ანტონ შალიკაშვილი

რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შალიკაშვილი.

ანტონ სტეფანეს ძე შალიკაშვილი (ჩალიკოვი) (რუს. Антон Чаликов; დ. 10 ივლისი, 1754 — გ. 28 მარტი, 1821) — წარმოშობით ქართველი რუსი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1807).

ანტონ შალიკაშვილი (ჩალიკოვი)
დაბადების თარიღი 10 (21) ივლისი, 1754
გარდაცვალების თარიღი 28 მარტი, 1821
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
სამხედრო სამსახურის წლები 17741821
წოდება გენერალ-მაიორი,(რუსეთის იმპერია)
მეთაურობდა Life Guard Uhlan Regiment of Her Majesty
ბრძოლები/ომები
ჯილდოები
  • წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი
  • წმ. გიორგის-3 ხარისხის ორდენი
  • წმ. ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი
  • წმ. ანას 1-ლი ხარისხის ორდენი

ბიოგრაფია რედაქტირება

ანტონ ჩალიკოვი 1754 წლის 10 ივლისს დაიბადა. მისის წინაპარი, თავადი შალიკაშვილი წარმოშობით სამცხიდან ყოფილა და XVIII საუკუნეში რუსეთში წასულ ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსის ამალაში ირიცხებოდა.

ანტონმა სამხედრო სამსახური 1774 წლის 1 მარტს პრეობრაჟენსკის ლეიბ-გვარდიის ულანთა პოლკში დაიწყო. 1788 წლის 1 იანვარს გადაიყვანეს როტმისტრად ჩერნიგოვის კარაბინერთა პოლკში. 1790 წელს მაიორის წოდება მიანიჭეს. 1791 წლიდან კი პეტერბურგის დრაგუნთა პოლკში ირიცხებოდა.

ანტონ ჩალიკოვი იბრძოდა 1787-1791 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში, სადაც 1789 წლის 21 ივლისს ფოქშანთან ბრძოლაში დაიჭრა. ასევე მონაწილეობდა 1792 წლის რუსეთ-პოლონეთის ომში და 1794 წელს ტადეუშ კოსტიუშკოს აჯანყების ჩახშობაში.

1796 წელს გადაიყვანეს სუმის ჰუსართა პოლკში. 1798 წელს დააწინაურეს ვიცე-პოლკოვნიკად.

ნაპოლეონის ომებში ანტონი 1799 წელს ჩაერთო, როცა შვეიცარიაში, გენერალ ალექსანდრე რიმსკი-კორსაკოვის კორპუსთან ერთად იღებდა მონაწილეობას ლაშქრობაში. 1800 წლის 26 მარტს მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება. 1805 წელს აუსტერლიცის ბრძოლაში მარცხენა ფეხში დაიჭრა. მონაწილეობდა 1807 წელს ჰეილსბერგსა და ფრიდლანდთან ბრძოლებში, სადაც მეთაურობდა სამეფო ულანთა პოლკს. იმავე წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება.

1812 წლიდან მეთაურობდა გვარდიის მსუბუქი კავალერიის ბრიგადას და თავი გამოიჩინა ვიტებსკთან, სმოლენსკთან, ბოროდინოსთან, ლიუცენთან, მონტმირალთან, ლაიფციგთან და ევროპის ტერიტორიაზე გამართულ სხვა ბრძოლებში.

განსაკუთრებული სიმამაცისთვის დაჯილდოვდა წმ. ვლადიმერის მეორე ხარისხის, წმ. გიორგის მეოთხე (1808) და მესამე (1814) ხარისხის და წმ. ანას პირველი ხარისხის ორდენებით. ასევე, ოქროს ხმლით მამაცობისათვის (1905).[1] მას მიღებული აქვს უცხოური ორდენები: ავსტრიის ლეოპოლდ მეორის სახელობის, ბავარიის მაქსიმილიან იოსების, პრუსიის წითელი არწივის.[2]

ანტონ ჩალიკოვი 1817 წლის 7 დეკემბრამდე ულანთა პოლკს მეთაურობდა. 1818 წლის 17 ივლისს კი დაინიშნა გვარდიის მსუბუქი საკავალერიო დივიზიის მეთაურად, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.

გენერალ-მაიორი ანტონ შალიკაშვილი გარდაიცვალა 1821 წლის 28 მარტს. დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგთან ახლოს ერთ-ერთ მონასტერში, წმინდა სერგის სამების ლავრაში.

ცნობილი ინგლისელი მხატვრის ჯორჯ დოუს მიერ შესრულებული მისი პორტრეტი ინახება ზამთრის სასახლის ერთ-ერთ გალერეაში.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება