არჩილ ზურაბიშვილი

არჩილ ზურაბიშვილი (დ. 25 აპრილი, 1896, ქუთაისი გ. 19 იანვარი, 1964) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია რედაქტირება

ივანე (ვანო) ზურაბიშვილისა და ნინო ნიკოლაძე-მაკაროვას უფროსი ვაჟი არჩილ ზურაბიშვილი დაიბადა ქუთაისში, 1896 წლის 25 აპრილს. 1914 წელს დაამთავრა თბილისის მე-5 გიმნაზია და სწავლა განაგრძო მოსკოვის საარტილერიო სასწავლებელში. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა გერმანიის ფრონტზე რუსეთის არმიის შემადგენლობაში. რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. მსახურობდა ქართულ სამხედრო უწყებაში, რომელსაც გენერალი ივანე ჯაფარიძე განაგებდა. 1919 წელს საქართველოს მთავრობამ არჩილ ზურაბიშვილი სხვა ახალგაზრდებთან ერთად გააგზავნა საფრანგეთში სწავლის გასაგრძელებლად. არჩილი შევიდა გრენობლის ელექტრო-ტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც 1922 წელს დაასრულა. სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. როდესაც მისი მშობლები საქართველოს ანექსიის შემდეგ პარიზში ჩავიდნენ, ოჯახს შეუერთდა. არჩილ ზურაბიშვილი მსახურობდა „როლს-როისის“ საზოგადოებაში; 1928 წელს, პარიზში, შოთა ნიკოლაძესთან ერთად აღადგინა სპორტული საზოგადოება „შევარდენი“; ინჟინერ აპოლონ კობახიძესთან ერთად დააარსა „საფრანგეთში მყოფ ქართველ ინჟინერთა და ტექნიკოსთა საზოგადოება“; მას დიდი წვლილი მიუძღვის პარიზში ქართული ეკლესიის ფუნქციონირებაში; ბრწყინვალედ იცოდა უცხო ენები — ფრანგული, ინგლისური, გერმანული. 1962 წელს, პარიზში, არჩილმა გამოსცა მამის, ივანე ზურაბიშვილის წიგნი „კარგ ქართველთა ხსოვნისათვის". არჩილ ზურაბიშვილის მეუღლე იყო რეი მიუსო. მათი შვილებია ტარიელ და მილი ზურაბიშვილები. ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენლები გახდნენ ივანე ზურაბიშვილის მომდევნო ვაჟებიც, გიორგი და ლევანი. არჩილ ზურაბიშვილი გარდაიცვალა 1964 წლის 19 იანვარს, პარიზში, დაკრძალულია ლევილში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზურაბიშვილი არჩილ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. თბ., 2012. გვ.93.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება