არბაბი (არაბ. მრავლობით რიცხვში „ბატონები“, სპარსულ ენაში დამკვიდრდა მხოლობით რიცხვში — „ბატონი“, „მიწათმფლობელი“) — უპირობო ფეოდალური მიწის საკუთრება შუა საუკუნეების ირანში. არბაბის მფლობელობა დამოკიდებული არ იყო სახელმწიფოს წინაშე რაიმე ვალდებულების შესრულებაზე, შეიძლებოდა მისი მემკვიდრეობით გადაცემა და გასხვისება. არბაბის არაბული შესატყვისია მულქი. ახალ დროში არბაბი კერძო მესაკუთრულ მიწად იქცა.

საქართველოში არბაბი ხარაჯასაც ნიშნავდა. ნადირ-შაჰმა ქართლ-კახეთს შეაწერა დიდი გადასახადი — 200 ათასი თუმანი, რომლის გადახდა შეუძლებელი იყო. ამიტომ მეფეები თეიმურაზ I და ერეკლე II განუდგნენ შაჰს, რომელიც ბოლოს იძულებული გახდა მეფეებზე შეწერილი ეს გადასახადი გაეუქმებინა. ქართლ-კახეთზე შეწერილ გადასახადს და მით გამოწვეულ მძიმე მდგომარეობას თანამედროვენი „დიდ არბაბობას“ უწოდებდნენ.

ლიტერატურა რედაქტირება