აფრიკული წყალკვეთია

ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა

აფრიკული წყალკვეთია (ლათ. Rynchops flavirostris) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა.

აფრიკული წყალკვეთია

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Rynchops flavirostris (Vieillot, 1816)
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 22694262

აღწერა რედაქტირება

მისი სხეულის სიგრძეა 25–40 სმ. აქვს გრძელი ფრთები. შეფერილია უპირატესად შავ-მურად, ქვედა ნაწილი და შუბლი თეთრია. ნისკარტი ნარინჯისფერ-ყვითელია, წვერში მთლად ყვითელი.

გავრცელება რედაქტირება

გავრცელებულია აფრიკაში, სენეგალიდან ნილოსის ქვემო წელამდე, კონგოსა და ზამბეზის აუზებში, ანგოლაში, კენიაში, ტანზანიაში. სამხრეთით აფრიკული წყალკვეთია კვაზულუ-ნატალამდე გვხვდება. ბინადრობს მტკნარწყლოვან წყალსატევებთან ახლოს, თუმცა ზღვის სანაპიროებზეც შეინიშნება.

კვება რედაქტირება

თევზებზე ნადირობა მთელი დღის განმავლობაში შეუძლია, თუმცა ყველაზე ხშირად ღამით მოიპოვებს საკვებს. ნადავლის მოპოვების დროს წყლის ზედაპირთან ახლოს დაფრინავს და მასში თითქმის ჰყოფს ნისკარტს, წყალს „კვეთს“.

გამრავლება რედაქტირება

მონოგამი ფრინველებია. ბუდობენ ცალკეულ წყვილებად ან კოლონიებად, რომელშიც 25-მდე მობუდარი წყვილი შეიძლება იყოს გაერთიანებული. ამასთანავე, ხშირად ერთიანდებიან სხვა სახეობის ფრინველებთანაც. ბუდე ნესტიან ნიადაგზე არსებული ღრმა ორმოა, რომელსაც ორივე მშობელი თხრის. ჩვეულებრივ რამდენიმე ორმოს აკეთებენ და შემდეგ ერთ-ერთს ირჩევენ. იგი მეჩეჩზეა განთავსებული, წყალთან ახლოს. ბუდობა აგვისტო-ოქტომბერში მიმდინარეობს. დედალი დებს 2-დან 4-მდე მოთეთრო ან მოყვითალო კვერცხს მუქი წინწკლებით. ორივე მშობელი კრუხობს მორიგეობით, ინკუბაცია 20–22 დღე გრძელდება. გამოჩეკიდან 1–2 დღეში ბარტყები ბუდეს ტოვებენ. გამოსაყვანი პერიოდი 5–6 კვირა გრძელდება.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Rynchops flavirostris (African skimmer). Biodiversity Explorer. Iziko Museums of South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-20. ციტირების თარიღი: 2018-4-22.