი ჭიდაობის, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის, მკლავჭიდის, ფეხბურთის, კალათბურთის, მძლეოსნობის, ჩოგბურთის, კიკბოქსის, რაგბის სექციები, სადაც ჩართულია 700-მდე ბავშვი. ახმეტის მუნიციპალიტეტში წლის განმავლობაში იმართება სპორტული შეჯიბრებები და ტურნირები.

ახმეტის მუნიციპალიტეტში ფუნქციოირებს ახმეტის „კომპლექსურ სასპორტო სკოლასთან არსებული საცხენოსნო კლუბი. საცხენოსნო ბაზაზე ვარჯიშობს 35-40 ბავშვი.[18]

ღირსშესანიშნაობანი რედაქტირება

ბახტრიონის ციხე რედაქტირება

ბახტრიონის ციხე – ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქალაქ ახმეტის სიახლოვეს, სოფელ ხორბალოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს, ილტოს შესართავის მახლობლად. ციხე XVII საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, ირანის შაჰის აბას II-ის ბრძანებით აიგო.[20]

კვეტერა რედაქტირება

ისტორიული ციხე-ქალაქი კვეტერა მდებარეობს მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მარცხენა მხარეს, ახმეტიდან 12 კმ-ის დაშორებით. ციხე-ქალაქის კომპლექსის შემადგენლობაში შედის: შიდა ციხე, ქვედა ციხე, გალავანი, სასახლე, დარბაზული ეკლესია და მთავარი ღირსშესანიშნაობა გუმბათოვანი ეკლესია.[21]

ალავერდის მონასტერი რედაქტირება

ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.[22]

მატნის ცხრაკარა რედაქტირება

სამონასტრო კომპლექსი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნში დასავლეთით მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსს 2006 წლის 7 ნოემბრის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[23]

ცხრაკარას სასახლის კომპლექსი რედაქტირება

ლევან მეფის (1520–1574 წწ.) სასახლის კომპლექსის ნაშთები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანსა და ქვემო ალვანს შორის, ალაზნის ველის ზემოთ, კავკასიონის მთისწინეთზე მდებარეობს. მის მახლობლადაა წმ. იოანე ნათლისმცემლის ბაზილიკა, რომელშიაც ლევან მეფისა და თინათინ დედოფლის ძლიერ დაზიანებული პორტრეტებია გადარჩენილი.

გამოჩენილი ადამიანები რედაქტირება

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამოჩენილი ადამიანები
ფოტო სახელი და გვარი წლები აღწერა
  რაფიელ ერისთავი 1824-1901 ქართველი პოეტი, დრამატურგი, ლექსიკოლოგი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი.
  ქაქუცა ჩოლოყაშვილი 1888-1930 ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი.
  ოთარ მეღვინეთუხუცესი 1932-2013 ქართველი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი.
  ზურაბ ზვიადაური 1981- ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი.
  გიორგი ანწუხელიძე 1984-2008 საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, ეროვნული გმირი.
  ზვიად გოგოჭური 1986- ქართველი პარალიმპიელი სპორტსმენი, ძიუდოისტი.

დაძმობილებული ქალაქები/ადმინისტრაციული ერთეულები რედაქტირება

ქალაქი სახელმწიფო რეგიონი/რაიონი/ოლქი ფართობი მაცხოვრებელი საფოსტო კოდი ვებ-გვერდი
ბელგოროდ-დნესტროვსკი   უკრაინა ოდესის ოლქი 31 კმ² 50 500 67 700 [1]
პანევეჟისი   ლიეტუვა პანევეჟისის რაიონი 52 კმ² 114 582 35001 [2] დაარქივებული 2011-12-10 საიტზე Wayback Machine.
კლაიპედა   ლიეტუვა კლაიპედას მაზრა 98 კმ² 161 300  LT-91001 [3]
-   მოლდოვა იალოვენის რაიონი 783.49 კმ² 93 154 6817 [4]

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზარდალიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 107-108.
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • საბაშვილი მ., საქართველოს სსრ ნიადაგები, თბ., 1965;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება, თბ., 1968;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974;
  • Геоморфология грузии, ТБ., 1971.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Ethnic composition of Georgia 2014
  2. georgia-religion2014
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 პროგრამა — საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-07. ციტირების თარიღი: 2014-09-29.
  4. მდებარეობა, განლაგება, მუნიციპალური ცენტრი დაარქივებული 2021-10-27 საიტზე Wayback Machine. akhmeta.gov.ge
  5. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, წერილი N9-1847, 06/09/2021
  6. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
  7. ეკონომიკის განვითრების გეგმა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-27. ციტირების თარიღი: 2021-10-27.
  8. ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-27. ციტირების თარიღი: 2021-10-27.
  9. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია წერილი N86-862125345, 10/09/2021
  10. whc.unesco.org
  11. საჯარო სკოლები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-29. ციტირების თარიღი: 2021-10-27.
  12. საბავშვო ბაღები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-29. ციტირების თარიღი: 2021-10-27.
  13. კოლეჯები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-27. ციტირების თარიღი: 2021-10-27.
  14. ახმეტის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
  15. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ.2. თბ. 2004
  16. [ http://betravel.ge/index.php?hide=mkh8&lang=ge კახეთის მუზეუმები]
  17. მუზეუმის გახსნა პანკისში
  18. 18.0 18.1 „ახმეტის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
  19. ტრადიციები და დღესასწაულები მუნიციპალიტეტში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-27. ციტირების თარიღი: 2021-10-27.
  20. ასათიანი ნ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ. 1977. — გვ. 256
  21. კვეტერას ციხესიმაგრე და ეკლესია, ჟღერს ქვის ჰარმონია, ნაკვეთი მესამე, ტ. 14., თბ., 2007 წ., გვ.141
  22. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 260.
  23. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ