ახალი ზელანდიის გერბი

ახალი ზელანდიის გერბიახალი ზელანდიის ოფიციალური სიმბოლო. პირველად ეს გერბი წარმოადგინა გაერთიანებული სამეფოს მეფე ჯორჯ V-მ 1911 წლის 26 აგვისტოს, ხოლო მასში ცვლილებები შეიტანა დედოფალ ელისაბედ II-მ 1956 წელს.

ახალი ზელანდიის გერბი
დეტალები

1911 წლამდე ახალი ზელანდია იყენებდა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო გერბს. 1907 წლიდან კი, როდესაც ქვეყანამ ფაქტობრივად დამოუკიდებლობა მოიპოვა დიდი ბრიტანეთისგან, გადაწყვიტეს შეექმნათ საკუთარი გერბი, ამის გამო გამოცხადდა კონკურსი. 1911 წელს უკვე ახალ ზელანდიელებს ჰქონდათ საკუთარი გერბი, რომელშიც გარკვეული შესწორებები 1956 წელს შეიტანეს.

გერბის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ფარი, რომელიც ოთხ ნაწილადაა დაყოფილი. გერბის ცენტრალური ნაწილს მისი წარდგენიდან დღემდე, ცვლილება არ განუცდია. ფარის მარცხენა ზედა კუთხეში გამოსახულია ოთხი ვარსკვლავი, რომელიც სიმბოლურად სამხრეთ ჯვრის თანავარსკვლავედს აღნიშნავს (ასეთივე ვარსკვლავებია გამოსახული ახალი ზელანდიის დროშაზეც, ზუსტად ამავე პროპორციით). მარჯვენა ზედა კუთხეში გამოსახულია ოქროს საწმისი, რომელიც სიმბოლურად მესაქონლეობას ასახავს; მარცხენა ქვედა კუთხეში — ხორბლის კონა, სოფლის მეურნეობის სიმბოლოდ; მარჯვენა ქვედა კუთხეში — ორი ჩაქუჩი, სამთო მრეწველობის და ინდუსტრიის სიმბოლოდ. ფარის შუაში გამოსახულია სამი გემი, რომელიც სიმბოლურად ასახავს ახალი ზელანდიის საზღვაო ვაჭრობასა და წარმოშობით ახალ ზელანდიელ იმიგრანტებს.

1956 წელს გერბში შეიტანეს ცვლილებები: გერბიდან გააქრეს ლომის გამოსახულება, ბრიტანული დროშა და დევიზი «Onward». დევიზი შეცვალეს გვიმრის ფოთლებით, რომელზეც ეწერა «ახალი ზელანდია».

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება