არამეული ენები (არამეულად ܐܪܡܝܐ Ārāmāyâ) — სემიტური ენების ქვეჯგუფი. წარსულში არამეული ენა ასრულებდა Lingua franca-ს (სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის სალაპრაკო ენა) როლს ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის პალესტინაში იესო ქრისტეს დროს.

XI საუკუნის, სირიული ხელნაწერის ნიმუში.

წარსულში არამეელებს უწოდებდნენ დასავლეთის სემიტურ ტომებს, რომლებიც მომთაბარეობდნენ დაახლოებით დღევანდელი სირიის ტერიტორიაზე. მათი ენა (უფრო სწორედ კი, მათი მონათესავე დიალექტები) ძალიან ახლოსაა ხანაანეისტურ ენებთან, კერძოდ, ივრითთან. არამეელებს არასოდეს შეუქმნიათ ერთიანი სახელმწიფო. მიუხედავად ამისა მათი ენა ექსპანსიური იყო და შეუჩერებლად განაგრძობდა სხვა ტერიტორიებზე გავრცელებას.

არამეული ასრულებდა Lingua franca-ს როლს მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ასურეთსა და ბაბილონის სამეფოში მან ხმარებიდან ამოაგდო აქადური ენა. ისრაელსა და იუდეაში ელჩები და ვაჭრები არამეულად საუბრობდნენ. არამეული ენა განსაკუთრებით გაძლიერდა ახემენიდების (ძველი სპარსეთის მმართველების დინასტია) მმართველობის პერიოდში (ძვ.წ. VII-IV სს). ამ დროს ის ხდება იმპერიის ოფიციალური ენა.

ელინისტურ ეპოქაში, არაბულ დაპყრობებამდე (VII ს.) არამეული წარმატებულად უწევდა კონკურენციას ბერძნულს, რომლის მნიშვნელობაც ისე ჩამოიტოვა, როგორც სხვა ადგილობრივი სემიტური დიალექტების.

დიალექტები რედაქტირება

არამეული ენის ყველა ვარიანტი შეიძლება გაიყოს ორ დიდ ჯგუფად: სამხრეთარამეული (ისრაელის მიწები, გალილეა, დამასკო) და აღმოსავლეთარამეული (ცენტრალური სირია და ბაბილონი). ორივე დიალექტის დამწერლობის ძეგლები შემონახულია ივრითულ წყაროებში: თარგუმი, იერუსალიმის თალმუდი (დასავლური დიალექტი), ბაბილონის თალმუდი (აღმოსავლური დიალექტი). გარდა ამ დიდი ტექსტებისა, ასევე გვხვდება უფრო პატარა, განსხვავებული ჟანრების დოკუმენტები.

ისტორია რედაქტირება

 
XI საუკუნის ებრაული ბიბლიის ხელნაწერი.

ძვ.წ. II-I ათასწლეულებისათვის არამეული ენა გავრცელებული იყო თანამედროვე სირიის, ირანისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე. პირველი არამეული ძეგლები ცნობილია ძვ.წ. IX საუკუნიდან. ისინი ნაპოვნია თანამედროვე სირიის ტერიტორიაზე.

ქრონოლოგიის მხრივ არამეული ენები იყოფა ძველარამეულ, შუაარამეულ და ახალარამეულ პერიოდებად. ეს პერიოდიზაცია დაფუძნებულია შიდალინგვისტურ კრიტერიუმებზე და ზოგადად ემთხვევა არამეული ენების კლასიფიკაციას, რომელიც წარმოგვიდგინა გერმანელმა არამეისტმა კლაუს ბაიერმა.

შუაარამეული პერიოდი (II საუკუნიდან 1200 წლამდე):

  • სირიული
  • იუდეურ-არამეულები

ახალარამეული პერიოდი (1200 წლიდან) - გამოიყენებოდა სასაუბრო ენად ახლო წარსულში. მიღებულია ახალარამეულის (ისევე როგორც შუაარამელის) ლინგვისტური ნიშნების მიხედვით დაყოფა ორ - აღმოსავლურ და დასავლურ ნაწილებად.

არამეული ენებისა და დიალექტების ერთობლიობას, რომელსაც იყენებდნენ და იყენებენ ებრაელები, ეწოდება ებრაულ-არამეული ენები, მიუხედავად იმისა, რომ შუაარამეული პერიოდისათვის უმეტესად გამოიყენება ტერმინი - იუდეურ-არამეული.

ძველარამეული პერიოდი რედაქტირება

 
ბერძნულ არამეული ბილინგვა ძვ.წ. III საუკუნე.

ძვ.წ. IX-VII საუკუნეების დამწერლობის ძეგლებს უწოდებენ ძველთაძველ არამეულს. ძვ.წ. VII საუკუნის დასასრულისა და ძვ.წ VI საუკუნის დასაწყისისათვის იგი გამოიყენება როგორც Lingua-franca ახალასირიულ და ახალბაბილონურ სახელმწიფოებში. ძვ.წ VI-IV საუკუნეების სპარსეთის იმპერიის ოფიციალურ ენად მიჩნეულია იმპერიული არამეული. მისი ძეგლები ცნობილია მთელ ახლო აღმოსავლეთში ავღანეთიდან ეგვიპტემდე. მაგალითად, ელეფანტინას (კუნძული საბერძნეთში) პაპირუსების არქივი.

ძველიარამეული ტექსტების საწერად გამოიყენებოდა არამეული დამწერლობა, რომელიც მომდინარეობდა ფინიკიური დამწერლობისგან.

შუაარამეული პერიოდი რედაქტირება

ახ.წ. II საუკუნეში წარმოიქმნება ახალი ლიტერატურული შუაარამეული ენები, რომელებიც დაფუძნებულია იმ დროისთვის სალაპარაკო არამეულ ენებზე. მათი აღორძინება მიმდინარეობდა პირველ ათასწლეულში, ხოლო მათი შევიწროება გამოიწვია არაბულმა დაპყრობებმა და ზოგადად არამეული ენების განდევნამ არაბულის მიერ VII-IX საუკუნეებში. ამ პერიოდში დაუბრკოლებლად შეინიშნება არამეული ენების ორ - აღმოსავლურ და დასავლურ ჯგუფებად დაყოფა.

ყველაზე ცნობილი აღმოსავლურ-არამეული ენები, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიასა და მესოპოტამიაში:

ყველა შუაარამეული ენებში იყენებდნენ 22 სიმბოლოიან ანბანს. სირიულს და მანდეურს ჰქონდათ განსაკუთრებული გრაფიკული მოხაზულობა. ბაბილონური იუდეური არამეული იყენებდა ე.წ. კვადრატულ შრიფტს, რომელიც წარმოიქმნა ძველარამეული კურსივიდან (დახრილი შრიფტი). ქრისტიანული პალესტინური არამეული ენა იყენებდა სირიულ დამწერლობას. სამარიტიული პალესტინური არამეული ჩაწერილია პალეოებრაული კურსივით. არაბების მოსვლასთან ერთად იწყება არამეულის დაჩრდილვა. მიუხედავად ამისა მთელი შუა საუკუნეების მანძილზე არამეული გამოიყენებოდა ბევრგან: სირიის, ლიბანისა და ერაყის ტერიტორიაზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მთელი შუა საუკუნეებიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე არამეული ენის ებრაულ დიალექტზე იქმნებოდა და იქმნება ფართო რელიგიური ლიტერატურა. მათ შორის გალახალური (ტორაში, თალმუდში და სხვა მსგავს ნაშრომებში მოყვანილი კანონების ერთობლიობა) ნაშრომების დიდი ნაწილი. რამდენადაც ასეთი ნაშრომები განკუთვნილია შედარებით ვიწრო წრისთვის, მათთვის ვინც მიიღო კულტის მსახურების შესაფერისი განათლება, არამეული ენის სოციალური სტატუსი ძალიან მაღალია ებრაული ორთოდოქსული გაერთიანებებისთვის.

ახალარამეული ენები რედაქტირება

ახალარამეულ პერიოდში შემორჩენილია არამეული ენების დაყოფა აღმოსავლურ და დასავლურ ჯგუფებად.

დასავლეთის ჯგუფში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ენა.

  • დასავლეთის არამეული ენა - გავრცელებულია ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის სირიის სამ სოფელში დამასკოს ჩრდილოეთით. სამივეგან არსებობს სხვადასხვა დიალექტი, ეს დიალექტებია მალულა, ბახა და ჯუბადინი. ამ ენაზე მეტყველებს ორი ათასამდე ადამიანი.

აღმოსავლური ჯგუფი წარმოდგენილია ახალარამეული ენების დიდი რიცხვით, რომლებიც გავრცელებული იყო XX საუკუნის დასაწყისში ოსმალეთისა და ირანის იმპერიების ფარგლებში, ძირითადად ქურთულ ენაზე მოლაპარაკეთა შორის: დღევანდელი თურქეთის ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ერაყის ჩრდილოეთში, ირანის ჩრდილო-დასავლეთში და სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ცალკეული ჯგუფები სახლობენ ქურთისტანის მოშორებითაც, კერძოდ, სომხეთის აღმოსავლეთ ნაწილში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ხუზისტანში და ერაყის სამხრეთში. აღმოსავლურ ახალარამეულ ენებეზე მოსაუბრეები გამოირჩევიან იმით, რომ მიეკუთვნებიან ახლო აღმოსავლეთის რელიგიურ უმცირესობებს - ქრისტიანებს, იუდეველებს და მანდეელებს. მეოცე საუკუნეში აღმოსავლურ ახალარამეულ ენებზე მოსაუბრეების დიდი ნაწილი ან განადგურდა, ან იძულებული გახდა წასულიყო ემიგრაციაში, უმეტესად ევროპაში (შვეიცარია, გერმანია), აშშ-ში და რუსეთში (მათ შორის კავკასიაში). ახალარამეულ ენებზე მოსაუბრეთა რიცხვი XX საუკუნისთვის ოთხასი ათასი იყო. აღმოსავლეთ არამეული ენების საერთო რიცხვი უცნობია. ისინი იყოფა სამ ქვეჯგუფად:

  • ტუორიოს ენა და მისი მსგავსი დიალექტი - მლახსო - თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში (მარდინის პროვინციის მთიან რეგიონ ტურ-აბდინში), რომელზეც ლაპარაკობს 70 ათასი ადამიანი (მათი უმეტესობა ცხოვრობს ტურ-აბდინის გარეთ, ახლო აღმოსავლეთის, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში);
  • ახალარამეული ენა - მანდეების სალაპარაკო ენა. შემორჩენილია რამდენიმე ათეული ამ ენაზე მოსაუბრე ადამიანი ქალაქ ახვაზში (ირანული ხუზისტანი), ასევე ერაყის სამხრეთში;
  • ჩრდილო-აღმოსავლური არამეული ენები - მოიცავს ათეულობით ენას, ამ ენებზე მოსაუბრეები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ვერ უგებენ. ამ ენების რიცხვი შემცირდა XX საუკუნეში, გენოციდისა და ამ ენებზე მოსაუბრე ადამიანების მასობრივი მიგრაციის გამო. ამ ენებიდან ერთ-ერთზე - ურმიულ ახალარამეულზე - XIX საუკუნეში შეიქმნა თანამედროვე ასირიული (ახალსირიული) ლიტერატურული ენა კალსიკური სირიული ენის ლექსიკის გამოყენებით. ის გახდა სალიტერატურო ენა აღმოსავლეთარამეულ ენაზე მოსაუბრეთათვის (სარგებლობს სირიული დამწერლობით).

ტიპოლოგიური დახასიათება რედაქტირება

არამეული ენების პრობლემა ის არის, რომ ბევრი არამეული ტექსტია შემორჩენილი, მაგრამ ყველა მათგანი საკმაოდ მოკლეა. მოკლე ტექსტები გვაძლევს საშუალებას ენის იდენტიფიცირებისა, მისი ფონეტიკის შესწავლისა და გარკვეულწილად ფორბოლოგიისაც, მაგრამ, რაც შეეხება სინტაქსსა და სიტყვების მარაგას, ისინი ნაკლებად პროდიქტიულები არიან. მართლაც ფართო და მდიდარი ლიტერატურა წარმოდგენილია ან იუდეურ-არამეულ ენაზე (დანიელის წიგნების ნახევარი და ეზდრას წიგნები ძველი აღთქმიდან, ორივე თალმუდი, ისინი დაწერილია სხვადასხვა დიალექტზე, ასევე წიგნი ზოარი, რომელიც დათარიღებულია უფრო გვიანი ეპოქით, თარგუმი და რავინისტული ლიტერატურა, რომელიც განაგრძობს გაფართოებას), ან სირიულ (ახალი და ძველი აღთქმის, ბიბლიის, ქრისტიანული ლიტერატურის დიდი ნაწილის, ისტორიული ქრონიკებისა და პოეზიის ნიმუშების თარგმანები) ენებზე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Beyer, Klaus (1986). The Aramaic language: its distribution and subdivisions. Vandenhoeck und Ruprecht. ISBN 3-525-53573-2. 
  • Casey, Maurice (1998). Aramaic sources of Mark's Gospel. Cambridge University Press. ISBN 0-521-63314-1. 
  • „Aramaic“. The Eerdmans Bible Dictionary. Grand Rapids, Michigan, USA: William B Eerdmans. 1975. ISBN 0-8028-2402-1.
  • Frank, Yitzchak (2003). Grammar for Gemara & Targum Onkelos, (expanded edition), Feldheim Publishers / Ariel Institute. ISBN 1-58330-606-4. 

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება