ანისის საამიროშუა საუკუნეების მუსლიმანური საამირო სამხრეთ კავკასიაში. მოიცავდა თანამედროვე სომხეთის ცენტრალურ და თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილს (ყარსის პროვინცია). დედაქალაქი ანისი. შეიქმნა 1072 წელს და იარსება 1199 წლამდე, იქამდე სანამ საქართველოს სამეფოს ფარგლებში მოექცეოდა. საამიროს ქურთული წარმომავლობის შედადიანთა დინასტიის ანისის განშტოების წარმომადგენლები მეთაურობდნენ, რომლებიც თავიდანვე სელჩუკთა სახელმწიფოს ვასალობას ცნობდნენ. საამიროზე გაბატონება ხშირად გამხდარა ქართულ-სელჩუკური კონფლიქტის მიზეზი.

ანისის საამირო

1072–1199
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
შადადიდების ანისის საამირო (1072–1174 წწ.)
დედაქალაქი ანისი
რელიგია ისლამი
მთავრობა საამირო
ისტორიული ერა შუა საუკუნეები
 -  შეიქმნა 1072
 -  საქართველოს სამეფოს მიერ ანისის დაპყრობა 1199

ისტორია რედაქტირება

1045 წელს ბიზანტიის იმპერიამ დაიპყრო ანისის სამეფო და მისი ტერიტორიები იბერიის თემს შეუერთა. ბიზანტია-სელჩუკების ომების შედეგად, 1064 წელს სელჩუკმა სულთანმა ალფ-არსლანმა (1063–1072) დაიპყრო ქ. ანისი. 1072 წელს, სელჩუკთა სულთანმა, მელიქ-შაჰმა (1072–1092) ანისი შედადიან ამირა მანუჩარს მიყიდა. მანუჩარის ახალი სამფლობელო ძირითადად ქრისტიანი სომხებით იყო დასახლებული. დედის ხაზით მანუჩარი სომეხი პრინცესას შვილი იყო და თავადაც სომეხი ბაგრატუნი (კატა) ჰყავდა ცოლად. გამომდინარე აქედან ის ლმობიერ პოლიტიკას ატარებდა ქრისტიანი ქვეშებვრდომების მიმართ. მან აღადგინდა და გააფართოვა ანისის კედელი და სიცოცხლის ბოლომდე მელიქ-შაჰის ვასალობას სცნობდა, მაგრამ მელიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ, 1092 წელს სხვადასხვა თურქმანულმა ამირებმა დაიწყეს საამიროს მიწების დარბევა, მათ შორის იყო ართუქიდი ილღაზი (1115–1122), რომელიც 7 000-იანი ლაშქრით შემოიჭრა საამიროს საზღვრებში. 1105 წელს საამიროში შემავალი ერთ-ერთი ქალაქი, ქ. დვინი ბილთისისა და არზანის მმართველმა, თუღან არსლან კუზიანმა (1104–1137) დაიპყრო.

1118 წელს, მანუჩარის გარდაცვალების შემდეგ, მისი ვაჟი აბულ-ასვარი საკუთარი არა-მუსლიმი ქვეშევრდომების მიმართ აგრესიულ პოლიტიკის გატარებას იწყებს. ის ავიწროვებდა და უდიერად ეპყრობოდა მათ რელიგიურ რწმენას. სომეხი მემატიანე ვარდან არაველი აბულ-ასვარს ქრისტიანთა მოძულესაც უწოდებს. გარდა ამისა, ის თურქი ამირებისგან მომდინარე საფრთხის აღსაკვეთად მზად იყო ანისი კარის ამირასთვის 60 000 დინარად მიეყიდა. ყოველივე ამან განაპირობა ანისის მოსახლეობის უკმაყოფილება, რომლებმაც ამირის ქალაქიდან გაძევების მიზნით საქართველოს მეფეს, დავით IV აღმაშენებელს (1089–1125) მიმართეს თხოვნით. 1124 წელს დავითმა უბრძოლველად დაიკავა ანისი, დაატყვევა აბულ-ასვარი და მისი ვაჟები, ხოლო ქალაქის ახალ მმართველად კახელი დიდგვაროვანი აბულეთი დანიშნა.

1125 წელს დავითის გარდაცვალების შემდეგ, ანისი აბულ-ასვარის ვაჟმა ფადლონმა აღიდგინა. ფადლონმა სელჩუკთა სულთანის მაჰმუდსა (1118–1131) და თოღრულ II-ს (1132–1135) შორის დაპირისპირებით ისარგებლა და დაიკავა ქ. განძა და დვინი, ეს უკანასკნელი მან თუღან არსლანისგან დაიპყრო, რომელიც შემდეგ 1130 წელს თუღან არსლანის ვაჟმა კურდიმ (1138–1146) დაიბრუნა. 1130 წელს აბულ-ასვარი მისმა ნათესავმა მოკლა, რის შემდეგაც საამიროს ეტაპობრივად მისი ორი ძმა, მუჰამედი და შემდეგ ხუშჩიკრი მმართავდა, რომლებიც აქამდე საქართველოს სამეფოში ტყვეობაში იმყოფებოდნენ, თუმცა განთავისუფლებული იქნენ დემეტრე I-ის (1125–1156) მიერ. მოგვიანებით მაჰმუდი ფახრ ალ-დინმა ჩაანაცვლა.

ფახრ ალ-დინმა არზრუმის სალთუკიდი ამირას სალდუხ II-ის (1132–1168) ქალიშვილის ხელი ითხოვა, თუმცა სალდუხმა უარით გაისტუმრა ის. განრიხსებული ფახრ ალ-დინი შურისძიების მიზნით დემეტრეს დაუკავშირდა და მასთან სალდუხის წინააღმდეგ შეთქმულება დაგეგმა. რომლის მიხედვითაც ფახრ ალ-დინი ნაცვლად ქართველთაგან მომავალი საფრთხის აღკვეთისა სალდუხს ვასალობას და ხარკის გადახდას ჰპირდებოდა. 1153-1154 წლებში სალდუხი ანისისაკენ დაიძრა რათა ანისის ამირისგან მორჩილება მიეღო, მაგრამ ნაცვლად ამისა მას ქართველებთან მოუწია დაპირისპირება, რის შედეგადაც ის დემეტრეს ტყვეობაში აღმოჩნდა. დემეტრემ სალდუხი მეზობელი ამირების მოთხოვნით, სალდუხი 100 000 დინარის სანაცვლოდ გაათავისუფლა, იმ პირობით თუ ის ფიცს დადებდა რომ სიცოცხლის ბოლომდე არ ჩაებმებოდა ქართველების წინააღმდეგ განხორციელბულ ბრძოლებში.

1156 წელს აჯანყდა ანისის ქრისტიანული მოსახლეობა, რომლებმაც ქალაქი ფახრ ალ-დინის ძმას, ფადლონს გადასცეს, თუმცა ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო მოსახლეობის დაკმაყოფილება, რის შემდეგაც მოსახლეობამ ქალაქი გიორგი III-ს (1156–1184) შესთავაზა. 1161 წელს გიორგიმ ანისი დაიკავა და ფადლონი ტყვედ წაიყვანა, ხოლო ქალაქის სამართავად სადუნი დანიშნა. სადუნმა ანისის კედლების გამაგრებას შეუდგა, რაზეც განრისხდა გიორგი და მისი დასჯა მოისურვა. სადუნმა დახმარება აზერბაიჯანის ათაბაგებისგან ითხოვა. მაგრამ ის შაქის ერისთავმა დაატყვევა, და გიორგის მიერ 4 000 „სპარსელთან“ ერთად იქნა მოკლული. გიორგიმ ანისის ახალ გამგებლად ივანე ორბელი დანიშნა "თანაშემწეობითა სარგის მხარგრძელისათა".

1161 წლის ივლისის თვეში შაჰ-არმენი, არზრუმის ამირა სალდუხი, ფახრ ალ-დინი (დავლთ-შაჰი), არზენის ლორდი, სურმარის და კარის ლორდი მდ. არაქსთან შეიკრიბა, მათკენ გამოემართა არუქიდი ნაჯმ ალ-დინი (1152–1176) საკუთარი ლაშქარით, მოკავშირეებმა აგვისტოში ანისი ალყაში მოაქციეს. სალდუხმა როდესაც შეიტყო გიორგის გამოჩენის შესახებ, ბრძოლის ველი დატოვა, რადგან გაახსენდა ფიცი რომელიც ქართველ მონარქებთან ჰქონდა დადებული. მუსლიმანური კოალიცია სასტიკად დამარცხა. 9 000 მუსლიმი ტყვედ ჩავარდა. მანასკერტში მყოფი ნაჯმ ალ-დინმა როცა შეიტყო მოკავშირეების დამარცხების შესახებ მიაფარიქინში გაბრუნდა. 1162 წელს ქართველებმა დვინი გაძარცვეს, რომელიც ამ დროისთვის ბილთისისა და არზენის მმართველს ეკუთვნოდა, მოკლეს ამირა კურდი და დალაშქრეს განძა.

1163 წლის, 13 ივლისს შაჰ-არმენი, სელჩუკი სულთანი არსლან-შაჰი (1160–1176), აზერბაიჯანის ათაბაგი შამს ალ-დინ ილდეღიზიდი (დაახლ. 1175–1176) და არზენის ლორდის ფახრ ალ-დინის გაერთიანებულმა ლაშქარმა გიორგი გერგერთან (ლორე) ბრძოლაში დაამარცხეს. 1164 წელს ქართველებმა მიატოვეს ანისი და ის სელჩუკთა სულთანს ჩააბარეს. ილდეღიზმა ის ფადლონის ძმას შაჰანშას ჩააბარა. მას შემდეგ ქალაქს შედადიენბი ათი წლის განმავლობაში მმართავდნენ.

1174 წელს გიორგიმ აიღო ანისი, დაატყვევა ანისის ამირა და ქალაქი სამეფო დომენს შემოუერთა, გამგებლად კი ივანე ორბელი დანიშნა. 1174-1175 წლებში ილდიღუზი ათაბაგი და სულთანი არსლან-შაჰი ისევ დაიძრა ანისზე. მათ მთელი შირაქის ველი მოარბიეს და ივანე ამირსპასალარს ანისის დატოვება მოსთხოვეს, რაზეც ორბელმა კატეგორიული უარი განაცხადა და მეფის მოსვლამდე ქალაქი შეინარჩუნდა. როდესაც დამხმარე ძალა მოვიდა, ქართველებმა დაამარცხეს და უკუაქციეს თურქები. ანისი შემდეგაც დაილაშქრა თურქ-სელჩუკთა მიერ და დიდი ხნის განმავლობაში რეგიონში დომინირება ხელიდან ხელში გადადიოდა. საბოლოოდ ანისის საამირო 1199 წელს თამარ მეფის (1184–1213) მმართველობის დროს, ზაქარია და ივანე მხარგრძელის მეთაურობით, ქართველთა ლაშქრის მიერ ანისის დაპყრობის შედეგად გაუქმდა. თამარის გადაწყვეტილებით ანისი მხარგრძელების ხელში გადავიდა.[1][2]

კულტურა და ეკონომიკა რედაქტირება

1001 ეკლესიის ქალაქი“ ანისი განთქმული იყო თავისი სიმდიდრით, სადაც აბრეშუმის გზის ერთ-ერთი განშტოება მიედინებოდა. მიუხედავად ქალაქის სიმდიდრისა და მისი კოსმოპოლიტური ხასიათისა, შედადიენებმა, განსხვავებით მათი განძელი წინამორბედებისა, ვერ მოახერხეს მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. პირველი და უკანასკნელი ამირა, რომელმაც სპილენძის მონეტა მოჭრა იყო მანუჩარი. გარდა მანუჩარის მფარველობაში მყოფი ასადი ტუსისა, საამიროში არ მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი კულტურული აღმავლობაც. შედადიანთა მმართველობის დროს ანისში დაიბადა და მოღვაწეობდა სპარსელი პოეტი ბორჰან ალ-დინ ანავი.

ამირების სია რედაქტირება

სახელი მმართველობის წლები
მანუჩარ იბნ შავურ I 1072–1118
აბულ-ასვარ შავურ II 1118–1124
ქართული ოკუპაცია
ფადლონ III (IV) იბნ შავური 1125–?
მაჰმუდი ?–1131
ხუშჩიკრი 1131–?
ფახრ ალ-დინ შედადი ?–1155
ფადლონ IV (V) 1155–1161
ქართული ოკუპაცია
შაჰინშაჰი 1164–1174
ქართული ოკუპაცია
სულთან იბნ მაჰმუდი ? ?–1199
ქართული ოკუპაცია

გენეალოგია რედაქტირება


იხილიეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Peacock, Andrew (2011) „Shaddadids“, Encyclopædia Iranica Online. ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2020. 
  2. Lordkipanidze, Mariam (1987). Georgia in the XI-XII Centuries. Tbilisi: Genatleba, გვ. 150.