ართანის ღვთისმშობლის მცირე ეკლესია

ართანის ღვთისმშობლის მცირე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ართანის ჩრდილო-დას

ართანის ღვთისმშობლის მცირე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ართანის ჩრდილო-დასავლეთით, 0,5 კილომეტრზე. მინდორში, თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა (5,2 x 3,9 მეტრი). ნაგებია სხვადასხვა ზომის, რიყის ქვითა და კირის სქელი დუღაბით. წყობა ირეგულარულია. კარ-სარკმელთა ღიობები და ლავგარდანი გამოყვანილია კვადრატული აგურით. აგურია გამოყენებული აფსიდისა და შენობის გარეთა კუთხეების წყობაშიც. მოგვიანებით ეკლესია შეუკეთებიათ — სახურავის კალთებზე დუღაბის სქელი ფენა დაუსხამთ და კრამიტით დაუბურავთ (შემორჩენილია ფრაგმენტები), რამაც ნაწილობრივ შეამცირა სახურავის კალთების დახრილობა. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადზე აშკარად გამოიყოგა თავდაპირველ და გვიანდელ ფენებს შორის საზღვარი. შეკეთება სეხებია ჩრდილოეთ შესასვლელსაც, სადაც წირთხლების ქვემოთა, რიყის ქვით გამოყვანილი ნაწილები (იატაკის დონიდან დაახლოებით 60 სანტიმეტრის სიმაღლეზე) ეკლესიის თანადროულია, ხოლო ზემოთა — აგურისაა და წყობით გვიანდელობის ნიშნებს ატარებს.

შესასვლელი ორია — დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ორივე კარის ღიობი გარედან აგურის შეისრული თაღით იყო გადახურული, შიგნიდან კი ხის, ძელოვანი გადახურვა ჰქონდა. ამჟამად იგი მხოლოდ დასავლეთ კარს შემორჩა.

ეკლესიის დარბაზი კვადრატულია, აღმოსავლეთით იგი დასრულებულია ოდნავ დეფორმირებული ნახევარწრის ფორმის აფსიდით, რომლის ღერძზე გაჭრილია მცირე ზომის, ქვის ფილებით ბრტყლად გადახურული სარკმელი. მსგავსი სარკმელი დასავლეთიდანაცაა. იგი მოგვიანებით (შეკეთებისას) გაუფართოებიათ, აფსიდის ორივე გვერდში თითო, მცირე, სწორკუთხა ნიშაა. მათ შორის ჩრდილოეთისას ორმაგი შეღრმავება აქვს. აფსიდი გადახურულია რიყის ქვით ნაწყობი კონქით, რომლის თაღი აგურისაა და შეისრულია. მსგავსი ფორმისაა კამარაც.

შენობის ფასადები სადაა. კედლები დასრულებული იყო საფეხურად ნაწყობი ლავგარდნით (შემორჩენილია ფრაგმენტები), რომელიც შედგებოდა ჩვეულებრივად დაწყობილი და კუთხის შვერილი აგურის რიგების მონაცვლეობით.

ლიტერატურა

რედაქტირება