ალექსანდრე ჩხეიძე

ალექსანდრე ჩხეიძე (დ. 1873 — გ. 1941) — ქართველი გენერალი. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. მსახურობდა პოლონეთსა და საქართველოში. ალექსანდრე ჩხეიძე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სკოლის უფროსის მოადგილე, შემდგომში - უფროსი. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომში პოლკოვნიკი ჩხეიძე სარდლობდა კოჯორ-ტაბახმელის ფრონტის სექტორს, მათ შორის - იუნკრების დანაყოფს.[1]

ალექსანდრე ჩხეიძე
დაბადების თარიღი 5 ივლისი, 1873
დაბადების ადგილი ქუთაისის გუბერნია
გარდაცვალების თარიღი 1941
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
კუთვნილება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
პოლონეთის დროშა პოლონეთი
ჯარის სახეობა ქვეითი ჯარი
წოდება გენერალი
მეთაურობდა Tiflis Mikhailovskoe infantry school
ბრძოლები/ომები 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი
პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი
ჯილდოები წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი და Medal "In memory of the 300th anniversary of Romanov dynasty"

კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლების დროს პოლკოვნიკმა ჩხეიძემ წარმოთქვა საქართველოს სამხედრო ისტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიტყვა.[1]

1922 წლიდან, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მარშალ იუზეფ პილსუდსკის მიწვევით, არაერთ ქართველ ოფიცერთან ერთად შევიდა პოლონეთის რესპუბლიკის სამსახურში. სხვადასხვა დროს ასწავლიდა პოლონეთის სამხედრო სასწავლებლებში და მსახურობდა სხვადასხვა დანაყოფში. 1927-1931 წლებში მეთაურობდა პოზნანის მე-14 დივიზიას. პოლონეთის ჯარში სამსახურისას მიენიჭა გენერლის წოდება.[1]

1939 წელს, აღმოსავლეთ პოლონეთის წითელი არმიის მიერ ოკუპაციისას, საბჭოთა რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დააპატიმრეს, ბრალად წაუყენეს საქართველოს არმიის შემადგენლობაში ყოფნისას წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლა, ვარშავის ქართული კომიტეტის წევრობა და პოლონეთის არმიაში სამსახური. სიკვდილით დასაჯეს მოსკოვში, სავარაუდოდ, 1941 წლის ზამთარში.[1]

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ქუთაისის გუბერნიაში 1873 წლის 5 ივლისს. სამხედრო განათლება მიიღო თბილისის კადეტთა სასწავლებელში (დაასრულა 1892 წელს) და 1892-1893 წლებში სწავლობდა მოსკოვში, ალექსანდროვის მესამე სამხედრო სასწავლებელში. პორუჩიკის ჩინით დაინიშნა რუსეთის იმპერიის სამეგრელოს მე-16 ქვეით პოლკში. 1894 წლის 13 აპრილს დაინიშნა პოლკის დაზვერვის უფროსად. იყო კარგი მსროლელი და შეჯიბრებების მრავალგზის გამარჯვებული. 1897 წლის 5 მარტს პოლკის შეიარაღების უფროსი. 1908-1909 წლებში შტაბის კაპიტანი და თბილისის იუნკერთა სასწავლებლის უმცროსი ოფიცერი.

1915-1917 წლებში პოლკოვნიკის ჩინით იბრძოდა თბილისის მე-15-ე ქვეით პოლკში ჩრდილო-დასავლეთ ფრონტზე. მასწავლებლად იყო მივლინებული თბილისის სამხედრო სასწავლებლის პროპორშიკთა სკოლაში. 1917 წლის ნოემბრიდან მსახურობდა ამიერკავკასიის ფედერაციის არმიის ქართულ კორპუსში. ნაცვალთა (უნტერ ოფიცერთა) კურსების დამაარსებელი და მეთაური. 1918 წელს დაინიშნა ქართული სამხედრო სკოლის უფროსის თანაშემწედ. 1919 წელს ისლამისტების აჯანყების გამო სკოლის ოფიცრები გაიწვიეს ახალციხის ფრონტზე, ჩხეიძე ხდება ბორჯომის და შემდეგ ახალციხე-აწყურის ხაზის მეთაური.

1919 წელს სამხედრო სკოლის უფროსად ინიშნება გენერალი გიორგი კვინიტაძე, ხოლო მის თანაშემწედ ჩხეიძე, რომელიც მართალია დაიწუნა მთავრობის კომისიამ, მაგრამ კვინიტაძის დაჟინებული მოთხოვნით შეინარჩუნა პოსტი. გარდა სხვა ამოცანებისა, ჩხეიძეს ებარა კადრების შერჩევა სკოლისთვის.

1920 წელს აქტიურად მონაწილეობდა კომუნისტების თავდასხმის მოგერიებაში სამხედრო სკოლაზე, შეტაკებაში პირადად მოკლა რამდენიმე თავდამსხმელი.

1920 წელს ალექსანდრე ჩხეიძე დაინიშნა რუსეთის წითელი არმიის შემოჭრილ დანაყოფებთან საბრძოლველად შექმნილ „სადახლოს საარმიო ჯგუფი“-ს უფროსად. სამხედრო სკოლის დანაყოფების გარდა მის განკარგულებაში გადავიდნენ 1-ლი ქვეითი, მე-7 და მე-5 ქვეითი ათასეულები, მაიორ მახარაძის ბატარეა, მაიორ იოსელიანის ბატარეა და ცხენოსანთა პოლკის ორი ესკადრონი მაიორ დოლიძის მეთაურობით. ჯგუფმა მიიღო გენერალ კვინიტაძის ბრძანება შემოევლო რუსების მარცხენა ფრთისთვის და მიეტანა იერიში ფლანგიდან, მაგრამ მთავრობის სამშვიდობო ინიციატივამ შეაჩერა დაწყებული მანევრი. ივლისში სკოლის პირადი შემადგენლობა თბილისში დაბრუნდა.

1920 წელს სამხედრო სკოლის დანაყოფებმა ჩხეიძის მეთაურობით ალყაში მოაქციეს კომუნისტების აგიტაციის გამო აჯანყებული, ლაგოდეხში მდგარი მე-6 ათასეულის ცალკეული დანაყოფები და აიძულეს მათ იარაღის დაყრა, აგიტატორები კი დააპატიმრეს.

1921 წელს სკოლის პირადი შემადგენლობა (120 იუნკერი და 350 კაცი ნაცვალი, არტილერისტი და კავალერია) სკოლის უფროს ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით რუსთაველის პროსპექტის გავლით დაიძრა კოჯორ-ტაბახმელას მიმართულებით რუსეთის წითელ არმიასთან საბრძოლველად. გენერალი იგონებდა:

 
„მე რამდენიმეჯერ თვალი გადავავლე იუნკრებს, მივაცქერდი მათ სახეებს: გამომეტყველება ჰქონდათ ღრმა და დინჯი. მათი გულისყური შეეპყრო ერთ საგანს. ყველა გრძნობდა, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ჩვეულებრივი ბრძოლა, არამედ ბრძოლა სამკვდრო-სასიცოცხლო. სამხედრო სკოლის განწყობილება ჰგავდა იმ კაცის განწყობილებას, რომელმაც გადაწყვიტა იაფად არ გაყიდოს თავისი სიცოცხლე...“

1921 წელს სამხედრო სკოლის დანაყოფებმა ჩხეიძის მეთაურობით მოიგერიეს წითელი არმიის მრავალგზის აღმატებული ნაწილების ყველა შეტევა. კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი გენერალი ანდრონიკაშვილი აპირებდა უკან დახევას, მაგრამ ჩხეიძემ გადააფიქრებინა და შეინარჩუნა ყველა პოზიცია.

1921 წლიდან ემიგრაციაშია, ცხოვრობდა თურქეთში, ქალაქ სტამბოლში. 1922 წელს გადავიდა პოლონეთში. 1922- 1923 წლებში ასწავლიდა პოლკის მეთაურთა კურსებზე პოლონეთის სამხედრო სასწავლებელში. სამხედრო სკოლაში კურირებდა ქართველ ოფიცრებს. 1924-1926 წლებში სამხედრო სკოლის და 16-ე ქვეითი დივიზიის ინსტრუქტორი.

1927-1931 წლებში პოზნანის მე-14 ქვეითი დივიზიის მეთაური. კონტრაქტის დასრულებამდე (31.08.1931) იმყოფებოდა მე-7-ე კორპუსის შტაბის განკარგულებაში. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ცხოვრობდა ქალაქ ლვოვში. 1939 წელს წითელი არმიის მიერ პოლონეთის ოკუპაციის დროს დააპატიმრა ნკვდ-მ როგორც „ხალხის მტერი“. იმყოფებოდა ლვოვის ციხეში.

1940 წელს გადაიყვანეს კიევის ციხეში და წაუყენეს შემდეგი ბრალდება: „საქართველოს არმიაში სამსახური, წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლა, ვარშავის ქართული კომიტეტის წევრობა და პოლონეთის არმიაში სამსახური“. ამავე წლის 16 დეკემბერს გადაიწყვანეს მოსკოვში.

დახვრიტეს სავარაუდოდ 1941 წლის ზამთარში.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება