ასტრა — ბალახოვანი მცენარეების ორი გვარი – Aster და Callistephus – რთულყვავილოვანთა ოჯახისა. Aster-ის გვარში გაერთიანებულია მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეები, რომელთაც მორიგეობით განლაგებული ფოთლები და კალათა ყვავილედები აქვთ. ცნობილია 200-მდე სახეობა. ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, მცირე რაოდენობით - სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში, აზიასა და ევროპაში.

ასტრა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Aster

საქართველოში გავრცელებულია 5 სახეობა, მათგან 1 ენდემური. გვხვდება ალპურ მდელოებზე, ტყე-სტეპებსა და სტეპებში ბიცობ და კირიან ნიადაგებზე. მრავალი სახეობა დეკორატიულია. ყირიმსა და კავკასიაში კულტივირებულია Aster alpinus და Aster ammellus. ცნობილია აგრეთვე ასტრის ჯუჯა (15-20 სმ) ფორმები, რომელთაც ბორდიურებისათვის იყენებენ, ჯიშთა უმრავლესობა ყვავის შემოდგომაზე, ზოგი კი გაზაფხულზე (მაისში). მრავლდება ბუჩქის დაყოფით, კალმითა და თესლით.

Callistephus-ის გვარი შეიცავს მხოლოდ ერთ სახეობას, ე. წ. ბაღის ასტრას ანუ ქრისტესთვალას (ლათ. Callistephus chinensis), რომელიც ველურად იზრდება ჩინეთსა და იაპონიაში და ერთწლოვანი ასტრების წინაპარია. კულტურაში ასტრის 400-მდე ჯიშია ცნობილი. ფორმით, ზომითა და შეფერილობით ეს ჯიშები ერთმანეთისაგან განსხვავდება. ყვავილები იისფერი, წითლი ან თეთრია.

ლიტერატურა რედაქტირება