აღქმა (პერცეფცია, ლათ. წარმოდგენა, აღქმა) — კოგნიტური (შემეცნებითი) პროცესი, რომლის დროსაც ხდება ფსიქიკაში რეალური სინამდვილის ასახვა, საგნის ან მისი ცალკეული თვისების უშუალო განცდა. ყოველდღიურ მეტყველებაში, ჩვეულებრივ ერთი მნიშვნელობით ხმარობენ სიტყვებს აღქმა და შეგრძნება, მაგრამ როგორც მეცნიერული ფსიქოლოგიის ცნებები, ისინი არსებითად განსხვავდებიან. რეალურად ისინი ერთმანეთისაგან მოუწყვეტლად, აღქმის ერთიანი პროცესის სახით არსებობენ. ჩვეულებრივ პირობებში შეგრძნებას ადამიანი აღქმის გარეშე არც განიცდის. იმისთვის, რომ აღქმა განხორციელდეს საგანმა სათანადო ნერვული დაბოლოებების ანუ რეცეპტორების გაღიზიანების მეშვეობით უნდა წარმოშვას ჩვენში სათანადო შეგრძნებები (ყნოსვა, მხედველობა, შეხება, გემო, სმენა და სხვ.) შეგრძნების აღმოცენების გარეშე გარემომცველი სინამდვილის საგანთა აღქმა შეუძლებელია.

ფაილი:Rubin2.jpg
რუბინის ვაზის ორ სახოვნად აღქმაა შესაძლებელი

ადამიანი გარემოს გამღიზიანებლებს კი არ შეიგრძნობს, არამედ ობიექტურად მისგან დამოუკიდებლად მოცემულ საგანთა სახით აღიქვამს; ყოველდღიურ ნორმალურ პირობებში გარემოს რეალური ზემოქმედება რეცეპტორებზე სხვადასხვა მოდალობისა და ინტენსივობის შეგრძნებების სახით კი არ განიცდება, არამედ ჩვენს გარეშე მოცემული ობიექტური საგნების სახით; გარემოს კი არ შევიგრძნობთ – აღვიქვამთ.

აღქმის თვისებები რედაქტირება

  • საგნობრიობა – აღქმა განიცდება, როგორც სუბიექტის გარეშე, მისგან დამოუკიდებლად არსებული ობიექტი, მიუხედავად იმისა, იქნება ეს მთელი საგნის აღქმა თუ მისი რომელიმე თვისებისა.
  • კატეგორიალობა – აღქმაში საგნის თვალსაჩინო ხატთან ერთად მოცემულია იმ საგნის გულისხმობა, რომლის თვალსაჩინო ასახვასაც იძლევა იგი. თვალსაჩინოდ ასახულ ამ კერძო, ცალკეულ საგანს სუბიექტი განიცდის როგორც საგანთა გარკვეული ჯგუფის თუ კლასის ან კატეგორიის წარმომადგენელს.
  • სტრუქტურული მთლიანობა – ძველ ფსიქოლოგიაში აღქმა შეგრძნებათა უბრალო ჯამს წარმოადგენდა, დღესდღეობით კი დადგენილია, რომ იგი გარკვეული სტრუქტურის მქონე მთლიანობაა. მთლიანის მთავარ თავისებურებას წარმოადგენს სპეციფიკური დამოკიდებულება მთელსა და მის ნაწილებს შორის: მთლიანს გააჩნია ახალი თვისებები, რომლებიც არც ცალკე მის ნაწილებს და არც მათ ჯამს არ ახასიათებს. სხვადასხვა მთლიანობაში შესული ერთი და იგივე ელემენტი განსხვავებულია ამ მთელთა თავისებურების მიხედვით.
  • კონსტანტობა – არსებითი ცვლილებების მიუხედავად, საგნის აღქმა გარკვეულ ფარგლებში კონსტანტური, ე.ი უცვლელი რჩება.კონსტანტობას დიდი მნიშვნელობა აქვს საგანთა სწორი აღქმისათვის, მათი ცნობისათვის აღქმის მუდმივად ცვალებად პირობებში. აღქმის ეს თვისება დიდად დამოკიდებულია სუბიექტის გამოცდილებაზე (ვითარდება 6 თვის ასაკიდან), მაგრამ იგი არ წარმოადგენს საგანთა ინტელექტუალური შეფასების შედეგს, კონსტანტობა უშუალო ხასიათს ატარებს და ცოცხალ არსებათა გარემო პირობებთან შეგუების შედეგს წარმოადგენს.
 
ორაზროვანი გამოსახულება. მასზე ერთდროულად გამოსახულია ახალგაზრდა ქალი, რომელსაც სახე მიბრუნებული აქვს მარჯვენა მხარეს და ასევე, მოხუცი ქალის პროფილი, მოკაკულ ცხვირითა და ნიკაპის კონტურით. მიიჩნევა, რომ ის, თუ რას აღიქვამენ სურათზე ადამიანები, დამოკიდებულია მათ შინაგან მდგომარეობასა და განწყობაზე.
  • აღქმის პიროვნებისეული ხასიათი – აღქმა ადამიანის შემეცნებითი აქტივობის გამოვლინებაა, ამიტომ, როგორც ყველა სხვა მოქმედებაში აღქმაშიც თვით აღმქმელი პიროვნების შინაგანი მდგომარეობა, მისი გამოცდილება, მისი მისწრაფებები, მისი მოთხოვნილებები და ინტერესები ვლინდება და გარკვეულ გავლენას ახდენს აღქმაზე. აღქმა არ არის საგნის სარკისებური, პასიური და სრულიად ობიექტური, უცვლელი ასახვა. გარკვეულ ფარგლებში იგი პიროვნებისეულ ხასიათს ატარებს. ერთსა და იმავე მოვლენას სუბიექტი გარკვეულ ფარგლებში განსხვავებულად აღიქვამს იმის მიხედვით, თუ როგორია მისი გამოცდილება ამ მოვლენის მიმართ, რა იცის მის შესახებ, რა აინტერესებს მას ამ მოვლენაში, როგორ არის ამ მომენტში განწყობილი. ყოველივე ამის მიხედვით, იცვლება თვალსაზრისი, რომლითაც აღიქმება მოვლენა, იცვლება პიროვნების პოზიცია მის მიმართ. როდესაც ადამიანი წინასწარ მტკიცედ არის განწყობილი გარკვეული მოვლენის ან საგნის მიმართ, მაგალითად, მტკიცედ მოელის რაიმე მოვლენას, ასეთი განწყობის ზეგავლენით მან შეიძლება დამახინჯებულად, არასწორად, ილუზიურად აღიქვას მოცემული მოვლენა თუ იგი არ დაემთხვა მოსალოდნელს. ასეთი წინასწარშემუშავებული განწყობის შედეგს წარმოადგენს შემცდარ აღქმათა ანუ აღქმის ილუზიათა დიდი ნაწილი.
  • აღქმის ილუზიებიილუზია ეწოდება მცდარ აღქმას, რომელიც არ შეესატყვისება ინტელექტუალურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ ცოდნას აღქმული მოვლენის შესახებ. საგანი უშუალოდ აღიქმება დამახინჯებულად – დამახინჯებულია საგნის აღქმადი სურათი და არა ცოდნა ან აზრი საგნის შესახებ. გამომწვევი მიზეზების მიხედვით ილუზიათა 3 სახეს განასხვავებენ:

1. ფიზიკური ილუზიები – გამოწვეულია საგნის მოცემულობის ფიზიკური პირობებისაგან. ილუზიის მიზეზია ფიზიკური მოვლენა, მაგალითად, სინათლის სხივების განსხვავებული გარდატეხის გამო გამჭვირვალე სითხეში და მის გარეთ, წყალში ჩაშვებული ჯოხი გადატეხილად აღიქმება.

2. ფიზიოლოგიური ილუზიები – გამოწვეულია ფიზიოლოგიური მოვლენებით, მაგალითად, ოპტიკური კვალის მოვლენა და სხვ.

3. ფსიქოლოგიური ილუზიები – განპირობებულია ფსიქიკური ფაქტორებით: ძლიერი აფექტი, ძლიერი სურვილი, მტკიცე რწმენა, დაძაბული მოლოდინი, აქტუალური განწყობა, შთამაგონებელი ზემოქმედება, არასწორი მსჯელობა, მცდარი ცოდნა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ნათაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 63.
  • ნათაძე რ., ზოგადი ფსიქოლოგია, თბილისი, 1956
  • უზნაძე დ., ზოგადი ფსიქოლოგია, თბილისი, 1940

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება