ასციდიები (Ascidiae) — ზღვის ცხოველების კლასი გარსიანების ქვეტიპისა. უმრავლესობა სუბსტრატზეა მიმაგრებული, ხოლო ზოგი თავისუფლად დაცურავს. გვხვდება როგორც ცალადი, ისე კოლონიური ფორმები. ასციდიების პარკისებრი სხეული დაფარულია სქელი გარსით - ტუნიკით, რომელსაც ეპითელიუმი გამოყოფს. სხეულის ბოლო ლანჩით მიმაგრებულია სუბსტრატზე, ზედა მხარეს ორი ხვრელია - პირისა და კლოაკისა. ასციდიები შეფერილია ნარინჯისფრად, იისფრად, მოწითალოდ და მოყავისფროდ, თუმცა ზღვის ღრმა ფენებში მობინადრე ფორმებს ფერი დაკარგული აქვს. ზოგჯერ ტუნიკა გამჭვირვალეა და შინაგანი ორგანოები მოჩანს. იკვებება (პასიურად) მცირე ზომის ორგანიზმებით. მრავლდება როგორც სქესობრივად, ისე უსესქოდ (დაკვირტვით). ლარვას აქვს ქორდა, რაც ზრდასრულს აღარ გააჩნია. ამ ნიშნით ა. კოვალევსკიმ ასციდიები ქორდიანების ტიპს მიაკუთვნა. ცნობილია ასციდიების 150-მდე სახეობა. ცალადი ასციდიებიდან აღსანიშნავია ფალუზია (Phallusia mammilata), ციონა (Ciona intestinalis) და სხვა. მცურავი კოლონიური ფორმებიდან საყურადღებოა პიროზომა, რომელიც კაშკაშა სინათლეს ასხივებს. ასციდიები გავრცელებულია 5000 მ სიღრმემდე მსოფლიოს ყველა ზღვაში.

რამდენიმე ასციდის ფორმის ერნსტ გეკელისეული ინტერპრეტაცია

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 1, გვ. 663, თბ., 1975

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება