ალენუშ ტერიანი (ინგლ. Alenush Terian, სომხ. Ալենուշ Տէրեան 1920 - 2011 წწ. ) — სომხური წარმოშობის ირანელი მეცნიერი, ასტრონომი და ფიზიკოსი; მას უწოდებენ თანამედროვე ირანული ასტრონომიის დედას.

ალენუშ ტერიანი
სომხ. Ալենուշ Տէրեան
სპარს. آلنوش طریان
დაბ. თარიღი 9 ნოემბერი, 1920(1920-11-09)[1]
დაბ. ადგილი თეირანი[1]
გარდ. თარიღი 4 მარტი, 2011(2011-03-04)[2] (90 წლის)
გარდ. ადგილი თეირანი
დასაფლავებულია დულაბის სასაფლაო
მოქალაქეობა  ირანი
საქმიანობა ფიზიკოსი და ასტრონომი
მუშაობის ადგილი თეირანის უნივერსიტეტი[1]
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი[1] და თეირანის უნივერსიტეტი[1]
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერების დოქტორი[1] [3]
მამა Arto Terian[1]
დედა Varto Terian

ბიოგრაფია რედაქტირება

ალენუშ ტერიანი დაიბადა 1920 წლის 9 ნოემბერს თეირანში, სომხურ ოჯახში. მისი მამა, არტო — რეჟისორი, პოეტი და მთარგმნელი, უფრო ცნობილი იყო კრიპტონიმით Arizad ; დედა ვართო — თეატრის მსახიობი და რეჟისორი.

მომავალმა მეცნიერმა 1947 წელს დაამთავრა თეირანის უნივერსიტეტის მეცნიერებათა ფაკულტეტი, სადაც დაიწყო თავისი კარიერა ფიზიკის ლაბორატორიაში და მალევე გახდა ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ალენუშ ტერიანმა საფრანგეთში სწავლის გაგრძელების მიზნით განაცხადი გააკეთა სტიპენდიის მოსაპოვებლად, მაგრამ თეირანის უნივერსიტეტის პროფესორმა მაჰმუდ ჰესაბიმ ხელი არ მოაწერა მას, რადგან მიიჩნია, რომ მიღებული განათლება საკმარისი იყო ირანელი ქალისთვის. თუმცა ალენუშმა მამის ფინანსური მხარდაჭერით, მაინც მოახერხა სასწავლებლად საფრანგეთში გამგზავრება, სადაც 1956 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ატმოსფეროს ფიზიკაში სორბონის უნივერსიტეტში (ახლანდელი პარიზის უნივერსიტეტი ). ირანში დაბრუნების შემდეგ იგი გახდა თეირანის უნივერსიტეტის თერმოდინამიკის ასისტენტ პროფესორი. მოგვიანებით მუშაობდა მზის ფიზიკის დარგში დასავლეთ გერმანიაში ოთხი თვის განმავლობაში გერმანიის მთავრობის მიერ თეირანის უნივერსიტეტისთვის მინიჭებული სტიპენდიით. 1964 წელს ალენუშ ტერიანი გახდა ფიზიკის პირველი პროფესორი ქალი ირანში.

1966 წელს ტერიანი გახდა თეირანის უნივერსიტეტის გეოფიზიკის კომიტეტის წევრი. 1969 წელს აირჩიეს ამავე უნივერსიტეტის მზის ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელად და დაიწყო მუშაობა მზის ობსერვატორიაში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც თავად იყო.

იგი პენსიაზე გავიდა 1979 წელს და ცხოვრობდა თეირანში. პროფესორ ალენუშ ტერიანის 90 წლის იუბილეს აღნიშვნაში არაერთი ირანელი პარლამენტარი და 100 -მდე ირანელი სომეხი მონაწილეობდა.

იგი გარდაიცვალა 2011 წლის 4 მარტს თეირანში მოხუცთა თავშესაფარში. დაკრძალეს ირანელი ქრისტიანების სასაფლაოზე თეირანში.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 https://iranwire.com/en/features/69285/
  2. http://www.armenianweekly.com/2011/03/05/terian-passes-away
  3. https://www.bbc.com/persian/iran/2011/03/110307_l03_terian_dies