ასლან აბაშიძე

ქართველი პოლიტიკოსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ლიდერი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

ასლან აბაშიძე (დ. 20 ივლისი, 1938, ბათუმი) — საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფაქტობრივი ერთპიროვნული მმართველი 1991-2004 წლებში. აჭარაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად, 2004 წლის 6 მაისიდან გაქცეულია რუსეთში. გენერალ-მაიორი.

ასლან იბრაიმის ძე აბაშიძე
ასლან იბრაიმის ძე აბაშიძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1991 – 2004
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1991 – 2001
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

აჭარის ასსრ-ის სამომხმარებლო მომსახურების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1984 – 1986

დაბადებული20 ივლისი, 1938 (1938-07-20) (85 წლის)
ბათუმი, საქართველოს სსრ, სსრკ
პოლიტიკური პარტიასაბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია
დემოკრატიული აღორძინების კავშირი
მამაიბრაიმ აბაშიძე
მეუღლემაგული გოგიტიძე
შვილებიდიანა აბაშიძე (1970—)
გიორგი აბაშიძე (1976—)
ალექსანდრე აბაშიძე (2017—)[1]
განათლებაბსპი
თსუ
წოდება პოლკოვნიკი (რუსეთი)

გენერალ-მაიორი (საქართველო)
საქმიანობაპოლიტიკოსი
ჯილდოებივახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი ხალხთა მეგობრობის ორდენი საპატიო ნიშნის ორდენი
ასლან აბაშიძე კენედის კოსმოსურ ცენტრში ვაჟთან და ფიოდორ იურჩიხინთან ერთად

ბიოგრაფია რედაქტირება

ასლან აბაშიძე დაიბადა სტალინის დროს რეპრესირებულ ოჯახში. მისი პაპა იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწე მემედ აბაშიძე. დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის სახალხო მეურნეობის დაგეგმარების ფაკულტეტი. 1981-1991 წლებში უკავია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა თანამდებობები. 1991 წლის მარტში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერით დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად. 1991 წლის ივლისში არჩეულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. საქართველოში სამოქალაქო მღელვარებების დროს მოახდინა საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდირება და ფაქტობრივად რეგიონის ერთპიროვნულ მმართველად იქცა.

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პროპორციული წესით, N10 მრავალმანდატიანი ოლქი, ბლოკი „მშვიდობა“. 1995-1999 წლებში იყო მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი ბლოკი „სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირის“ სიით. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.

1992 წელს ასლან აბაშიძემ დააარსა და სათავეში ჩაუდგა „საქართველოს აღორძინების კავშირს“. 1996 წელს მეორედ არჩეულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. 1998 წელს მისი კარნახით შეიცვალა აჭარის კონსტიტუცია, რომლის საფუძველზეც აბაშიძე გახდა „ავტონომიის მეთაური“. 2000 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხსნა თავისი კანდიდატურა. 2001 წელს ასლან აბაშიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურად აირჩიეს. მან ხმათა 99% მიიღო. მისი მმართველობის დროს აჭარა შედარებით სტაბილური მხარე იყო, თუმცა იდევნებოდა ოპოზიცია, ირღვეოდა ადამიანის უფლებები. გარკვეული ეკონომიკური წინსვლის მიუხედავად მმართველობა იყო კორუმპირებული და კონცენტრირებული აბაშიძის ოჯახის წევრების ხელში. შეიქმნა არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც საბაჟოსა და რეგიონში განთავსებულ თავდაცვისა და შინაგან სამინისტროების ქვედანაყოფებთან ერთად პრაქტიკულად აბაშიძეს ემორჩილებოდა.

საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან აბაშიძის დამოკიდებულება წინააღმდეგობრივი იყო, 2003 წელს მომხდარი ე. წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კი ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა. ასლან აბაშიძემ უკანონოდ გამოსცა განკარგულება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. ამის შემდეგ ის ფაქტობრივად არ ემორჩილებოდა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას. დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია 2004 წლის მაისში, როდესაც ასლან აბაშიძის ბრძანებით ააფეთქეს ხიდი მდინარე ჩოლოქზე. იმავე დღეებში მოხდა ოპოზიციის გამოსვლების დარბევა, თუმცა საპროტესტო ტალღა არ შეჩერებულა. აჭარაში განთავსებული საჯარისო ნაწილების შემადგენლობამ მასიურად დაიწყო ცენტრალური ხელისუფლების მხარეზე გადასვლა. 2004 წლის 6 მაისს, ასლან აბაშიძემ ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი აჭარაზე. ამის შედეგად ასლან აბაშიძე იძულებული გახდა გადამდგარიყო და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის იგორ ივანოვის თანხლებით დაეტოვებიანა აჭარა.

2005 წლის დეკემბერში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ასლან აბაშიძის წინააღმდეგ და იგი ძებნაში გამოაცხადა. მას ტერორიზმსა და კორუფციაში დასდეს ბრალი. 2006 წლის მარტში ასლან აბაშიძის წინააღმდეგ კიდევ ერთი ბრალდება წამოაყენეს — ამჯერად მისი ყოფილი მოადგილის ნოდარ იმნაძის განზრახ მკვლელობის (1991) მუხლით. 2007 წლის 22 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასლან აბაშიძეს დაუსწრებლად მიუსაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 60 მილიონი დოლარის გადახდა.

ჰყავს სამი შვილი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. „ასლან აბაშიძეს 78 წლის ასაკში მესამე შვილი შეეძინა“. 14 აპრილი, 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date= და |archivedate=-ში (დახმარება)