არგვიცის ღვთისმშობლის ეკლესია

არგვიცის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფ. არგვიცში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია ნაგებია მოწითალო ფერის, სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია რიყის ქვით. კუთხეებში გამოყენებულია თლილი ქვა. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვაა. ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა ნიშებია. კონქი ნახევარსფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ ხის კანკელი და ერთსაფეხურიანი სოლეაა. კამარა ცილინდრულია. დარბაზი ნათდება აღმოსავლეთის და დასავლეთის სწორკუთხა სარკმლებით. სამხრეთი შესასვლელი თაღოვანია. ინტერიერი შებათქაშებულია. იატაკი მიწურია. ეკლესიის კარნიზი მარტივპროფილიანია. საბურავად გამოყენებულია კრამიტი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 10